ასაკით პატარა იყო და უფროსების გვერდით არ დააყენებდნენ, ამიტომ ასაკიც გადაუკეთეს
..12 წლის იყო, როცა მამა დაუხვრიტეს, დედა - 10 წლით გადაასახლეს. მერე აიძულებდნენ, საქვეყნოდ ეძახა, - ბედნიერი ბავშვობა მაქვსო!.. უდედმამოდ გაიზარდა, მათი ლოცვა-კურთხევის გარეშე გათხოვდა და ცხოვრებაშიც ბევრი რამ დაკარგა. გზა მაინც გაიკვლია, იმ საშინელ ეპოქაში არ დაიკარგა და სპორტში უმაღლეს მწვერვალს - ოლიმპიურ ჩემპიონობას მიაღწია.
გურჯაანში იზრდებოდა. მშობლები ექიმები იყვნენ და სახლშიც არაფერი აკლდათ. ცეროდენა მზია ნამდვილი ახტაჯანა ყოფილა - ცხენზეც ჯირითობდა, ხეებზეც დაძვრებოდა და ლახტსაც თამაშობდა. ყველაზე მეტად კი რატომღაც, ტანვარჯიშის რგოლებზე ქანაობა მოსწონდა. სკოლის ეზოში ფიზკულტურის მასწავლებელს სადღაც ნაშოვნი რგოლები ჩამოუკიდებია. ვერცხლისწყალივით გოგონას ხომ მოძრაობას ვერავინ დაუშლიდა და ისიც გაუთავებლად ამ რგოლებზე ქანაობდა. მაშინ 8 წლის იყო და აბა, ვინ წარმოიდგენდა, თუ ეს ქალაბიჭა სახელოვანი სპორტსმენი გამოვიდოდა?! თუმცა, როგორც ჩანს, იმ მასწავლებელმა მაინც იფიქრა და პრაქტიკულად, სწორედ მის გამო, გურჯაანში ტანვარჯიშის დარბაზი მოაწყო.
მალე მზიამ საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე მეოთხე ადგილი დაიკავა თანატოლებს შორის და სპეციალისტებსაც მოაწონა თავი. მაგრამ სამწუხაროდ, ასევე მალე დადგა ის ავბედითი დღე, როდესაც მათი ოჯახის კარზე "მაკინტოშიანმა ძიებმა" დააკაკუნეს. 1938 წლის 23 თებერვალი თენდებოდა... გავიდა 2 კვირა და კაკუნი კარზე ისევ გამეორდა. ამჯერად, ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი იყო, მზიას დედა რომ წაიყვანეს.
...1940 წლის საკავშირო ჩემპიონატი უფროსი ასაკის გოგონებში ლენინგრადში ტარდებოდა. მზია ასაკით პატარა იყო და შეჯიბრების წესების თანახმად, უფროსებში ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ის წარმატებას მიაღწევდა, ამიტომ დაბადების მოწმობაში თარიღი გადაუკეთეს - ერთი წელი მიუმატეს.
მზია მართლაც კარგად გამოვიდა: ბჯენით ხტომებსა და ორძელზე ვარჯიშში გაიმარჯვა. რაც მთავარია, იმდენად შთამბეჭდავად გაიმარჯვა, რომ მეორე დღეს საბჭოთა კავშირის უმთავრესმა გაზეთმა - "პრავდამ" მისი ფოტოსურათიც დაბეჭდა. მის ფურცლებზე ვინმეს შექება, ღმერთის - არა, მაგრამ კრემლის რჩეულობას კი ნიშნავდა. ესეც ბედის ირონიაა ალბათ: ამ გაზეთმა თავისი არსებობის განმავლობაში შეიძლება, ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა - მზიას დედა აპოვნინა, რომლის ადგილსამყოფელიც მანამდე არ იცოდა... მზიამ უფროსების რჩევით, საბჭოთა კავშირის პროკურორის, ვიშინსკის სახელზე განცხადება დაწერა. მასთან შეხვედრას ითხოვდა. მაგრამ პროკურატურის მისაღებში მორიგემ განცხადებას ზედაც არ დახედა, ისე გადადო გვერდზე. არჩილ ბაქრაძემ კი "პრავდას" დაავლო ხელი და მზიას ფოტოსურათი უჩვენა. ოფიცერი მოულოდნელობისგან ცოტა კი დაიბნა, მაგრამ "ზევით" მაინც დარეკა. საშვი დაუშვეს და ვიშინსკისაც შეახვედრეს. იქიდან კი უსაზღვროდ ბედნიერი გამოვიდა: დედის მისამართი გაიგო და მიმოწერის უფლებაც მისცეს...
ქალბატონ მზიას 1-ელ აგვისტოს 85 წელი შეუსრულდა. წესით, იუბილარი ოლიმპიური ჩემპიონის სპორტული მიღწევების შესახებ უნდა მომეყოლა, მაგრამ ყელში ბურთი მებჯინება, როდესაც წარმოვიდგენ 14 წლის გოგონას თვალებს გენპროკურორის კაბინეტიდან გამოსვლისას, მის გულს ალბათ ბაგაბუგი გაჰქონდა, დედისთვის წერილი კი უკვე დაწერილიც ექნებოდა. ეს გამარჯვება მან თავისი სპორტული მიღწევებით მოიპოვა. კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას მზია ჯუღელმა რამდენიმე წლის შემდეგ მიაღწია. საფეხბურთო ენით რომ ვთქვა, მან საბჭოთა გენერალიტეტს "ცხრიანში" გაუტანა აუღებელი პენალტი.
საბჭოთა კავშირში ყველაზე ძლიერი სპორტსაზოგადოება იმხანად, "დინამო" იყო. სახალხო კომისარ ლავრენტი ბერიას პატრონაჟით, "დინამოელები" "ხალხის მტრებთან" ბრძოლაშიც გამორჩეულები უნდა ყოფილიყვნენ და სპორტულ არენებზეც. მზია ჯუღელიც ამ საზოგადოების წევრი გახლდათ. 1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, მოსკოვში "დინამოელ" ტანმოვარჯიშეთა ჩემპიონატი მოეწყო. მაშინ ამ შეჯიბრებას ხშირად ესწრებოდნენ უმაღლესი ეშელონის პატივმოყვარე ჩინოვნიკები. მათ უყვარდათ გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოება, ზოგჯერ კი "დიდსულოვნებას" იჩენდნენ და პირადი პრობლემების მოგვარებაც შეეძლოთ. "დინამოს" ცენტრალური საბჭოს პირველობაზე მზიამ ჩინებულად იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა, დაჯილდოების დროს კი იმ "ლმობიერ" გენერალს როგორღაც გაუბედა და სთხოვა: დედას შემახვედრეთო.