"ს ამბავი არ არის ჩემზე. ეს ამბავი გიოზეა და ძალიან მრცხვენია და მერიდება, როცა ამ საოცარ სიტყვებს მე მეუბნებიან" სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ვებგვერდზე ერთი გოგონას, ელენე მარგალიტაშვილის წერილი გამოქვეყნდა, რომელიც გიო ხუციშვილს ეძღვნებოდა. ძალიან მალე ადრესატამდეც მიაღწია. ელენე ის გოგო გიომ წლების წინ სანუკვარი ოცნება რომ აუსრულა - "გავიგე, რომ ცუდად არის და გადავწყვიტე ამ ამბის მოყოლა" - გიო ხუციშვილს 14 წლის წინანდელ ამბავს უხსენებენ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ელენეს გიოს მეუღლე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ეს ამბავი გიომაც გაიგო და ძალიან გაუხარდა.
ელენე მარგალიტაშვილი:
- ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ეს ამბავი გიომდე მივიდა, რაც ვერ მოხდებოდა, რომ არა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ამაზე პირადად იზრუნეს, და რომ არა ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ ამბით დაინტერესდნენ. განვმეორდები: ეს ამბავი არ არის ჩემზე. ეს ამბავი გიოზეა და ძალიან მრცხვენია და მერიდება, როცა ამ საოცარ სიტყვებს მე მეუბნებიან. იმისიც მერიდება, გიოს ოჯახი ასეთ დროს ასე რომ შევაწუხე, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ამ ამბავმა ბევრი იმოგზაურა. ერთმა ქალმა მისაყვედურა კომენტარებში, აქამდე სად იყავი, ადრე მოგეყოლაო. ჰოდა, მართალია. სიკეთის და ბედნიერების ამბები დროულად უნდა გავაზიაროთ. დროულად უნდა გადავიხადოთ ყველა მადლობა და დროულად უნდა ვაგრძნობინოთ ადამიანებს, როგორი განსაკუთრებულები არიან, როგორ ვაფასებთ და როგორ ცვლიან ჩვენს ცხოვრებას თავიანთი სიკეთით, კარგი სიტყვებით, ემოციებით ან, უბრალოდ, არსებობით. მე არ მეგონა, ჩემს ნაწერს რამე თუ შეეძლო, მაგრამ გიომ უკვე მეორედ დამიმტკიცა, რომ გაზიარებულ სიკეთეს და ბედნიერებას ყველაზე დიდი ძალა აქვს. იმდენი კეთილი სურვილი წავიკითხე და იმდენმა ადამიანმა ინატრა გიოს კარგად ყოფნა, რომ გულწრფელად მჯერა - აუცილებლად მიუვა სათითაოდ ყველა ადამიანისგან გაგზავნილი სურვილი და აუცილებლად უკეთ იქნება. და ბუმერანგივით დაუბრუნდება ყველაფერი კარგი, რაც გაუკეთებია.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა სათითაოდ ყველა ადამიანს, ვინც უამრავი ჯადოსნური სიტყვა მითხრა და გიოს სიკეთის გაზიარებაში დამეხმარა.
სალომე გორგოშიძე