"ირაკლი კობახიძე უფრო ლამაზია, ვიდრე კახი კალაძე" - როგორ მოხიბლა პარლამენტის თავჯდომარემ პატარა ნიაკო - მშობლები

"ირაკლი კობახიძე უფრო ლამაზია, ვიდრე კახი კალაძე" - როგორ მოხიბლა პარლამენტის თავჯდომარემ პატარა ნიაკო

2018-06-18 14:27:27+04:00

იქვე ვთამაშობდით ბავშვები და რომ მოვიდნენ, ახლოს მივედი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ყურადღება მიიქცია პარლამენტის თავჯდომარესთან – ირაკლი კობახიძესთან ახლოს მდგომმა პატარა გოგონამ, რომელიც მას განსაკუთრებული ინტერესით უყურებს... ვინაიდან ფოტოს ბევრი პოზიტიური კომენტარი მოჰყვა, გადავწყვიტეთ, უსაყვარლესი ნიაკო ჩახაია მკითხველს გავაცნოთ...

- მე ნიაკო მქვია, 8 წლის ვარ... 50-ე სკოლაში ვსწავლობ, მესამე კლასში გადავედი. ორი ძმა მყავს. ერთი ექვსი წლის არის და მეორე წლის და შვიდი თვის... მხატვრულ კითხვაზე დავდივარ, ადრე რუსულზე და ხატვაზე დავდიოდი, ახლა ინგლისურზე უნდა შევიდე.

- როგორ აღმოჩნდი პარლამენტის თავჯდომარესთან ისე ახლოს?

- იქვე ვთამაშობდით ბავშვები და რომ მოვიდნენ, ახლოს მივედი... ვიცანი ქალაქის მერი და პარლამენტის თავჯდომარე და ძალიან დავინტერესდი. მათთან ძალიან ახლოს მივედი, ირაკლი კობახიძე შემობრუნდა და გამიღიმა კიდეც... კახმაც გამიღიმა.

- არაფერი გითხრეს?

- არაფერი უთქვამთ, კარგები არიან.

- რომელი უფრო მოგეწონა?

- ორივე კარგი იყო, სიმპათიური... ისე ირაკლი კობახიძე უფრო ლამაზია, ვიდრე კახი კალაძე. კიდევ მინდა მათი ნახვა.

- რა გინდა თხოვო, რომ ქალაქში გააკეთონ?

- ბევრი კარგი ადამიანი რომ დადიოდეს!

- კიდევ რაზე ოცნებობ? თუ ყველაფერი გაქვს და ოცნება არ გჭირდება?

- კი მჭირდება ოცნება – დიდი სახლი მინდა!

ნიაკოს დედა, თამუნა შენგელაია:

– ბავშვებს, რომ ვასეირნებდი, ნიაკომ მოირბინა და მითხრა, ტელეფონი მათხოვე, რაღაც უნდა გადავიღო და ჩემს გუბაზ ბიძიას გავუგზავნოო. თან მითხრა, წამოდი გაჩვენებ მაგიდაზე რაები აწყვიაო. მივედით, სადაც ახლადაღმოჩენილი არტეფაქტები იყო გამოფენილი. ნიაკო გვიხსნიდა, მეთორმეტე საუკუნის ნივთებიაო, ადრე მაცივარი რომ არ იყო, ამათში ინახავდნენ ყველაფერსო... ირგვლივ ყველას უკვირდა ბავშვმა, რომ ამდენი იცოდა და თურმე ყველაფერი წინა დღეს ჩემს ძმას ჰქონდა ახსნილი... შემდეგ მე ნიაკო დავტოვე ბავშვებთან და წამოვედი. ცოტა ხანში ძალიან გახარებულმა და ბედნიერმა მოირბინა, ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე ვნახე, მათ თავზე ხელი გადამისვეს და მომეფერენო... იმდენად გახარებული და აჟიტირებული იყო, მთელი დღე საინფორმაციოებს უყურებდა, მეც გამოვჩნდებიო. ტელევიზიით არა, მაგრამ სოციალურ ქსელში ბევრმა ნახა ნიაკოს ფოტო...

მანანა გაბრიჭიძე