16 წლის რატი, რომელიც ძმის გადასარჩენად ნოველებს წერს - "გადავწყვიტე, ჩემი წვლილიც შემეტანა..."
16 წლის რატი, რომელიც ძმის გადასარჩენად ნოველებს წერს - "გადავწყვიტე, ჩემი წვლილიც შემეტანა..."
ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ერთ თბილისელ 16 წლის ბიჭზეა - რატი ფიფიაზე, რომელიც, გარდა იმისა, რომ წარმატებული მოსწავლეა და არაერთხელ ასახელა სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე, თურმე ძალიან კარგ ნოველებსაც წერს.

რატი მეთერთმეტე კლასშია. როგორც გვითხრა, ნოველების წერა ორი წლის წინ „თავისთვის“ დაიწყო და არც უფიქრია მათი განდობა საზოგადოებისთვის, რომ არა ერთი სამწუხარო ამბავი, რომელიც მის პატარა ძამიკოს — ბექას შეემთხვა…

„ბექა 8 წლისაა. აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭია. უყვარს კუბიკებით თამაში, ხშირად აშენებს გემებს, ხომალდებს, სიკეთის ქალაქებს…

ბექას სიკეთის ქალაქს
ხანდახან ბოროტი გმირები სტუმრობენ. თამაში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბექას და მისი მეგობრების — სუპერგმირების გამარჯვებით მთავრდება… ერთ დღეს ბექას სიკეთის ქალაქში უცნაური ბოროტი გმირი გამოჩნდა სახელად მიელოიდური ლეიკემია“, — ასე ამცნეს პატარა ბექა ფიფიას ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ საზოგადოებას მისმა გულშემატკივრებმა.
mshoblebi
გასულ თვეს ბექას კანზე სისხლჩაქცევა შენიშნეს. თითქოს უვნებელი ჩივილის დიაგნოზი ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო — მწვავე მიელოიდური ლეიკემია.

მშობლებმა ბექა დაუყონებლივ გადაიყვანეს ისრაელში, შიბას კლინიკაში, სადაც ამჟამად მკურნალობის კურსი უტარდება…

ბექა მხიარული და ნიჭიერი ბიჭუნაა, თვალებიდან ყოველთვის სიხარულს და ბედნიერებას ასხივებს. ამასთან ბევრი ოცნება აქვს, რომელსაც ფრთები უნდა შეასხას…
mshoblebi
არანაკლებ შოკისმომგვრელი
აღმოჩნდა თანხა, რომელიც პატარა ბექას ფეხზე დასაყენებლად არის საჭირო — 350 ათასი დოლარი…

ბექას მშობლები, და-ძმები, მეგობრები, კლასელები, ნათესავები, უბრალო ნაცნობები უმალ დაირაზმნენ ვერაგი მტრის დასამარცხებლად.
mshoblebi
ბექას და რატის თანასკოლელები

ძალიან ძნელი იყო უემოციოდ გეცქირა ბექას და რატის თანასკოლელებისთვის, რომლებიც გასულ შაბათს სკოლაში ღია კარის დღეზე მისულ მშობლებს სარეცხი ღრუბლებით „შეიარაღებულნი“ დახვდნენ და მანქანების გარეცხვის სანაცვლოდ ბექასთვის შემოწირულობის გაღებას სთავაზობდნენ…

— ოჯახში ოთხი ბავშვი ვართ — მე, ბექა, დემეტრე და დაიკო ირინე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს. ჩემი ნოველების გამოცემაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ჩემი მშობლები მარტო ვერ გადაჭრიდნენ ამ პრობლემას, გადავწყვიტე, ჩემი წვლილიც შემეტანა ბექას მტრის დამარცხებაში, — გვიამბობს რატი.
mshoblebi
ბექას ოჯახი

ნოველა სახელწოდებით „მოხდენილი ნახტომი“ უკვე იბეჭდება და მზის შუქს მომავალ კვირაში იხილავს. რატის თქმით, წიგნი საქველმოქმედო საღამოებზე გაიყიდება, რომელსაც ბექასთვის შექმნილი ფონდი მომავალი კვირიდან გეგმავს.

— ეს არის პატარა ნოველა, რომელიც ჩემთვის დავწერე. სიუჟეტი ვითარდება ბავშვთა სახლში, საიდანაც 12 წლის ბავშვები გეგმავენ გაქცევას. არის შობის საღამო. ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ იქ ყოფნა აღარ უნდათ, შეიმუშავეს გეგმა, როგორ დააღწიონ თავი ბავშვთა სახლს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი კონკრეტულად სად გაიყიდება. სავარაუდოდ ბექასთვის დაგეგმილ აქციებზე. ასევე დავდგამთ სტენდებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. წიგნის მაღაზიებში რამდენად მოვახერხებთ შეტანას, არ ვიცი, — ამბობს რატი.

mshoblebi
ბექა და რატი

რატის თქმით, ბექას ისრაელის კლინიკაში უკვე ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის ერთი კურსი და უკვე მეორე კურსისათვის ამზადებენ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით და კარგად მიდის.

— კარგი მოლოდინი მაქვს. არც მაქვს უფლება პოზიტიური იმედი არ მქონდეს. რა თქმა უნდა, დადებითად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, ერთად დავამარცხებთ ბექას მტერს!

დღეს პატარა ბექას დაბადების დღეა — 8 წლის გახდა. ამ მუდამ ღიმილიან ბიჭს დიდი სიურპრიზი მოუწყო მამამ — კლინიკაში ჩავიდა და საჩუქრები და წერილები ჩაუტანა მეგობრებისგან!

მათ კი, ვინც ამ ოჯახის ისტორია გულთან ახლოს მიიტანა, გთხოვთ დახმარების ხელი გაუწოდოთ პატარა ბექას, დავეხმაროთ მისი ვერაგი მტრის დამარცხებაში.

ბექას დასახმარებლად „თიბისი ბანკში“ გახსნილია ანგარიშის ნომერი:

საბანკო კოდი-TBCBGE 22

მიმღების დასახელება — ბექას ფონდი

ანგარიშსწორების ანგარიში — GE96TB7060336080100007

მსურველებს ასევე შეუძლიათ დარეკონ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ნომერზე: 0 901 901 996 ზარის ღირებულება 1 ლარი!
მერი ბლიაძე
2530
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```