"ბავშვობა სულ მენატრება..." მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბაადურ წულაძე ბათუმში 1935 წლის 5 მარტს დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
გადაღებული იყო 50-მდე ფილმში. მისი დებიუტი კინოში მიხეილ კობახიძის ფილმში „ქორწილი“ შედგა, რასაც მოჰყვა ფილმები „გიორგობისთვე“, „ცისკრის ზარები“, „არ დაიდარდო!“, „ფერისცვალება“, „ვერის უბნის მელოდიები“, „პეპელა“, „პირველი მერცხალი“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ფესვები“ და ა.შ.
1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი”, ანაპა (2005) - ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“.
1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც წლების წინ მსახიობმა და რეჟისორმა ჟურნალ "რეიტინგს" მისცა. ინტერვიუში ბაადურ წულაძე საკუთარ ბავშვობასა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს.
- ძალიან ცოტა ფილმი ვნახე, მაგრამ რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ასე არ არის. არ ვიცი, ჩემი ჩამორჩენილობისა თუ გემოვნების ბრალია, მაგრამ ამ ფილმებს რაღაც აკლია. თანამედროვე სიტყვა რომ ვთქვათ, "დრაივი". მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ უწინ ყველაფერი კარგი იყო და ახლა არა, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ქართულ კინოში ერთდროულად შემოვიდა უშველებელი ნაკადი ახალგაზრდა რეჟისორებისა, რომლებმაც, ფაქტობრივად, თანამედროვე ქართული კინო შექმნეს. მათ დამთავრებული ჰქონდათ მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, სადაც მსოფლიო დონის რეჟისორები ასწავლიდნენ. იმ მოსკოვიდან ჩამოსულმა რეჟისორების ნაკადმა პროფესია იცოდა. ჩვენ ყველა ვფლობდით პროფესიას, რომელიც ინსტიტუტმა მოგვცა. ვფიქრობ, რომ დღეს ახალგაზრდებმა არ იციან პროფესია და პროფესიონალიზმი აკლიათ.
- არა, ეს არც პედაგოგების ბრალია და არც სტუდენტების, პრობლემა თავად სისტემაშია. არ შეიძლება რეჟისორს, მსხიობს, კომპოზიტორს, მხატვარს, ქირურგსა თუ მათემატიკოსს ერთი და იმავე მეთოდით ასწავლო... მე ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, რომ ჩარჩოებში არ მოექცნენ. მათ არ უნდა ეშინოდეთ შეცდომების. ხელოვნებაში ყველაფერი დაშვებულია, გააკეთე სისულელე, მაგრამ იქაც უნდა ჩანდეს, რომ შემოქმედი ადამიანი ხარ. რეჟისორობა მინდა, მოვემზადები და ჩავაბარებ, ეს მოსაზრება არ არის სწორი.
- არასოდეს! სულ ვკითხულობდი წიგნებს, ბრწყინვალედ ვიცოდი მუსიკა, ჯაზი - რომლის მოსმენაც არ შეიძლებოდა, მაგრამ მე მაინც ვუსმენდი ამერიკის ხმის მეშვეობით.
- კი, ის ბიბლიოთეკა რვა ურმით გაიტანეს და სად წაიღეს არ ვიცი. გურულად ვიტყვი, ერთი ზანდუკი წიგნები დარჩა, რომელსაც ვკითხულობდი. ბაბუა მღვდელი გახლდათ, იმავდროულად ის გიმნაზიაში ქართულ და რუსულ ლიტერატურასა და ენას ასწავლიდა. სოფელ ჭანჭათში პეტერბურგიდან იწერდა წიგნებსა და ჟურნალებს. ჟურნალ "აგანიოკში" მსოფლიო მხატვრების შედევრები იბეჭდებოდა და მათი საშუალებით ფერწერას კარგად ვიცნობდი. ბათუმში მუზეუმი არ იყო და დიდი მხატვრების ნამუშევრებს სხვაგვარად ვერ ნახავდი. რაც შეეხება კინოს, კინომექანიკოსის შეგირდი ვიყავი, მაგრამ თუ ფილმს ჰყავდა რეჟისორი, არ ვიცოდი. როდესაც ჩვენთან ე. წ. "ტრაფეინიე ფილმები" შემოვიდა, ამ ფილმების მხოლოდ სახელწოდება ვიცოდით, რადგან ტიტრებს, სადაც ეწერა ფილმის ავტორი, ოპერატორი, მსახიობი და სხვა ადამიანების გვარ-სახელი, ჭრიდნენ. ფილმები რუსული სუბტიტრებით მიდიოდა. ვინაიდან მე ამ ფილმებს ხშირად ვუშვებდი, ისინი ზეპირად ვიცოდი. აი, სულ ეს იყო ჩემი "ბაგაჟი", როცა "ვგიკში" მიმიღეს. ყველაფერზე ჩემი აზრი მქონდა და ამჟამადაც ძალიან მაინტერესებს ის სტუდენტი, ვისაც თავისი აზრის გამოხატვა შეუძლია. ახლა აიღებენ კამერას, გადაიღებენ რაღაცას, მეგობრებს აჩვენებენ, ისინი შეაქებენ, ეტყვიან :"სიმონ, ეს რა კარგი რაღაც გადაიღე, არ მოუსმინო დურაკებს!" და ისიც თავდაჯერებულია და თავი ფელინი ჰგონია. განაგრძეთ კითხვა