"თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ შვილი "ჩვენთვის" არ გაგვეზარდა" მუსიკოსი ირმა სვანაძე წარმოშობით ქუთაისიდანაა. 10 წლის წინ პარიზის კონსერვატორიაში ჩააბარა, რის შემდეგაც სწავლა ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში განაგრძო. სწავლობდა ინდიანას უნივერსიტეტშიც, რომლის დამთავრებისთანავე სწავლა მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე. წყვილს რვა წლის გოგონა, ანაბელი ჰყავთ. როგორც ირმა ამბობს, მისი ოცნება იყო სამხრეთ ამერიკაში პატარა მინივენით ემოგზაურა. ბევრი მსჯელობის შემდეგ ცოლ-ქმარმა არჩევანი გემზე შეაჩერა და 2017 წლის ოქტომბერში გემზე გადავიდნენ საცხოვრებლად. მას შემდეგ არაერთ ქვეყანაში იმოგზაურეს. იყოს ბევრი დაბრკოლება, თავგადასავალი, ხიფათით აღსავსე დღეები, მაგრამ ამავე დროს საინტერესო და შთამბეჭდავი წუთები. ირმა მეუღლესთან, შვილთან, რვა წლის ანაბელთან და ორ ძაღლთან ერთად დღემდე გემ "ლამაზია"-ზე ცხოვრობს.
- გემზე შედარებით ახალი გადასულები ვართ - 2017 წელს, ოქტომბრის ბოლოს გადავედით. რალფმა გემით ბევრი ქვეყანა მოიარა. გემი კარიბის კუნძულებზე იყო და მოგვიწია იქიდან კალიფორნიაში მისი ჩამოყვანა. მთელი ზაფხული მოდიოდა "ლამაზია" - უამრავი ქარიშხალი, კუნძული გამოიარა. პანამის არხის გავლით მთელი ცენტრალური ამერიკა და მექსიკა გამოიარა და საბოლოოდ სან-დიეგოში ჩამოვიდა.
- ბავშვთან ერთად რთული არ არის გემზე ცხოვრება?
- ანაბელი რვა წლისაა, თუმცა ის მეტად დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მას უყვარს მოგზაურობა (ალბათ ჩვენზე მეტადაც კი), არის ძალიან კომუნიკაბელური და ძალიან მარტივად შეუძლია ადამიანებთან დამეგობრება, როგორც მისი ასაკის, ასევე ზრდასრულ ადამიანებთან.
მას უყვარს მრავალფეროვნება, თავისუფლება, რომელსაც გემზე ცხოვრება ანიჭებს. ის ყოველთვის მარტივად ერგება ახალ გარემოს. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ "ჩვენთვის" არ გაგვეზარდა. გვინდოდა მაქსიმალურად დამოუკიდებელი ყოფილიყო და მშობლებზე არ ყოფილიყო მიჯაჭვული, რათა ამ თავისუფლების ხარჯზე შეძლებოდა მარტივად ადაბპირება გარემოზე. დღეს ის დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც გააჩნია თავისი აზრი, რომელიც ყოველდღიურად გამოწვევების წინაში გვაყენებს თავისი აზრებითა და კითხვებით, რომელთან ურთიერთობა ჩვენთვისაც ძალზედ საინტერესოა.
- არ გაგიჭირდა ყველაფრის დატოვება და გემზე ცხოვრება?
- საკმაოდ რთული იყო ყველაფრის მიტოვება, გაცემა და იმ აზრთან შეგუება, რომ სახლი, მისამართი, ნივთები - აღარაფერი არ გვაქვს. დამშვიდობება ჩემს საყვარელ როიალთან, რომელიც სულ თან დამყვებოდა, თუმცა დროის გასვლის შემდეგ, ერთგვარი თავისუფლება შევიგრძენით. როდესაც არაფერი არ გაკავშირებს მიწასთან, არც არაფერი გაგაჩნია - თავისუფლდები ნივთებისაგან, სიმძიმეებისაგან და მთელი მსოფლიო შენი ხდება.
მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ანაბელმაც და მეც მაშინვე დავიწყეთ ნაოსნობის, ნავიგაციის შესწავლა. მინდა ვთქვა, რომ ანაბელი მჯობნის და ბევრად მეტი იცის ვიდრე მე. მან იცის ძრავების შემოწმება, რუქების წაკითხვა და დამუშავება, შეუძლია ქარის მიართულების ამოცნობა და შესაბამისად იალქნების მართვა. მას ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს და დიდი სიხარულით სწავლობს.
ანაბელი მალევე მოერგო გემზე ცხოვრების სტილს. მას ძალიან მოსწონს თავისი პატარა კაბინა. საკუთარი გემოვნებით მოაწყო და სულ ამბობს, რომ მიწაზე დაბრუნება და ცხოვრება არ უნდა. მას აქვს თავისუფლება, თავგადასავლებით სავსე - საინტერესო ცხოვრება. ის ხვდება უამრავ საინტერესო ადამიანს, "კრუიზერ" (ჩვენსავით გემზე მცხოვრებ) ბავშვებს, რომელთანაც საერთო ბევრი აქვს. სადაც გემით ვჩერდებით იქ სკოლაში მიდის. ადვილად ეგუება ახალ გარემოს და უამრავ მეგობარს იძენს. მას ძალიან უყვარს ბუნება, ოკეანე და მისი ბინადრები. ყოველდღიურად ახალ აღმოჩენებს აკეთებს.
- განათლებას როგორი იღებს?
- მას შემდეგ რაც გემზე ცხოვრება გადავწყვიტეთ, ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა ანაბელის სკოლასა და განათლებასთან იყო დაკავშირებული. ძალიან მეშინოდა და განვიცდიდი ამხელა პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს თავზე. მთელი ზაფხული ვიკვლევდი, უამრავ კრუიზერ ოჯახს დავეკონტაქტე, რათა მათგან გამეგო ამ პრობლემას როგორ აგვარებენ. მალე ძალიან კარგი პროგრამა მოვიძიე. სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სკოლა განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისათვის. ხშირად გვაქვს ინტერნეტის პრობლემა, თუმცა მაინც ვახერხებთ ამ ინტერნეტ სკოლის პროგრამის გავლას მათემატიკასა და ინგლისურ ენაში, ლიტერატურაში. ანაბელს კითხვა ძალიან უყვარს, წერასაც ოხი წლიდან შეუძლია. ის ყოველთვის წერდა დღიურებს და ამის შედეგად საკმაოდ წინ წავიდა ამ მიმართულებითაც. ცხოვრებიდან გამომდინარე სწავლობს ისეთ საგნებს, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია. მამა მას მუდმივად უხსნის ყველაფერს. ისტორიას, ანატომიას, ბიოლოგია ზოოლოგიას კი ჩემთან გადის. გვაქვს უამრავი წიგნი, აპლიკაცია, რომელის მეშვეობითაც ერთად ვმეცადინეობთ - ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ასევე ახლახან შევიძინეთ დიდი მიკროსკოპი, რომლის მეშვეობითაც არა მარტო ბუნების შესწავლას შევძლებთ, არამედ მას მედიცინის მხრივაც გამოვიყენებთ. რალფმა უკვე დაიწყო შესწავლა, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ვირუსისა და ბაქტერიების ამოცნობა და განსხვავება. ისტორიას პროგრამის მიხედვით არ გავდივართ, სადაც ვართ იმ ქვეყნის ისტორიას ვსწავლობთ. მაგალითად მექსიკაში მაიასა და ინკას ცივილიზაციებზე გვექნება გაკვეთილები. ანაბელი ასევე სწავლობს ქართულ და რუსულ ენებს. მას ჰყავს შესანიშნავი პედაგოგები ქუთაისიდან, რომლებიც სკაიპის მეშვეობით ინტენსიურად ამეცადინებენ და ეხმარებიან ენების სრულყოფილად შესასწავლად. როდესაც რომელიმე ქალაქსა თუ ქვეყანაში ერთი თვით ან მეტი დროით ვრჩებით, ყოველთვის ვცდილობთ ის ადგილობრივ სკოლაში მივიყვანოთ, რათა შეისწავლოს ენა, გაიჩინოს ადგილობრივი მეგობრები და გაეცნოს მათ კულტურასა თუ ადათ-წესებს. ეხლა ის მექსიკის ქალაქ ენსენადაშია სკოლაში, სადაც ეუფლება ესპანურ ენას და უკვე ჰყავს უამრავი მეგობარი. სწავლებისათვის არ გაგვაჩნია წინასწარ განსაზღვრული საათები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვართ, რა სიტუაციაა, რა ხდება გემზე. არის პერიოდი, როდესაც მთელი დღეები ვმეცადინეობთ, თუმცა უფრო მეტი დღეებია, როდესაც მხოლოდ რამოდენიმე საათი გვაქვს ფორმალური სკოლის საათები და დანარჩენი დრო აღმოცენებსა და სხვადასხვა ცოდნის არაპირდაპირ მიღებას ეთმობა.
რაც შეეხება მის სოციალიზაციას. გაგვიმართლა, რომ ანაბელი ძალიან ღია და გახსნილი ბავშვია ბუნებით. სადაც არ უნდა წავიდეს, მუხედავად იმისა იცის თუ არა ენა - ის ყოველთვის იძენს მეგობრებს. თუმცა რა თქმა უნდა ჰყავს რამდენიმე მეგობარი ყოფილი სკოლიდან, რომელთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას. გაგვიმართლა, რომ ამ მეგობრების მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია ბავშვების მეგობრობა და ისინი ხშირად გვსტუმრობენ "ლამაზია"-ზე. როგორც გითხარით ბევრი კრუიზერი ოჯახია და არსებობს, როგორც აპლიკაციები, ასევე ჯგუფები სოციალურ მედიაში, სადაც ხდება ყველა გემის, ოჯახის ლოკაცია, სადაც მშობლები ვთანხმდებით, რომ ამა თუ იმ ადგილას დავთქვათ შეხვედრა და დავრჩეთ გარკვეული დროით ზუსტად ბავშვების გამო. ასევე ხშირია გემებზე მცხოვრები ოჯახების მიერ გრძელ გზაზე ერთად წასვლის გადაწყვეტილებაც. გემზე მცხოვრებ ბავშვებს ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან. მათ ესმით, რომ გემზე წესების დაცვა არათუ საჭირო, არამედ აუცილებელია. ყოველ გემს სხვადასხვა წესი აქვს და მათ გემზე ასვლისთანავე უნდა გაეცნონ და პატივი სცენ ამ წესებს. წესის შეუსრულებლობას შესაძლებელია ფატალური შედეგები მოყვეს. მათ ასევე აერთიანებთ ჰოუმსქულინგი და თავისუფალი სწავლების სტილი. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, იმ დღეებში სკოლას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. ისინი კი მაინც უზიარებენ ერთმანეთს, როგორც საყვარელ წიგნებს, ასევე სხვადასხვა ცოდნას, რაც ამა თუ იმ ქვეყანასა თუ კუნძულზე შეიძინეს. ამის შედეგად კი წამოიჭრება ახალი ადგილებისაკენ წასვლის სურვილი.
- რა შეგრძნებაა, როცა ხართ მხოლოდ თქვენ, თქვენი საყვარელი ადამინები და თვალუწვდენელი ოკეანე?
- გვიხარია ის, რომ გემზე ცხოვრებამ ერთად ყოფნისთვის მეტი დრო მოგვცა. ყველას თავისი საქმე და მოვალეობა აქვს. საღამოს ყველა ერთად ვემზადებით სადილისათვის და რამდენიმე საათს მაგიდასთან ვატარებთ. რვა წლის ანაბელი გვიყვება მის მიერ წაკითხული წიგნების შესახებ (ყოველდღიურად რამდენიმე წიგნს კითხულობს). ერთად ვაგეგმარებთ ოკეანეში გასვლას. რაც შეეხება შეგრძნებას - მზის ჩასვლისას გემზე ერთად როდესაც ვართ და ამ სილამაზეს ვუყურებთ - საოცარი სიმშვიდის გრძნობა გვეუფლება. მომენტალურად გვავიწყდება ის ყოფითი პრობლემები, თუ ნეგატივი, რაც დღეს მსოფლიოშია. იმ წუთით და წამით ვცხოვრობთ. აი, ამ დროს ყველანი ერთ აზრზე ვართ და ისევ ვრწმუნდებით, რომ ეს არჩევანი ჩვენი ოჯახისათვის საუკეთესო არჩევანი იყო ამ ეტაპზე. ამ დროს დრო ჩერდება, ტელეფონები ითიშება, არანაირი ინტერნეტი და მხოლოდ ბუნება.
- როგორ ფიქრობთ როცა გაიზრდება გააგრძელებ თქვენთან ერთად მოგზაურობას?
- რთულია წინასწარ გათვლა, თუმცა ვფიქრობთ და ველით, რომ თინეიჯერობის პერიოდში მას მოუნდება მიწაზე დაბრუნება და მეტად სტაბილური ცხოვრება, რათა მეგობრებთან იყოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა - სანამ მას ჯერ კიდევ აინტერესებს და სურვილი აქვს მშობლებთან ერთად იმოგზაუროს, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობთ ხუთი წელი კიდევ გვაქვს ასეთი ცხოვრებისათვის. შემდეგ დრო გვაჩვენებს, და შესაბამისად ვიმოქმედებთ.
მერი ბლიაძე