„ხომ უნდა გაითვალისიწნო ის ფაქტი, რომ მოდელს ეს კაბა იმიტომ უხდება, იდეალური სხეულია, შენს ტანზე კი ასე არ იქნება“ სრულდება სასწავლო წელი და ბანკეტების ციებ-ცხელება აქტიურ ფაზაში შედის. ზოგი ძალიან პომპეზურად აღნიშნავს სკოლის დამთავრებას, ზოგს - ბანკეტს, სადმე სამოგზაუროდ წასვლა ურჩევნია. წლების სვლასთან ერთად იცვლება საბანკეტო ტენდენციები და მოთხოვნები. სალომე გოგიაშვილს ბანკეტის თემაზე დავუკავშირდით.
- პირადად მე ბანკეტი არ მქონია. ჩემს დროს ძალიან სხვანაირად იყო ყველაფერი. დავიწყებ იმით, რომ რამდენიმე სკოლა შევიცვალე, ცოტა ხანს მოსკოვშიც ვსწვალობდი, საბოლოდ კი თბილისში საღამოს სკოლა დავამთავრე. ჩემს დროს ძალიან დიდი პრობლმები იყო საგანმანათლებლო სფეროში, სკოლა ვერ გვაძლევდა საჭირო განათლებას, რეპეტიტორების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, სტუდენტი გამხდარიყავი, ამიტომ საღამოს სკოლა ამ ვითარების კარგი გამოსავალი გახლდათ. მოხდა ისე, რომ ბანკეტი არ გვქონია, მაგრამ წლების შემდეგ მაინც ავიხდინეთ ოცნება, შევიკრიბეთ კლასელები და შეიძლება ითქვას, ბანკეტი გადავიხადეთ. რეალურად, ეს უფრო კლასის შეკრება იყო, მაგრამ ისეთი სასიამოვნო და ემოციებით დატვირთული დღე გამოვიდა, ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა ბანკეტს. სკოლაში ყოფნისას კლასელებს ისე ვერ აღიქვამ, ზოგს უგებ, ზოგს - ვერა, მაგრამ წლების შემედგ სულ სხვანაირ, უკვე გაზრდილ ჩამოყალიბებულ ქალებს და კაცებს რომ ხვდები, ძალიან მაგარი შეგრძნება ყოფილა, იხსენებ სკოლის ამბებს და თითქოს იმ პერიოდში ბრუნდები.
ბოლო დროს საახლობლოში არავინ მყოლია ისეთი, ვისაც ბანკეტი ჰქონდა და ამ ამბებით იყო მოცული, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე და მანო გაბურმა შევქმენით ბრენდი, გვაქვს ატელიე და სხვა დანარჩენთან ერთად, დავიწყეთ ზრუნვა გოგონების საბანკეტო ჩამულობაზეც.
- კი, ზუსტად ასეა. ვინადინ ჩვენ ვართ ბრენდი, ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ შეგვიძლია კლინეტს შევურჩიოთ ისეთი დიზაინის კაბა, რაც მოუხდება და კარგად წარმოაჩენს მას, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მოდის და იცის რა უნდა... განახებს კაბას, რომელიც აცვია „4-მეტრიან“ გოგოს, ვისაც კარგი მკერდიც აქვს, კარგი უკანალიც და თან გეუბნება, რომ ისეთი ამოღებული არ უნდა, რომ მკერდი გამოუჩნდეს, ზედმეტად ჩახსნილი არ უნდა, მაგრამ უნდა ასეთივე ლამაზი იყოს... ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო ის ფაქტიც, რომ მოდელს ეს კაბა იმიტომ უხდება, რომ აქვს იდეალური სხეული, შენს ტანზე კი ასე არ იქნება სხვადასხვა ფაქტორის გამო. მე არ მიღირს შევკერო კაბა მხოლოდ კომერციული გათვლით, მერე ნახონ გემოვნებიანმა ადამიანებმა, რომ ჩვენი იარლიყი აქვს და წარმოდგენა დაეკარგოთ. მირჩვენია უარი ვთქვა ერთი, ან თუნდაც რამდენიმე კაბის შეკერვაზე, ვიდრე იმიჯი შეგველახოს. ჩემთვის იმიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ან თუნდაც რამდენიმე კაბა.
- ცოტა ხნის წინ, ერთი ძალიან კარგი გოგო გამოვპრანჭეთ ბანკეტისთვის. ისეთი გარეგნობა ჰქონდა, ძალიან გადატვირთული კაბა არ უნდოდა, შევუკერეთ სადა, მაგრამ ძალიან ეფექტური კაბა, 150 ლარად. შესაძლოა, ამ ფასში სხვაგან იყიდონ კაბა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენთან შეკერილი არის ექსკლუზიური და არ გაქვს იმის „შიში“, მოვა ვინმე შენნაირ კაბაში გამოწყობილი. გარდა ამისა, როცა ვხედავთ, ადამიანს ხელს არ უწყობს ფინანსური მხარე, ყველანაირად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ეს საკითხი, გავუწიოთ შეღავათი, გული არ დავწყვიტოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ლამაზად წავიდეს ბანკეტზე.
ციცი ომანიძე