„მითხრეს, ნინო მასწავლებელო, უფრო მეტად გვლანძღეთ, უფრო მეტად შეგვაჩვენეთ, თუ კი ამას შეუძლია, ასეთი ბედნიერება მოგვიტანოსო“ გორის გოგონათა გუნდის „იქს ფატორში“ გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. 54 სხვადასხვა ასაკის გოგონა შესანიშნავად წარდგა მაყურებლის წინაშე. მათ მიმართ, რასაკვირველია დიდი ინტერესი გაჩნდა, მით უმეტეს, რომ სწორედ დღეს, 22 საათზე უნდა გაირკვეს, გადავლენ თუ არა ნახევარფინალში. სანამ „იქს ფაქტორი“ ეთერს დაიპყრობს, მანამდე ჩვენ გორის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელს ნინო წიკლაურს ვესაუბრეთ.
- დავამთავრე კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, შალვა მოსიძის სტუდენტი ვიყავი. 2006 წლიდან კი ამ ბავშვების წინ მომიწია დადგომამ, ჩამოყალიბდა გორის ბავშვთა გუნდი და ეს საქმე თავად ბატონმა შალვა მოსიძემ მომანდო, რათა თაობები პატარაობიდანვე გაზრდილიყვნენ საგუნდო ხელოვნებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით.
ჩვენს გუნდს მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა კონკურსში, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, სამჯერ გვაქვს მიღებული გრანპრი, სომხეთში პირველი ადგილი და ოქროს მედალი აიღეს ბავშვებმა, გარდა ამისა, ბევრ საპასუხისმგებლო კონცერტში მონაწილეობდნენ, შეუსრულებიათ ბატონი გია ყანჩელის ნაწარმოებები, მეტიც, ბატონმა გიამ ბოლო ნაწარმოები სწორედ ჩვენს გოგონათა გუნდს დაუწერა. "ჩემს შვილიშვილებს და გორის ბავშვთა გუნდს" - ასეთი წინასიტყვაობა აქვს ნაწარმოებს, რომლის პრემიერაც შარშან რუსთაველის თეატრში შედგა.
- გუნდის ამჟამინდელ ბავშვებს ვეტერანებს ვეძახი ხოლმე ხუმრობით, მაგრამ მართლაც ასეა. ძალიან პატარები მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენს ხელში გაიზარდნენ. ჩვენი გუნდი გახლავთ სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდი, სადაც ბავშვები ჩვეულებრივად შემოდიან მუსიკაზე და ჩემს საგანს სწავლობენ, როგორც მაგალითად, სოლფეჯიოს, მუს. ლიტერატურას და ა.შ. ყოველ წელს მიღებაა და ახალი ნაკადი მოდის. მყავს პატარების გუნდი, რომელთაც ვზრდი იმისთვის, რომ შემდეგ უფროსებთან გადმოვიყვანო, გარდა ამისა, როცა ძირითადი გუნდის გოგონები გათხოვდებიან ან სტუდენტები გახდებიან და წავლენ, არ მოხდეს წყვეტა და შევავსო პატარა თაობით.
- ხმის ტემბრი, რომელითაც ახლა გესაუბრებით, არაა ჩემი ბუნებრივი ხმა (იცინის). როგროც ხედავთ გუნდში სხვადასხვა თაობაა, ყველას თავისი ენით უნდა შენიშვნის მიცემა, საუბარი, ზოგს უნდა მოეფერო და ისე გააკეთებინო, ზოგი - უნდა დატუქსო, ზოგი - ნამუსზე უნდა ააგდო. ურთულესი პროცესია, მაგრამ ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ის, რომ ყველას ძალიან ვუყვარვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვ დისციპლინას და ვიჩენ სიმკაცრეს. ხან ისეთი მკაცრი ვარ, მავიწყდება, ქალბატონი რომ ვარ, მაგრამ იმდენად „მოვწამლე“ ეს ბავშვები საგუნდო ხელოვნებით, რომ იციან, ამის გარეშე არაფერი გამოდის. ხანდახან პირში ჩასდით ცრემლები და ისე მღერიან, მაგრამ იმდენად უყვართ ეს საქმე, ზუსტად ხვდებიან, ეს რისთვის ხდება. მაგალითად, იმ დღეს მითხრეს, ნინო მასწავლებელო, უფრო მეტად გვლანძღეთ, უფრო მეტად შეგვაჩვენეთ, თუკი ამას შეუძლია, ასეთი ბედნიერება მოგვიტანოსო, ხვდებიან, რომ ისე არაფერი ხდება. შეიძლება დიდ მომღერლად ვერ ჩამოყალიბდეს ყველა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კარგი მუსიკოსები და კარგი შემფასებელები იქნებიან.
- ჩემი კრედოა, რომ გუნდმა შეინარჩუნოს კლასიკურ-აკადემიური სახე, იმიტომ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ შალვა მოსიძის ტრადიციებს, რაც ჩემმა მაესტრომ მასწავლა, ვცდილობ, იგივე გადავცე ბავშვებს. მიუხედავად ამისა, ვიცი, ურთულესია, რეპერტუარში გქონდეს სულ კლასიკური ნაწარმოებები, ყველა ვერ შეძლებს ამის აღქმას, ამიტომ ვცდილობ, მრავალფეროვანი, სახალისო, მოდური, ბავშებისთვის საინტერესო რეპერტუარი შევარჩიო, მაგრამ ამასთან, კლასიკა არის უპირატესი. კონკურსისთვის კი ცოტა ფართო მასებზე გავთვალეთ ჩვენი რეპერტუარი.
- ეს რასაკვირველია, დიდი პასუხისმგებლობაა და გარდა ნიჭიერებისა, ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას,თუ როგორ შეუძლია ბავშვს წარადგინოს საკუთარი ნიჭი და ნაშრომი აუდიტორიის წინაშე. შეიძლება, სხვა იმაზე უკეთ მღეროდეს, მაგრამ არ შეეძლოს თავის წარმოჩენა, ამიტომ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ის, რაც ნახეთ, დამიჯერეთ, ნახევარი იყო იმ შესაძლებლობებისა, რაც ამ ბავშვებს აქვთ. ნერვიულობა ღელვა მიანც ახდენს გავლენას ყველაფერზე.
- რასაკვირველია, გამარჯვება უნდა ყველას და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, მაგრამ მიზანი, რისთვისაც შოუში მონაწილეობას დავთანხმდი, იყო ჩემი საქმის პოპულარიზაცია. ევროპაში საგუნდო ხელოვნება საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და თან, მოთხოვნადია, უბრალო სოფელსაც კი ორი სამი გუნდი ჰყავს, ჩვენთან ასე არ არის და გული მწყდება, იმიტომ, რომ საგუნდო ხელოვნების დიდი ტრადიცია გვაქვს. პოპლარიზაციის გზად კი „იქს ფაქტორი“ არაჩვეულებრივი საშუალებაა. მინდა სხვებმაც დაინახონ, როგორი კარგი და პერსპექტიულია გუნდში სიმღერა.
ციცი ომანიძე