მათ სჯერათ, რომ ბავშვი მხოლოდ პრობლემაა და მის გარეშეც მშვენივრად იცხოვრებენ სანამ ადამიანების დიდი ნაწილისთვის ბავშვი ნამდვილი ბედნიერებაა, არსებობს არც ისე მცირერიცხოვანი საზოგადოება, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვი მხოლოდ პრობლემაა და მის გარეშეც მშვენივრად იცხოვრებენ. არც სიბერეში ეშინიათ იმის, რომ "ჭიქის მიმწოდებელი" არ ეყოლებათ და იმასაც კარგად აცნობიერებენ, რომ კაცობრიობა არ გადაშენდება, რადგან ყველა არ მიბაძავს მათ მაგალითს. მათი აზრით, ბავშვების გარეშე ცხოვრება სიხარულია. ისინი საკუთარი ცხოვრების წესს ჩაილდფრის უწოდებენ – ინგლისურიდან სიტყვასიტყვით თარგმანში Childfree ნიშნავს ბავშვისგან თავისუფალს (პირველად ტერმინი 1970 წლებში გაჩნდა: ზუსტად ამ დროს შეიმუშავეს ძლიერი კონტრაცეპციული საშუალებები). ეს არის თანამედროვე სუბკულტურა და იდეოლოგია, ადამიანების თავისუფალი არჩევანი და სურვილი, რომ არ ჰყავდეთ შვილები.
ჩაილდფრის ძირითადი იდეაა ბავშვებზე უარის თქმა პირადი თავისუფლებისთვის, უშვილო ცხოვრების პროპაგანდა. მიზეზი, თუ რატომ აირჩია ცხოვრების ეს გზა, ყველას სხვადასხვანაირი აქვს, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროს საკმაოდ მოდური გახდა ამგვარი აზროვნება. სანამ ზოგიერთები ათასგვარ გზას ეძებენ, რომ როგორმე შვილი გაუჩნდეთ, სხვებისთვის ღმერთს მიუნიჭებია ეს უნარი, მაგრამ შეგნებულად არ იყენებენ.
მიზეზები
1. ჩაილდფრის მიზეზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოჯახური ტრავმაა. ის ადამიანები, რომელთაც ხშირად აკლდათ მშობლის სიყვარული და სითბო, ან პირიქით – მეტისმეტად იყვნენ შეწუხებული მშობლების მეურვეობით, ხშირად თავად აღარ ინდომებენ, რომ დედის ან მამის როლში ჩადგნენ. პარადოქსია, მაგრამ დედისა და მამის მიერ შვილის იგნორირებას, როცა პატარები თავისთავად იზრდებიან, მცენარეებივით, და ჰიპერმეურვეობას, როცა ბავშვს ლამის ახრჩობენ სიყვარულითა და ყურადღებით, თითქმის ერთი და იმავე შედეგი მოსდევს. ზოგიერთებს ეშინიათ, რომ მათი შვილების ბავშვობაც არ იქნება ბედნიერი, სხვები კი არ არიან მზად, მთელი თავიანთი ცხოვრება დაუსრულებელ გმირობად და თავგანწირვად აქციონ და შვილს მიუძღვნან.
2. ჩაილდფრის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი იმავე ქვეყნის მცხოვრებია, რომელშიც პიტერ პენი და წკრიალა ცხოვრობდნენ. მათი ფსიქოლოგიური ასაკი არ ემთხვევა მათ ბიოლოგიურ ასაკს, ფსიქოლოგიურად მოუმწიფებლები არიან დარჩენილნი და მუდამ მოზარდებად რჩებიან. ასეთებს პასუხისმგებლობისაც ეშინიათ და მით უმეტეს, შვილის მოვლისა და გაზრდის.
3. ქალების დიდ ნაწილს უბრალოდ ეშინია – ორსულობის, მშობიარობის, სხეულის გაფუჭების, მკერდის დამახინჯების, ბავშვისთვის გათენებული უძილო ღამეების, დაუსრულებელი პრობლემების...
4. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ეგოიზმიცაა – ბავშვის გაჩენის შემდეგ უფროსი ადამიანი თავისთავად ინაცვლებს უკანა პლანზე, ვეღარც ცხოვრებით ტკბობას განაგრძობს ისე, როგორც მას სურს, ეცვლება ცხოვრებისეული, კარიერული გეგმები, იცვლება პრიორიტეტები და ა.შ. ამას ურჩევნია, საერთოდაც არ გააჩინოს შვილი და კვლავ უწინდებური ცხოვრება განაგრძოს.
5. ბევრ ქალსა და კაცს, ვინც ჩაილდფრის ანიჭებს უპურატესობას, ეს მოდური ჰგონია. მათი აზრით, ეს თამამი ნაბიჯია, როცა საზოგადოების "მოთხოვნებს" და "ბიოლოგიურ დანიშნულებას" უკუაგდებ და ისე ცხოვრობ, როგორც გინდა. ხშირად, ჩაილდფრის მიმდევრები ფემინიზმის მქადაგებელი ქალები არიან, ან მამაკაცები, რომლებსაც მეტისმეტად პრინციპული დამოკიდებულება აქვთ ყველაფერთან და ყველაფერზე აქვთ საკუთარი აზრი.
6. ჩაილდფრის მიზეზი არც ისე იშვიათად არის უნაყოფობის ოსტატური შენიღბვა. როცა ადამიანს სინამდვილეში არ უჩნდება შვილი და ეს იცის, ურჩევნია, იქადაგოს, თითქოს ეს მისი შეგნებული არჩევანია.
7. და კიდევ ერთი, ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებული მიზეზი, კაცობრიობის გადაგვარება და აპოკალიფსის მოახლოების შიშია. ჩაილდფრის ბევრი მიმდევარი ამბობს, რომ არ სურს, ამ დამძიმებულ სამყაროს კიდევ ერთი "მსხვერპლი" შეჰმატოს საკუთარი ნებით.
ცნობილები
ამ "მიმდინარეობას" ბევრი ცნობილი მიმდევარი ჰყოლია, წარსულშიც და ახლაც. მაგალითად, ლევ ტოლსტოის 13 შვილი ჰყავდა, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ სდომებია შვილები. "ახალგაზრდობა შესანიშნავი რამაა. რა დიდი დანაშაულია, მისი ბავშვებზე გახარჯვა!" - ამბობდა მწერალი.
"ოჯახს შეუძლია ყველაფერი შეგიცვალოს. ასე რომ, კარგად დაფიქრდი, რა უფრო გეძვირფასება – ყველაფერი თუ ოჯახი", - ოსკარ უაილდი.
თანამედროვე ვარსკვლავებს შორის განსაკუთრებით აქტიურები ქალბატონები არიან, რომლებმაც 40-50 წელს გადააბიჯეს, მაგრამ აზრადაც არ მოსდით შვილების გაჩენა და შეგნებულად ამბობენ ამაზე უარს. "მე მეტისმეტად ეგოისტი ვარ, რომ ბავშვები მყავდეს", - ამბობს ოპრა უინფრი, ხოლო კამერონ დიასი, რენე ზელვეგერი, კიმ კეტროლი და კიდევ სხვა ცნობილი მსახიობები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ არ აპირებენ "ყულფში თავის გაყოფას" და "საუკეთესო წლების ბავშვებზე დახარჯვას". არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მათ ბავშვიანი მეგობრებიც ჰყოფნით და არ სურთ, საკუთარ შვილებს დაუთმონ დრო, არც საკმარისი პასუხისმგებლობა აქვთ საამისოდ და არც სურვილი. "სრულიად არ ვნანობ, რომ დედა არ გავხდი. კარგი დეიდა გახლავართ და ბევრი ბავშვიანი მეგობარი მყავს, ესეც საკმარისია", - ამბობს კიმ კეტროლი.