"სამღვდელოება უარს აცხადებს წესის აგებაზე, რადგან ბავშვის მონათვლა გარკვეული მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა" "გომბორზე დაღუპული ქრისტიანი ნინიკოს მშობლები ამ წუთას კიდევ უფრო გაუბედურდნენ. სამღვდელოება უარს აცხადებს წესის აგებაზე, რადგან ბავშვის მონათვლა გარკვეული მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შეძრული ვარ მათი ტკივილით ამ ფაქტის გამო და ვეკითხები საზოგადოებას: რა არის რელიგია, შვილმკვდარი დედების მიმართ თუ ვერ იქნება ჰუმანური?" - ეს პოსტი გუშინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და ბუნებრივია, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია...
დავინტერესდით და აღნიშნული ინფორმაცია საპატრიარქოში გადავამოწმეთ.
იქ განგვიცხადეს, რომ ასეთ საკითხებს მამა თეოდორე წყვეტს, თუმცა სამდვივნოში ჯერჯერობით ბავშვის ოჯახიდან არავინ მისულა ასეთი თხოვნით.
- თუ მოვლენ, არ ვიცით, ასეთ შემთხვევაში რას გადაწყვეტს მამა თეოდორე და კომისია. ის რომ ჯერ არავინ მოსულა, ამას სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, - აღნიშნავენ საპატრიარქოს სამდივნოში.
ბავშვი იყო თუ არა მონათლული და მის წესის აგებასთან დაკავშირებით იყო თუ არა პრობლემა, ინფორმაციას არ ფლობენ 175-ე სკოლაშიც.
175-ე სკოლის დირექტორის მოადგილე გულნაზი ჩარექაშვილი:
- თქვენგან მესმის პირველად და ვერაფერს გეტყვით, არც სკოლაში იციან რამე ამის შესახებ... გუშინ ვიყავი პანაშვიდზე და ბავშვის დედა ხელჩაკიდებული მოიყვანეს... ტყუილი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს შვილის გარდაცვალებაზე არ იცოდა, თავად იქვე ეკავა ხელში სისხლიანი ბავშვი თურმე... გარდაცვლილი ბავშვის კლასი სკოლაში არ დადის ამჯერად, რადგან მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ახლა ყველას გვესმის რომ უმძიმესია.
მანანა გაბრიჭიძე