ვისაც სიმართლე აინტერესებს, მომისმინოს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე იაშვილის საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი პაციენტის ბიძის ინფორმაციით, იაშვილის კლინიკაში ერთი თვის გოგონას ოპერაცია გაუკეთეს, როს დროსაც ექიმებს მუცლის ღრუში დოლბანდი ჩარჩათ (ამის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში: ("უმწეო ბავშვს ოპერაციის დროს მუცლის ღრუში დოლბანდი ჩაუტოვეს" - კიდევ ერთი სკანდალური შემთხვევა ბავშვთა კლინიკიდან)
გთავაზობთ მის ქეთი ლობჟანიძის სტატუსს:
"იაშვილის კლინიკაზე მორიგი პასკვილი გამოაცხო სკანდალზე მონადირე მედიამ!
ბედნიერ ერსაც მეტი რა უნდოდა, აიგდო და ლაფში ამოავლო საქართველოში შემორჩენილი რამდენიმე კარგი ექიმი. ექსპერტებივით იმეორებენ ბავშვის ბიძის მონაჩმახ ტყუილს, როგორ "გაუფუჭა ღვიძლი" ქირურგმა მუცელში ჩარჩენილი კომპრესით...
ვისაც სიმართლე აინტერესებს, მომისმინოს:
ბავშვი დაიბადა სანაღვლე გზების ატრეზიით. დღეს თქვენ რომ ლანძღავთ, იმ ქირურგმა სიცოცხლე შეუნარჩუნა, სანამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. რომ არა იაშვილში ჩატარებული ის ოპერაცია, ნენე ცოცხალი არ იქნებოდა!
უბრალოდ ფულის შოვნის საბაბს ხელიდან არ უშვებს ბიძა, რომელიც ერთხელ არ ჩამოსულა ნენეს სანახავად და დაეხმარეთ თქვენც ექიმის და კარგი საავადმყოფოს გაშავებაში!
საერთოდ სამედიცინო შეცდომები ყველგან ხდება, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც, ემართებათ საუკეთესო ექიმებსაც, მისგან დაზღვეულია მხოლოდ არაპრაქტიკოსი ექიმი!
სამედიცინო შეცდომები არსებობს ორი სახის:
1. როცა შედეგად დადგა ცუდი გამოსავალი, რაიმე გართულდა ან სიკვდილი გამოიწვია, რაც დასჯადია;
2.გამოსავლის გარეშე, არადასჯადი, რასაც ადგილი ქონდა ნენეს შემთხვევაში.
აქ ოპერაციის დასაწყისში და ბოლოში ითვლიან კომპრესებს, დიდია მათი ჩარჩენის რისკი. ცუდია, რომ იაშვილის ქირურგებს (უფრო ზუსტად ექთანს, ვინც ითვლის ხოლმე) სათვლავი აერიათ, ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ნენეს ღვიძლი მუცელში ჩარჩენილ კომპრესს არ დაუზიანებია, თავიდანვე პათოლოგიური იყო. იმ ოპერაციამ გაუხანგრძლივა სიცოცხლე ტრანსპლანტაციამდე.
ნენეს ოჯახისგან მადლობა ეკუთვნის იაშვილის საავადმყოფოს და იმ ქირურგს, რომლს გვარიც არ ვიცი, ანუ არ ვიცავ, უსამართლობას ვერ ვიტან!
ექიმების დაბულინგებით იმ ტოტს ჭრით, რომელზეც ზიხართ! ისევ ბრიჯიტ მაკრონის უკანალზე წერეთ, ამას მაინც არ ედარდება თქვენი აზრი, ახალგაზრდა პრეზიდენტი ქმარი ყავს და უდიდესი ქვეყნის პირველი ლედია, ოღონდ ნუ გაუხეთქავთ გულებს იაშვილის ექიმებს, არ იმსახურებენ!"