"7-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, დედა ავადმყოფი ჩამოვიდა და მალე გარდაიცვალა" - თამუნა გიორგაძის სევდიანი ამბავი
"7-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, დედა ავადმყოფი ჩამოვიდა და მალე გარდაიცვალა" - თამუნა გიორგაძის სევდიანი ამბავი
თამუნა გიორგაძის ნიჭმა და ინდივიდუალიზმმა "იქს ფაქტორში" გამოჩენისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. 2 სკამის ტურში თამთა გოდუაძის გადაწყვეტილბით, პროექტს მიღმა რჩებოდა, მაგრამ ანრი ჯოხაძემ გადაარჩინა. თუმცა გუშინდელ ლაივკონცერტზე აუთსაიდერებს შორის მოხვდა და სამწუხაროდ, პროექტს გამოეთიშა...
თამუნასთან ინტერვიუ კონცერტის წინ ჩავწერეთ. მიუხედავად პირადი ტრაგედიისა და განვლილი მძიმე ცხოვრებისა, ყოველთვის ცდილობს, გამოსავალი მძიმე ვითარებიდან თავად იპოვოს და სხვებს საკუთარი სევდა არ გადასდოს.

- ბავშვობიდან ძალიან აქტიური, მოუსვენარი და ცელქი ვიყავი. ბაღში სიარული არ მიყვარდა, მაძინებდნენ, რაც ჩემთვის "ტრაგედია" იყო, ამიტომ ბაღში ძირითადად არ

დავდიოდი, მხოლოდ მაშინ მივყავდი დედას, როცა ზეიმი იყო, ვმღეროდი და ეს მომწონდა. შემდეგ იყო სკოლა, რომელიც არაჩვეულებრივად მახსენდება, ყველანაირ ღონისძიებაში აქტიურად ვიყავი ჩართული, სადმე რამე თუ ხდებოდა, წამყვანი როლი მქონდა, კარგად მახსენდება სკოლის პერიოდი.


- როგორც ვხვდები სცენა, მუსიკა თქვენს ცხოვრებაში ბავშვობიდანვე დიდ ადგილს იკავებდა...

- კი, კი, დედა იყო მუსიკოსი და აქტიურად ვყავდი ჩართული ყველაფერში, რასაც მუსიკასთან ჰქონდა კავშირი. მუსიკალური შვიდწლედიც დამთავრებული მაქვს, მყავდა ძალიან კარგი მასწავლებელი - ნუგეშა გიორგობიანი, რომელიც ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. მე უფრო სიმღერა მიყვარდა და ვოკალისკენ ვიხრებოდი, მუსიკალურში კი ფორტეპიანოს ვსწავლობდი. ძალიან დიდხანს, 5-6 საათი ვმეცადინებოდი, ეტყობა, რთული

იყო ეს ბავშვისთვის და თავის დანებება მინდოდა, თუმცა დედამ დამაძლევინა ეს "არ მინდა, არ მინდას" პერიოდი და შემდეგ უკვე, სწავლას რომ ვამთავრებდი, გული მწყდებოდა, რომ სრულდება.

mshoblebi

- სკოლის შემდეგ ბუნებრივია, დადგებოდა პროფესიის არჩევის საკითხიც...

- კი, რა თქმა უნდა და ძალიან რთული ეტაპი იყო. ყოველთვის მინდოდა, შემოქმედებითი პროფესია მქონოდა, მსახიობობა მინდოდა ძალიან, ახლაც მუსკომედიის თეატრის მსახიობობაზე ვოცნებობ. სიმღერა, სცენა ესაა სივრცე, სადაც თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობ. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, არ გამოვიდა სამსახიობოზე ჩაბარება, ქუთაისში ვცხოვრობდი, თბილისში უნდა გადმოვსულიყავი, იყო კიდევ სხვადასხვა საკითხი, რის გამოც სპონტანურად გადავწყვიტე, ფილოლოგიურზე ჩამებარებინა. იმ ასაკში ალბათ კარგად არც იცი, რა გინდა გამოხვიდე, მაგრამ საბოლოო ჯამში უკმაყოფილო მაინც არ ვარ ჩემი არჩევანით, ბევრი რამ ვისწავლე, კარგი ადამიანები გავიცანი, საუკეთესო მეგობრები შევიძინე. როცა სწავლობ რაღაცას, არც ერთი წუთი დაკარგული არ არის.


- გარდა ამისა, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით...

- კი, ქუთაისში ბაღში ბავშვებს სახალისო ინგლისურს ვასწავლი. სტუდენტობის პერიოდში ვცდილობდი, მემუშავა, ბავშვებთან დავდიოდი და ვამეცადინებდი. სულ აქტიური რეჟიმით ვცხოვრობდი, გაჩერებული თითქმის არასდროს ვყოფილვარ. დედას შემდეგ, "აზრზე მოსვლის" პერიოდი მქონდა, რთული და პასიური, სხვა მხროვ  არ ვყოფილვარ გაჩერებული ერთ ადგილას.


- თუ შეიძლება დედაზე გკითხოთ, რამდენი წლის იყავით, როცა გარდაიცვალა და რა იყო მიზეზი?

- უნივერსიტეტს ვამთავრებდი, 21 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა თავის ტვინზე, უკვე მძლავრ ეტაპზე იყო, როცა ჩვენ გავიგეთ და აღარაფერს არ ჰქონდა აზრი. მანამდე დედა 7 წელი საბერძნეთში იყო, 13-ის ვიყავი როცა წავიდა, რომ ჩამოვიდა, უკვე ავად იყო. 23 ივნისს ჩამოვიდა და 23 აგვისტოს უკვე დასაფლავება გვქონდა. ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა, ჩამოვიდოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ...


- 13 წლის გოგონასთავის დედის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იყო თქვენს გვერდით, ვინ გეხმარებოდათ ამ პერიოდში, როცა დედა წავიდა და ფაქტობრივად, მარტო დარჩით სახლში მამასთან, ძმასთან და საოჯახო საქმეებთან ერთად...

- დედის არყოფნა ჩემთვის დიდი დანაკლისი იყო. თვითონაც სულ ნერვიულობდა ამაზე, ფიქრობდა, რომ ბევრი რამე დაგვაკლო, ვერ გავაკეთე ის, რაც საჭიროა, თქვენს გვერდით უნდა ვყოფილიყავიო, - ამბობდა ხოლმე. რომ ჩამოვიდა, ხშირად ისმენდა შვილებზე საქებარ სიტყვებს და ერთხელ მითხრა, მომისწრია თქვენთვის რაღაცების გადმოცემა, კმაყოფილი ვარ, რომ მეუბნებიან, ზრდილობიანი, კარგი შვილები გყავსო. მიუხედავად იმისა, რომ დედა არ გვყავდა გვერდით, არაფერი აგვრევია. დედას წასვლის შემდეგ რეალურად ბევრის გადატანა მომიწია. 17-18 წლის ისეთ ოჯახურ საქმეებს ვაკეთებდი და ვაგვარებდი, რაც იმ ასაკში არ უნდა შემხებოდა, გონება სხვა რაღაცებისკენ უნდა მქონოდა მიმართული, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა და ვაკეთებდი. თავიდან დედა რომ წავიდა, ბიცოლა მეხმარებოდა, ბებო ცოცხალი იყო და ისიც გვერდით მედგა, მაგრამ მე მაინც ვცდილობდი, არავინ შემეწუხებინა, მამაც კი, და დამოუკიდებლად ვაკეთებდი ყველაფერს. ასე რაღაცნაირად ჩემით გავიზარდე (იღიმის).  რაღაცებს უფრო ადრე მივხვდი, "ადრე" გავიზარდე, თუმცა, დედა მეუბნებოდა ხოლმე, შენ დაბადებიდან დიდი იყავიო (იცინის).

თამუნას პირველი გამოსვლა "იქს-ფაქტორზე"

- ბებო როდის გარდაიცვალა?

- დედას წასვლიდან 2 წლის შემდეგ. ძალიან მაგარი ბებო მყავდა, დედაჩემის დედა. ბებოსგან მაქვს სიმღერის ნიჭი, მღეროდა, უკრავდა, ძალიან მაგარი ქალი იყო, ახლოს ვიყავით, ვმეგობრობდით, გამიჭირდა მის გარეშე ყოფნა ძალიან. ჩვენთან არ ცხოვრობდა, მასთან ხშირად მივდიოდი, მაგრამ ორი დღე რომ დამაგვიანდებოდა მისვლა, ისე ბრაზობდა, ისე ბრაზობდა, ვერ აგიხსნით. კოშმარი იყო მისთვის, ორი დღე თუ არ მივიდოდი.


- ძალიან ბევრი გადაგიტანიათ საკმაოდ პატარას, მაგრამ ვხედავ, რომ ძალა გიპოვნიათ და შემართებით აგრძელებთ ცხოვრებას...

- კი, ასეა, ხასიათი მაქვს ასეთი, არ ვსაუბრობ ჩემს ტკივილზე, პრობლემებზე. "იქს ფაქტორში" რომ მივედი პრეკასტინგზე და გამომკითხეს ყველაფერი, მაშინ გაიგეს, რომ დედა არ მყავდა. ასე გაიგო მერე მთელმა საქართველომაც ჩემი სევდიანი ისტორია, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, არ ვიყო სევდიანი და ჩემი განწყობა არ გადავდო სხვა ადამიანებს.


- ახლა "იქს ფაქტორზე" მომიყევით, რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება? ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მხარი დაგიჭირათ, დაგეხმარათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში?

- ჩემმა შინაგანმა შემომიძახა და გადამაწყვეტინა კონკურსში მისვლა. როცა რაღაც გაწუხებს, გინდა რაიმე ფორმით გამოუშვა შენი შინაგანი ემოცია, მე სიმღერაში გადმოვცემ ამ ყველაფერს, რომლის გარეშეც არ არსებობს არც ერთი დღე ჩემთვის. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი მუსიკა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მშველელი და გადამრჩენელი. სხვათა შორის, დედა სულ მეუბნებოდა, რატომ არ გადიხარ რაიმე კონკურსზე და არ ცდილობ, შენი ნიჭი ხალხამდე მიიტანოო. არ ვიცი რატომ, მაგრმ მე სულ თავს ვიკავებდი. თუმცა, ცხოვრებაში რაღაცებს რომ გადააფასებ, მიდიხარ იმ აზრამდე რომ ის უნდა აკეთო, რაც სიამოვნებას განიჭებს და ბედნიერს გხდის, ამიტომაც მივედი "იქს ფაქტორში" და გამიმართლა კიდეც.


- "იქს ფაქტორშიც" არ გაგივლიათ მარტივი გზა... ფაქტობრივად დატოვეთ პროექტი და ხელახლა დაიწყეთ ბრძოლა, მას შემდეგ, რაც ანრი ჯოხაძე შემოამატა კონკურსს...

- კი, ნამდვილად რთული იყო, ბევრი შრომა, ნერვიულობა, უძილო ღამე გავიარე და ახალც ასე ვარ... რთული მოსასმენი იყო, როცა 2 სკამის ტურზე თამთამ თქვა, რომ მე უნდა წავსულიყავი. არ გავბრაზებულვარ მასზე, გათავისებელი მქონდა, რომ ეს კონკურსი იყო და შეიძლებოდა, მე მის მიღმა აღმოვჩენილიყავი. თუმცა, ანრიმ რომ დამაბრუნა, ორმაგი სტიმული მომეცა, თითქოს ახალი ძალით შევედი პროექტში.

mshoblebi

- როგორია ანრი მუშაობისას?

- ყველაზე მეგობრული და მაგარი ადამიანი. ყველაფერში მეხმარება და გვერდით მიდგას, პიროვნულადაც გავიცანით ერთმანეთი, ეს მხოლოდ საქმიანი დამოკიდებულბა არაა, იცის, როგორ მოგიდგეს, შენიშნვა როგორ მოგცეს. საერთოდ, სხვანაირი წარმომედგინა ანრი, მაგრმ ძალიან უშუალო და მეგობრული ყოფილა. გამიმართლა, რომ ანრი შემხვდა მენტორად.


- მამა, ძმა თუ ახერხებენ ლაივებზე, ჩაწერებზე ჩამოსვლას?

- კი, როგორ არა. მთელი ქუთაისი მიდგას გვერდით, არ ველოდი ამხელა მხარდაჭერას არამარტო ჩემიანებისგან, არამედ სრულიად უცხოებისგან და ეს ძალიან ამაღელვებელია... გაასმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ხანდახან საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, ეს ჩემს თავს ხდება მართლა თუ არა-თქო?!


- თქვენი საუბრიდან დამრჩა შეგრძნება, რომ "იქს ფაქტორით" არა მხოლოდ შინაგანი ემოციების გადმოცემა მოახერხეთ, დედას სურვილიც შეასრულეთ...

- კი, ასეა. დედა ახლა ყველაზე ბედნიერი იქნებოდა... მისი დიდი სურვილი იყო ეს... და კარგი შეგრძნებაა, რომ არა მარტო ჩემს სურვილს, მისასაც ვასრულებ. უკეთესი იქნებოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მის მხარდაჭერას ყოლველთვის ვგრძნობ, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე.

ციცი ომანიძე

7758
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?