"ასე მეგონა, ქალაქი გაცოცხლდა" პროექტი "თბილისის ცის ქვეშ" აქტიურ ფაზაში შევიდა და ამ უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაესტრო გელა ფარჩუკიძის ხელმძღვანელობით, თბილისის ბიჭუნათა კაპელისა და ახალგაზრდული გუნდის კონცერტით გაიხსნა.
ნიჭიერი მოზარდების მიერ ქართულ თუ უცხო ენებზე შესრულებულ ცნობილ და უცნობ სიმღერებს ოვაციებით შეხვდა უამრავი ადამიანი, რომლებიც ჩერდებოდნენ და მონუსხულები უსმენდნენ. მართლაც საოცარი სანახაობა იყო და ალბათ ყველასთვის დაუვიწყარი, ვინც იმ დროს რუსთაველზე აღმოჩნდა.
ბევრი იყო უცხოელი ტურისტი, რომლებიც ლაივში იღებდნენ ქართველი ბავშვების ნამღერს, ჩვეულებრივი გამვლელები, რომლებიც სამსახურებიდან დაღლილები ბრუნდებოდნენ სახლებში, მაგრამ ეს სანახაობა ვერ გამოტოვეს, გაჩერდნენ და აღტაცებულები უსმენდნენ. ბევრი ამბობდა (დიდებიც და პატარებიც), ეს რა ქენით - საქმეზე მივდიოდით და სულ გადაგვავიწყდაო... მანქანები ჩერდებოდნენ და მძღოლები მობილურებით ხელში იღებდნენ სანახაობას.
"ასე მეგონა, ქალაქი გაცოცხლდა, - თქვა ერთ-ერთმა მაყურებელმა და ღიმილით დაამატა, - ეს ალბათ პირველი "კეთილშობილური" მიზეზი იყო, რის გამოც რუსთაველზე ტრანსპორტის დაბრკოლება შეიქმნა".
კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო.
- „თბილისის ცის ქვეშ” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც წელს დავიწყეთ. გვინდა, ზაფხულის თვეებში დედაქალაქში სიცოცხლე იგრძნობოდეს. ყოველი კვირის უქმეებზე ქალაქში არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილები და თბილისელებს აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ კონცერტები, ნახონ სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები. დღეს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის დაქვემდებარებაში არსებული ბიჭუნათა კაპელისა და ახალგაზრდული გუნდის კონცერტი გაიმართა და ვფიქრობ, მართლაც სასიამოვნო გარემო შეიქმნა. ეს პროექტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ყველა მუსიკოსი იქნება ჩართული. ჩვენ ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავისი ნიჭი გამოავლინოს. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კონცერტი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და კმაყოფილი დატოვა უამრავი ადამიანი. იქვე მდგომი ტაქსისტები ხუმრობდნენ, კიდევ რომ ემღერათ 2-3 სიმღერა, უკვე სულ გადაიკეტებოდა პროსპექტი და ამასაც კახის დააბრალებდნენო...
სასიამოვნოა, როცა ქალაქში ხანდახან ასეთი დადებითი შთაბეჭდილებების მომტანი და პოზიტივით დამუხტული ამბებიც ხდება და ადგილობრივებიც იღებენ ბევრ კარგ ემოციას და უცხოელი სტუმრებიც აღტაცებულები რჩებიან იმით, რაც მართლა გვაქვს საამაყო.