ასე ვმეცადინეობ, ხან შინ, ხან გარეთ, ბოდიში რა... არ გეწყინოთ... - ჯონი მაპოვნინეთ, რა...
- ბატონო?! - ვიბნევი.
- უკაცრავად, კარგად ვერ ვხედავ და იქნებ თქვენ დამეხმაროთ, მომაძებნინოთ, - ტელეფონს მაწვდის.
- ააა, გასაგებია... - კი გავერკვიე, რა სურდა, მაგრამ ცხადია, მისი ტელეფონის მენიუს ვერაფერი გავუგე.
მიუხედავად იმისა, რომ ვერ დავეხმარე, მადლობას მაინც მიხდის, თან არაერთხელ. მერე გაჩერებაზე მიდის და სიცხისგან გათანგულ ხალხს ინგლისურად ეკითხება, თუ რომელი ავტობუსით მივა აღმაშენებელზე. რამდენიმე ახალგაზრდა აკვალიანებს. მათაც მადლობას ეუბნება და ახლა უკვე ქართულად უხსნის:
"4 შვილი და 8 შვილიშვილი მყავს. არც ერთი საქართველოში არ ცხოვრობს. სულ პატარა, უმცროსი შვილიშვილი მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობს და მეც მინდა ენა ვისწავლო. ჰოდა, ასე ვმეცადინეობ, ხან შინ, ხან გარეთ, ბოდიში რა... არ გეწყინოთ... ჩემს შვილიშვილს რომ ვნახავ, მინდა გავაკვირვო, ბაბუს ინგლისური სცოდნიაო"...
- გამონაკლისი არ ხართ, - კაცის საუბარს ყური მოჰკრა შუახნის ქალმა, - ასეა გაკრეფილი საზღვარგარეთ ნახევარი საქართველო. ვწვალობთ ყველანი... გვენატრება ჩვენი შვილები... ჩემი შვილიც საზღვარგარეთაა სამუშაოდ, 5 წელია არ მინახავს.
კაცმა უხმოდ დაუქნია თავი. ქალმა ეს თქვა და დასევდიანდა, მერე კაცს დაემშვიდობა და ფეხი ლურჯ ავტობუსში ადგა.
გული დამეწვა...
ანა კალანდაძე
წაიკითხეთ ასევე:
"ქმარი დაკარგა იუსტიციის სახლში და ტიროდა" - მოხუცი ცოლ-ქმრის ისტორია