გახმაურებული ვიდეოს მონაწილე ერთ-ერთი მოძალადე ბავშვის ოჯახმა საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალა გახმაურებული ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში იყო გადაღებული. ვიდეოში ასახული მსხვერპლიც და მოძალადეებიც გარდაბნის პირველი სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ.
სკოლის დირექციას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა მიმართეს, გარიცხოს სკოლიდან მოძალადეები. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ბავშვის ოჯახმა საცხოვრებელი სახლიც შეიცვალა...
სკოლასთან მშობლების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ სკოლიდან გარიცხონ ის სამი მოსწავლე, რომლებმაც მე-7 კლასელ მოზარდზე იძალადეს და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს.
როგორც დაზარალებულის დედა აცხადებს, მისი შვილი არის ნაცემი და ვიდეოში რასაც ამბობს, ეს ძალდატანებით მოხდა.
"პოლიციამ თვითონ მომმართა, თბილისში ვიყავით წასულები. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვხედავ. ნაცემია ბავშვი, აიძულეს ასეთი სიტყვები ელაპარაკა და მერე აგრძელებდნენ მის ცემას,"- აცხადებს ძალადობის მსხვერპლის მშობელი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, მშობლების მოთხოვნაა, რომ ვიდეოს გადამღები მოზარდები სკოლიდან გარიცხონ.
"მოვითხოვთ იმას, რომ ეს ბავშვები არ უნდა იყვნენ აქ. დღეს დადიან სკოლაში, ვითომ არაფერი დაუშავებიათ. ალბათ არც მშობლებზე იმოქმედა ამ ყველაფერმა და არც არიგებენ, რომ ეს არ უნდა ჩაიდინონ. დირექტორი არ მოსულა, არ გასაუბრებია ოჯახს,"- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
დაწვრილებით იხილეთ ვიდეოში.