რა წვლილი შეიტანეს მესტიაში დაბადებული გოგონას წარმატებაში ნამდვილმა მშობლებმა და იტალიელმა დედობილ-მამობილმა იტალიაში რუსკა ჟორჟოლიანს "პერსპექტიულ მწერალს" უწოდებენ. იტალიური პრესა წერს, რომ რუსკა არის წარმატებული დევნილი გოგონა, რომელიც იტალიაში ომს გამოექცა. ცხოვრების საკმაოდ რთული გზა გაიარა. იყო დაბრკოლებები, ტკივილი, ცრემლი... ახლა იტალიაში ცხოვრობს და იტალიურად წერს. ცნობილი იტალიური გამოცემები კი მის წიგნს დადებით რეცენზიებს უძღვნიან.
სხვათა შორის, რუსკას დედმამიშვილებიც საკმაოდ წარმატებულები არიან. და მხატვარია და ისიც იტალიაში მოღვაწეობს, ძმა კი ინგლისშია, მუსიკოსი გახლავთ.
- მესტიაში დავიბადე, რამდენიმე წელი იქ ვიზრდებოდი. შემდგომ ჩემმა მშობლებმა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, სადაც უკვე ცხოვრობდა ბიძაჩემი თავისი ოჯახით, იყიდეს სახლი და მიწის ნაკვეთი. ომამდე იქ ვიყავით, მერე მშობლებმა მე სვანეთში ბებიასთან და ბაბუასთან დამტოვეს, თვითონ თბილისში წამოვიდნენ. თითქმის ორი წელი არ გვინახავს ერთმანეთი. ის წლები იყო ყველაზე რთული, გადაადგილებაც რომ ჭირდა. მახსოვს, ხშირად განვმარტოვდებოდი და ჩემთვის ჩუმად ვტიროდი. თუმცა ისიც მახსოვს, მამას რომ ძლივს დავუკავშირდით ერთხელ და თითქოს სულ სხვა სამყაროდან ჩამესმა მისი ხმა, როცა მითხრა, "იცი, ძმები გრიმების ყველა ზღაპარი გიყიდეო". ზუსტად იმ წლებში გამოვიდა გრიმების სამტომეული, ძალიან კარგი ილუსტრაციებით. სხვათა შორის, ამ ბოლო ჩამოსვლაზე წიგნების მაღაზიები სულ დავიარე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. იმ ღამით კი ვერაფრით დავიძინე, სულ ცხრა მთას იქით მომხდარი ჯადოსნური ამბები მიტრიალებდა თავში. მგონი, პირველად მაშინ დავძლიე ჩემი ორი დიდი შიში - სიბნელის და ხმაურის.
- საოცრად გულისხმიერი და განათლებული ადამიანის, ვახტანგ ესვანჯიას მონდომებით 1995-1996 წლებში ორასამდე დევნილი ბავშვი სიცილიაზე მოვხვდით. იქაურმა ოჯახებმა გვიმასპინძლეს, დაგვასვენეს, ჩაგვაცვეს, გვასწავლეს, როგორც შეეძლოთ ხელი მოუმართეს ჩვენს ოჯახებსაც. 11 წლის ვიყავი, პირველად რომ მოვხვდი იტალიაში. სხვათა შორის, ამ ერთი თვის წინ მაშინდელი კადრები ვნახე - აეროპორტში ჩვენი ჩასვლა და იტალიელების დახვედრაა აღბეჭდილი. ჩემს თავსაც მოვკარი თვალი - ერთგან რაღაცნაირად დამფრთხალი აქეთ-იქით ვიყურები, მეორეგან კი, მართალია გაუბედავად, მაგრამ მაინც ვიღიმი.
- იტალიაში მხოლოდ ზაფხულის სამ თვეს ვატარებდით. ამიტომ ჩემს მშობლებთან განშორება ხანგრძლივი არ იყო. წლების განმავლობაში ეს ურთიერთობა ღრმავდებოდა და დუღაბდებოდა. ჩემი აღზრდა-განათლებაც ამ ორი კულტურის შეფარდების შედეგი იყო. საქართველოში რომ სასწავლო წელს ვხურავდი, იტალიაში, ივნისის თვეში, ექსპრომტად ვაბარებდი გამოცდებს. ასე რომ, ორივე სკოლის ატესტატი თითქმის ერთდროულად ავიღე.
- ორივე პედაგოგია და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შვილები არ ჰყავდათ, ბავშვებთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდათ. მათი ჩემდამი დამოკიდებულება დიდი ადამიანური სითბოს და რბილი პედაგოგიკის ნაზავი იყო. თან მეფერებოდნენ და მიყვავებდნენ, თან მართლწერას მასწავლიდნენ, ან იტალიის ისტორიაზე მიყვებოდნენ. მკაცრები არასოდეს ყოფილან. ალბათ მეც არ ვაძლევდი ამის საბაბს.
- ერთ დღეს, მოწყენილი და საქართველოს მონატრებული, მამობილმა ზღვის სანაპიროზე წამიყვანა და უზარმაზარი ნაყინი მიყიდა. მერე ერთად ვუყურებდით ფერად ნავებს, სათევზაოდ რომ რიგრიგობით გადიოდნენ ზღვაში, მზის ჩასვლის ფონზე. "მთელი ღამე ზღვაში იქნებიან და გამთენიისას დაბრუნდებიანო" - მითხრა მამობილმა მეთევზეებზე. მამაჩემი რომ მიყვებოდა საინტერესო ამბებს, ზუსტად ისე მომიყვა თუ დამიხატა ის სურათი. მაშინ მივხდი, რომ ცოტა რამ თუ დარჩებოდა აწი ჩემთვის უცხო ამ შორეულ ქვეყანაში.
- ერთი ოჯახი ვართ და როგორც ყველა ოჯახში ხდება, ურთიერთგაგებასთან ერთად გაუგებრობაც ბევრია ხოლმე, მაგრამ როცა ამოსავალი წერტილი სიკეთისკენ მიმართული ძალისხმევაა, იქ ყველაფერი დანარჩენი ყოველდღიურობის მორევია და ადვილად ილახება.
- რაღაცებს სულ ვწერდი და ამიტომ სულ მეგონა, რომ ყველა ასე იყო, ყველა წერდა. დღემდე მგონია, რომ ძალიან ჩვეულებრივი, სუნთქვასავით ამბავია წერა. ეს შეგრძნება ვერც პირველმა რომანმა გამიქარწყლა - თავისით დაიწერა თითქოს. იტალიურად წერაც ძალიან ბუნებრივად გამომივიდა. ვფიქრობ, სიტყვას თავისი ინტუიცია აქვს და სათქმელს მორგებულ ფორმას ადვილად პოულობს, თუკი ზურგგამაგრებულია უნარისა და შრომის ურთიერთმიმართებით. მეორე რომანიც იტალიურადაა და ალბათ მალე გამოიცემა. პირველის გერმანული თარგმანი კი ივლისში გამოვა შვეიცარიაში, ქართული წიგნის ცენტრის თანადაფინანსებით.
- იტალიური პოეზიის ერთ-ერთ კონკურსზე ჩემმა ლექსმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ 22 წლის ვიყავი. თუმცა პირველი ნამდვილი წარმატება ალბათ მაინც ის იყო, ჩემმა დედობილმა ძლივს რომ დაიჯერა, რომ მართლა ჩემი ლექსი იყო.
ჩემმა პირველმა რომანმა "ჰერმან გეიგერის ფონდის" პრემია აიღო წლის საუკეთესო დებიუტისთვის. ამას გარდა, ერთი მნიშვნელოვანი რომაული პრემიის ფინალშიცაა, რომლის გამარჯვებულიც სექტემბერში გამოვლინდება. თუმცა არ ვიცი, ეს ჯილდოები მართლა რამეს ნიშნავს თუ არა. კონკურსების არსის გააზრებისას რაღაც უცნაური შეგრძნება თუ ეჭვი არასოდეს მტოვებს ხოლმე.
- მე სულ ქართულად ვწერ, მაშინაც კი, როცა ენა სემანტიკურ-სინტაქსურად სულ სხვაა. ლინგვისტები თუ ენის ფილოსოფოსები ამ მოსაზრებას დიდ სისულელედ ჩამითვლიან, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორ გარდავქმნი უცხო სიტყვებად იმას, რაც ისეთ შრეებში იბადება, უმალ სიზმრისეული რომ ეთქმის, ვიდრე ცხადი.
- დიახ, ბოლო წიგნი ჯერ არ გამოსულა, იმ პროცესშია, "დამაჭრებას" რომ ეძახიან. ერთ-ორ თვეში დავუბრუნდები და საბოლოო სახეს მივცემ. მერე კი, თუ რამედ ეღირება, თავის გზას იპოვნის. იტალიის ერთი განსაზღვრული ისტორიული ეპოქის პერიპეტიებზეა, თავისი განუჭვრეტელობით თუ შეუქცევადობით ის გრდემლი რომაა, რომელზეც ადამიანების ბედი იჭედება.
- ჯერჯერობით არა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წარვდგები პირველად ქართველი მკითხველის წინაშე. ამიტომ ეს წარდგენა შეიძლება სულაც არ მოხდეს თარგმანის სახით.
- იმაზე, რომ რასაც ცხოვრებაში ვიზამ, შეძლებისდაგვარად ყვლაფერს სიკეთის, შრომის, გააზრების ბეჭედი ჰქონდეს. დანარჩენი ყველაფერი ან თავისთავად მოვა, ან პირიქით, თავისთავად დარჩება გამოცდილების მიღმა.
მერი ბლიაძე