"იყო სროლები და ძალიან ბევრი ყვირილი... ბოლო ზარები იქცა ერთ დიდ დრიფტ შოუდ" - გაოგნებული ფოტოგრაფის ნაამბობი
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ განხილვის თემად მეთორმეტე კლასელთა ბოლო ზარი და ბანკეტი ფიგურირებს. უფრო მეტად აქცენტები იმაზე კეთდება, თუ როგორ ცდილობენ ახალგაზრდები საკუთარ თავის წარმოჩენას მატერიალური კუთხით. სწორედ ამ საკითზე ამახვილებს ყურადღებას ფოტოგრაფი გიორგი ბეჟანიშვილი და პირად ფეისბუქ გვერდზე, საკუთარი შთაბეჭდილებების ფონზე პოსტს აქვეყნებს:
"დილა მშვიდობისა.
ჩემი მეგობრების ნაწილმა იცით რომ ფოტოგრაფი ვარ და სტუდია მაქვს.
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე უკვე მეხუთე წელია მიწევს თინეიჯერებთან შეხება. უფრო მეტად კი ეს მაისსა და ივნისში ხდება, ბოლო ზარებისა და ბანკეტების პერიოდში.
წელს, ამ სეზონზე გადაღებას უკვე მოვრჩით და ორიოდე სიტყვით მინდა ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.
ცალკეულად აღებული მთლიანი სურათი ახალგაზრდების ქცევისა საკმაოდ არაშთამბეჭდავი იყო.
ძალიან თვალშისაცემია მატერიალისტური დამოკიდებულებები და სიყვარული სპორტული მანქანებისა და იარაღის მიმართ. იმდენი დრიფტაობა გადავიღეთ, ვფიქრობ მასალა Fast and Furious-ს ხომ არ მივყიდოთ.
კიდევ ერთი, რამაც გამაკვირვა, იყვნენ უუფლებო დედები, რომლებიც თავიანთ ბიჭებს უფრო არა დედის, არამედ მოსამსახურის ამპლუაში დაჰყვებოდნენ.
დედაშვილობა კომპლექსური ფენომენია, თუმცა რაღაც უფლება- მოვალეობებს მაინც ეფუძვნება. ასე უუფლებო დედები იშვიათად მინახავს. ქალები რომლებიც თითქოს სიტუაციის მსხვერპლი იყვნენ.
ჩემი ამერიკელი მეგობარი ხშირად მეუბნებოდა, რომ ჩვენ, ქართველები, ბიჭებს, როგორც მეფეებს, ისე ვზრდით და თავიდანვე ვაძლევთ იმის უფლებას, რომ როგორც მათ უნდათ, ყველაფერი ისე იყოს.
საბოლოო ჯამში, დავინახე ქალები რომლებსაც ხმის ამოღების და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ. ჩუმად უყურებდნენ მათ შვილებს, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში არც ისე შესაფერისად იქცეოდნენ. ყვირილი და ძალაუფლების დემონსტრაცია მთავარ თემად გასდევდა სხვადასხვხვა მოვლენებს.
ცხადია, ასეთი გარემო არაჯანსაღია მუშაობის კუთხით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მომავალი წლიდან მსგავსი "ივენთები" აღარ გადავიღოთ. მხოლოდ ფული ჩემთვის არასოდეს ყოფილა ღირებული. მით უფრო იმ ფონზე რომ მშობელი ვარ მეც, ჩემთვის დამთრგუნველი იყო იმის ყურება, რაც ჩვენ წელს გადაღებებზე ვნახეთ. საქმემ სიამოვნებაც უნდა მოგანიჭოს კაცს, მაგრამ სასიამოვნო ბევრი არაფერი მინახავს ამ გადაღებებზე.
საბოლოო ჯამში, მაინც იმ ღირებულებებზე მეფიქრება, რაც ერთიანად აღებული გამოიკვეთა ამ გადაღებებზე. ცოტა არ იყოს და დამაფიქრა კიდეც, ხომ არ ღირს ჩემი შვილები სადმე სხვა, უფრო ცივილურ და ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ თქო.
კიდევ ბევრის დაწერა მინდა, მაგრამ თან ისიც ვიცი, მსგავსი პოსტები არაფერს ცვლის. თუმცა მაინც ვიტოვებ იმედს, რომ რაღაცნაირად ყველაფერი კარგად იქნება და ყველა ერთად ისეთ გარემოში ვიცხოვრებთ სადაც თავს კომფორტულად და ჰარმონიულად ვიგრძნობთ.
ჩამატება: რომ არ დაგრჩეთ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს სულ ასე იყო ყველა გადაღებასა და ყველა მოსწავლესთან - ხაზს გავუსვამ, რომ ეს საერთო სურათია ასეთი, თორემ ცალკეულად ბევრი ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობის მოწმეც გავხდით,"- წერს ფეისბუქმომხმარებელი.
"ისეთი თანხა დაჯდა ჩემი შვილის ბანკეტი, ვერ გავუშვი და გული დავწყვიტე... მარაზმად იქცა ეს თემა"