"როცა საქმე ბავშვების დასვენებას ეხება, უპირატესობას მთის კურორტებს ვანიჭებ" დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ ზაფხული დასვენების და განტვირთვის დროა. ზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება ფიქრი დასვენებაზე. მშობლები შვილებთან ერთად სხვადასხვა კურორტზე, აგარაკზე ან სულაც მშობლიურ სოფელში მიდიან. Mshoblebi.ge დაინტერესდა, სად აპირებენ შვებულების გატარებას ცნობილი ადამიანები შვილებთან ერთად.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
- საბას შემთხვევაში არდადეგებს სხვანაირად ვგეგმავთ. პირველ რიგში ერთი თვე მამასთან უნდა წავიდეს, ამიტომ უპირატესი ეს შემთხვევაა. ამის შემდეგ საქართველოში ვისვენებთ, მთაშიც და ზღვაზეც. მე პირადად მთის კურორტებიდან უპირატესობას სვანეთს ვანიჭებ. ზღვაზე საბერძნეთში წავალთ აგვისტოს ბოლოს. მანამდე აჭარაში წავიყვან ორი კვირით. მინდა ყველას ბედნიერი დასვენება ვუსურვო.
ვერიკო ტურაშვილი:
- როცა საქმე ბავშვების დასვენებას ეხება, უპირატესობას მთის კურორტებს ვანიჭებ. ბოლო პერიოდში ვცდილობ თბილისის შემოგარენში დავასვენო ბავშვები. ყოველ წელს ვქირაობთ აგარაკს. სწორედ დღეს გადავწყვიტეთ ეს საკითხი. წელს უპირატესობა კოჯორს მივანიჭე. ბაკურიანშიც ვყოფილვართ, ბორჯომშიც, მაგრამ წელს თბილისთან ახლოს გადავწყვიტეთ დასვენება. თან მინდა საქმე ვაკეთო და თან ბავშვებსაც მივაქციო ყურადღება. ზღვაზეც მინდა მათი წაყვანა. ვეცდები საზღვარგარეთ წავიყვანო. აქ ამინდებს ვერ ვენდობი. შეიძლება ორი კვირით წახვიდე და ათი დღე წვიმდეს. ზღვაზე წაყვანას უფრო სექტემბრისკენ ვფიქრობ, როცა ასეთი ცხელი ამინდები აღარ იქნება.
„კოჯორში, წყნეთში ისეთი ფასები აქვს სახლებს, რომ რეალობასთან ახლოსაც არაა" - ცნობილები და დასვენება
ნანიკო ხაზარაძე:
- სიმართლე გითხრათ, სიცხეები არ მაწუხებს. სამწუხაროდ ჯერ შვებულება ძალიან შორს არის და არ ვიცი, სად გადავწყვეტთ მე და ჩემი შვილი დასვენებას. ყველა ადგილს, მთასაც და ზღვასაც თავისი დადებითი მხარე აქვს.
ნინო ნადირაძე:
- შიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მე არასოდეს არ მცხელა. პირიქით, ძალიან მიყვარს ზაფხული. ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ მაქვს, ვინაიდან გაგანია მუშაობაში ვარ და დასვენება ცოტა შორეული პერსპექტივაა. რაც შეეხება ჩემს შვილებს, ბაკო უკვე 21 წლის არის და თავად იღებს გადაწყვეტილებებს, სად დაისვენოს. ზღვაზეც მეგობრებთან ერთად მიდის, მთაშიც და საზღვარგარეთაც. ივიკოზე ვნახოთ, რას გადავწყვეტთ, ჯერ არ ვიცით, სად დავისვენებთ.
მერი ბლიაძე