"ჯერ მეეზოვე ვიყავი, ჩემდეგ - დამლაგებელი... მერე კი ემიგრაციაში მოვხვდი..."
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ირმა შუშანაშვილი საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა (იხილეთ პოსტი), ემიგრანტი ქალის ტკივილი უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან ახლოს. როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში ქალბატონი ირმა აღნიშნავს, ის ორი წელია საბერძნეთში ემიგრანტად იმყოფება.
- 28 წლის ვარ და 2 წელია ემიგრაციაში ვარ საბერძნეთში. ორი შვილი მყავს: 4 წლის ბიჭი და 9 წლის გოგო. ბავშვებს ბებია ზრდის. ძალიან ბევრგან ვცადე მენახა სამსახური და მემუშავა. ანაზღაურებას დიდად არ ვუყურებდი, თუ, რა თქმა უნდა, ხელფასი, მხოლოდ გზის ხარჯებისთვის არ იყო საკმარისი.
ბუღალტერ-ეკონომისტი ვარ, დავამთავრე თბილისის ეკონომიკის და სამართლის სახელმწიფო კოლეჯი, რის შემდეგაც გავიარე 6-თვიანი გადამზადების სრული კურსი, კომპიუტერული ბუღალტერია. ალბათ იმის თქმა საჭირო არ არის, რომ თუ საქართველოში ფულიანი მამა, ან მინიმუმ ბიძა არ გყავს, სამსახურის შოვნა არც ისე ადვილია, მით უმეტეს ჩემი პროფესიით, ყველგან სტაჟს ითხოვდნენ. საიდან გექნება სტაჟი, როცა სწავლას ამთავრებ? ლოგიკას მოკლებულია ეს ყოველივე. ასე გავხდი ჯერ მეეზოვე, ჩემდეგ - დამლაგებელი, შემდეგ კი... რა ერქვა ბოლო სამსახურს, სახელს ვერ ვარქმევ, საიდანაც უკვე ემიგრაციაში მოვხვდი...
- ისე გავხდი ემიგრანტი, მართლაც რომ აზრზე ვერ მოვედი. ყველაფერი ისე უცებ მოხდა. მოგეხსენებათ, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, ბანკის ვალი არ ჰქონდეს, არც ჩემი ოჯახი ყოფილა გამონაკლისი... პარასკევს შევიტანე საელჩოში საბუთები, ორშაბათს ვიზა ავიღე და ითხშაბათს დილით საბერძნეთში წამოვედი... ის ღამე არ მძინებია, არ ვიცოდი, სად მივდიოდი და არც ასეთი რთული მეგონა ყველაფერი... ბავშვებს არაფერი უთქვამთ. უფროსი გოგო 7 წლის იყო, კი ხვდებოდა, რომ ვტოვებდი, მაგრამ არ გამოხატავდა, პატარა 2 წლის იყო და ასაკიდან გამომდინარე, ვერც მიხვდა რატომ დაემშვიდობა დედას ავტობუსში ასვლამდე. მერე ფანჯარასთან მომიდგა, მამას ეჭირა ხელში, დაიძრა ავტობუსი და სანამ თვალს არ მიეფარა, მანამ მიქნევდა ხელს... მას მერე 2 წელია ყოველ საღამოს მიცდის და ძალიან ხშირად მსაყვედურობს, რომ არ მივდივარ.
- ეს ორი წელი ალბათ ორ საუკუნეზე დიდი იყო... გათენება გეზარება... თენდება - დაღამება გაშინებს, ყველაზე ცუდი ფერის ღამეები შემიძლია დავარქვა ემიგრანტი დედის ღამეებს. ხშირად მეუბნებოდა ჩემი ბიჭი, რომ თვითმფრინავში დამინახა, რამდენ თვითმფრინავსაც დაინახავდა, იდგა და სანამ თვალს არ მიეფარებოდა, იძახდა, იქ დედა ზის და ჩემთან მოდისო... ღამდებოდა, დედა კი არ ჩანდა.
ყველაზე მწარედ შარშანდელი 27 მაისის დილა მახსოვს, დილით ვურეკავდით ყოველთვის ერთმანეთს. იმ დილასაც დარეკა და მაშინ მითხრა, "დეე, იცი, მე შენ სიზმარში გნახე, თვითმფრინავში იჯექი ფანჯარასთან, მე დაგინახე ჩემთან მოდიოდი, ხო შენ იყავი?" წარმოგიდგენიათ, ამის მოსმენის შემდეგ როგორ ვიქნებოდი? დაბრუნებას მომდევნო თვეში ვაპირებ... ვბრუნდები მალე იმიტომ, რომ თავადაც ემიგრანტი დედის შვილი ვიყავი და ზუსტად ვიცი, როგორ ვჭირდები და ვაკლივარ ჩემს შვილებს. წლების წინ რასაც განვიცდიდი მე, იმას განიცდიან ჩემი შვილები ახლა, წლების წინ რასაც განიცდიდა დედაჩემი, იმას განვიცდი მე.
რუსკა კილასონია