"დღეს ექიმებს უფრო ნაკლები უფლებები გვაქვს, ვიდრე ტუსაღებს და ბანდიტებს!"
"დღეს ექიმებს უფრო ნაკლები უფლებები გვაქვს, ვიდრე ტუსაღებს და ბანდიტებს!"
"კიდევ ერთხელ აჩვენა მასმედიამ, რამდენად უმწიფარია და ამორალური. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი დაუცველია ექიმის პოზიცია ამ ისტერიულ და ეგზალტირებულ გარემოში. კანონი არ იცავს მას, როგორც მოქალაქეს ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან. თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანას მოუწევს ექიმების გარეშე დარჩენა. მე, პირადად, სერიოზულად დავფიქრდი, შეიძლება თუ არა საქართველოში გავაგრძელო ჩემი საქმიანობა", – წერს მედიცინის დოქტორი, გინეკოლოგი ირაკლი თოდუა სოციალურ ქსელში. ასე გამოეხმაურა ის ექიმების გარშემო აგორებულ მორიგ სკანდალს - ამჯერად საქმე ეხება ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას. ცნობილ გინეკოლოგს პაციენტის სიკვდილში ადანაშაულებენ. სილამაზის სალონის მფლობელის ქალიშვილი "ალიასთვის" მიცემულ
ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი 53 წლის დედა ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა...
ირაკლი თოდუა თავად გვესაუბრა, თუ რატომ არის დღეს უკიდურესად აღშფოთებული...

- მგონი ჩემს პოსტში ცხადად ჩანს, რა გახდა ჩემი აღშფოთების მიზეზი... ამ შემთხვევაში ექიმებს უფრო ნაკლები უფლებები გვაქვს, ვიდრე ნებისმიერ ტუსაღს თუ ბანდიტს, რომლებსაც პოლიცია აკავებთ. რეპორტაჟებსა თუ ბეჭდურ მედიაში დამნაშავის არც სახელს და გვარს აშუქებენ და არც სახეს აჩვენებენ. ის ხალხი სარგებლობს რაღაც უფლებებით, მათი სახელი არსად გაჟღერდეს იმ მომენტამდე, სანამ გამოძიება სიმართლეს არ დაადგენს... ჩვენ ამ უფლებასაც კი მოკლებულები ვართ. როგორც კი რამე მოხდება, ხდება შავი პიარი და პედალირება თემის.

რასაკვირველია, ჭირისუფალი დაზარალებულის მხარეა და გასაგებია მათი ტკივილი, მაგრამ ამით რომ სარგებლობს მასმედია, ეს არის ძალიან ცუდი! მთელი კლინიკების, ექიმების გუნდის დისკრედიტაცია ხდება... სოციალურ ქსელში მოგეხსენებათ, კომენტარების კულტურა არ გვაქვს და იქ რასაც წერენ, საერთოდ ყველა ზღვარს სცდება! რაც მთავარია, ძალიან ხშირად საერთოდ დაუმსახურებლად არის ასე! არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ, არანაირი მტკიცებულება და არც აინტერესებთ! ეს კი საერთო სურათს ძალიან ამძიმებს!


- ექიმმსაც ხომ უნდა მოეთხოვის უპასუხისმგებლობაზე პასუხი?

- რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ექიმი თუ დამნაშავეა, მან პასუხი არ აგოს! ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც ხდება დანაშაული, რომლისთვისაც ექიმი ისჯება! საქართველოშიც ასე უნდა იყოს! თუმცა მისი დანაშაული უნდა იყოს გამოკვლეული და დამტკიცებული... ევროპაში ერთხელაც ვერ ნახავთ ასეთ რეპორტაჟს! ვერსად შეხვდებით ყვითელ პრესას, რომელიც აჭრელებულია ოჯახის წევრების გამოსვლებით... საუბარი აღარ არის ნაცემ ექიმებზე და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე. ამაზე საერთოდ საუბარიც აღარ შეიძლება! ექიმიც ზუსტად ისეთივე ადამიანია, როგორც პაციენტი და ექიმსაც იცავს კანონი და უფლებები აქვს! ყველაფერი სასამართლოში უნდა გაირკვეს!


alt"დავიღალე. მივდივარ... ნუ გახდებით ავად!" - ქირურგის გამაოგნებელი წერილი



- საქართველოში ბევრს არ აქვს ობიექტური გამოძიების იმედი და ესეც ხდება აგრესიის მიზეზი...

- ეს ყველაფერი იმიტომ არ ხდება, რომ ვთქვათ ჭირისუფალს ობიექტური გამოძიების მიზეზი არ აქვს. არიქა არ დასჯიანო და ამიტომაც ცხვირს უტეხავს პაციენტი. აქ არის ეგზალტირება, ისტერია, კულტურის დაბალი დონე და ასე შემდეგ... ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჰგონიათ, მათ არავინ დასჯით. ყველამ რომ იცოდეს, რომ ექიმსაც იცავს კანონი, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, ეს აღარ მოხდებოდა.
ისედაც ძალიან რთულია საქართველოში ექიმების ცხოვრება, ისევე როგორც ყველასი. ჩვენი საზოგადოება – რთული საზოგადოებაა უამრავი პრობლემებით. მათ შორის მედიცინაც სავსეა პრობლემებით. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ყველგან ძალიან მაღალი დონის ექიმები გვყავდეს, მაშინ, როდესაც ამდენი დაბრკოლებაა თუნდაც განათლების სფეროში! ანაზღაურების კუთხით... ამიტომაც არის უამრავი პრობლემა მედიცინაში განათლების, აღჭურვილობის, მაგრამ რაც იყო 15-20 წლის წინ, იმასთან შედარებაც არ შეიძლება! როცა ასეთი აქციებია და ამდენად არადაბალანსებული ინფორმაცია მიდის, რაც არის კარგი საქართველოს მედიცინაში, იმასაც ვსპობთ! ამით ძალიან სავალალო შედეგს მივიღებთ! მე პირადად ევროპული განათლება მაქვს, ევროპული დიპლომი და შემიძლია წავიდე საქართველოდან! თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ სამედიცინო სკოლა არ გავქვს საქართველოში, არ გვყავს მასიურად კარგი ექიმები, ერთი რომ წავა და მეორე მას მაშინვე შეენაცვლება... ის ათეული (ასეული არ იქნება) კარგი ექიმი და მათ უკან მდგომი კარგი გუნდები თუ დაიშლება, საქართველო უკან დაბრუნდება! ძალიან მალე დაინგრევა ის ყველაფერი, რაც გვაქვს! იმიტომ, რომ უკონტროლო ინფორმაცია გადის და ექიმს კანონი არ იცავს!

მანანა გაბრიჭიძე

5035
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
მაკა
0
ისტერიკაში კი ვეთანხმები ამ კაცს, მაგრამ რამდენი არასწორი მკურნალობა დანიშნა სტატისტიკა თუ აქვს. ის თუ უთქვამს პაციენტისთვის ჩვენ ასეთი მიდგომა გვაქვს, თუმცა საზღვარგარეთ უკეთესი მიდგომებია და საშუალება თუ გაქვთ მიბრძანდითქო. არ უთქვამს!
09:14 / 09-06-2018
ნანა
0
ისევ თქვენ თუ დაგიჯერებენ,ბატონო ირაკლი,თორემ მე არავინ მიჯერებს მაგას,რომ ვამბობ..ხოდა იმასაც ვამბობ ხოლმე გულდაწყვეტილი,ღირსია ქართველი პაციენტი(ყველა კი არა) უცხოელი ექიმის ხელში,რომ აღმოჩნდება რამდენიმე წელში,ერთი ვანახავ იმასა რას და როგორ გაუბედავს...
22:57 / 06-06-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი