46 წლის ემიგრანტმა თეა ნიკოლეიშვილმა თავი მოიკლა. ამბობენ, მიზეზი ის სტრესი იყო, რომელიც შვილის დაპატიმრების გამო განიცადა
ცოტა ხნის წინ 46 წლის ემიგრანტმა თეა ნიკოლეიშვილმა თავი მოიკლა. ამბობენ, მიზეზი ის სტრესი იყო, რომელიც შვილის დაპატიმრების გამო განიცადა.
მისი 20 წლის ქალიშვილი იმ მოხუცის გაძარცვა ბრალდებით დააკავეს, ვისთანაც მუშაობდა. პოლიცია მას 60 000 ევროს გატაცებას ედავებოდა. თვითმკვლელობამდე, თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა, ამბობენ, ამ სტრესს ვერ გაუძლო და ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
ამჯერად კი სასამართლოს მედიატორი და თარჯიმანი ნინა რურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ გოგონა გამართლდა.
"იტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი დღეს ოჯახმა საქართველოში მიიღო. ასოციაციის სახელით, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს.
აქვე მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, რომელთა ინტერესი არ ცხრება და ისევ მიმდინარეობს ათასნაირი ინფორმაციის მცდარი ინტერპრეტაცია.
დაკავებული გოგონა, გუშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულ იქნა და საღამოს საათებში მან დატოვა საპატიმრო. მაგრამ იმის გამო, რომ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, გადაყვანილია სადეპორტოში, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისთვის.
უბრალოდ თხოვნაა, ახლა მაინც შევიკავოთ თავი მცდარი ვერსიებისგან და ინფორმაციისგან", _ წერს ნინა რურუა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურელმა ემიგრანტმა, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილმა იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.