მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს
17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ დრომდე ავტობუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ავტობუსი მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ამასთან, როგორც ავტობუსის მძღოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის დაჭრამდე ავტობუსში განსაკუთრებული ხმაური არ ყოფილა.
"მეთორმეტე კლასელია. უკანა კარებთან მოხდა შემთხვევა, ამიტომ ვერაფერი დავინახე, მაგრამ ავტობუსი აღარც გამინძრევია, გავაჩერე, ჩამოიყვანეს და დააწვინეს დაბლა. ორივე მგზავრები იყვნენ, დაჭრილიც და დამნაშავეც. მანამდე სავარაუდოდ, ხმამაღალი საუბარი იყო, თუმცა განსაკუთრებული არაფერი"- განაცხადა ავტობუსის მძღოლმა.
დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონულ ჰოსპიტალში ოპერაცია დასრულდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, 17 წლის მოზარდს კუჭი და პანკრეასი აქვს დაზიანებული.
"პაციენტი მოყვანილი იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის და ჰემორალური შოკის დიაგნოზით. ჩაუტარდა ოპერაცია. დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, იყო ასევე კუჭის გამჭოლი ჭრილობა, ასევე იყო პანკრეასის ქვედა კიდის გამჭოლი ჭრილობა. გაიკერა კუჭი, პანკრეასი და დაზიანებული სხვა ორგანო. შეჩერდა სისხლდენა. სისხლის დანაკარგი დაახლოებით 2 ლიტრამდეა. მძიმეა მდგომარეობა პაციენტის, გადაყვანილია რეანიმაციაში", - განაცხადა ზოგადი ქირურგიული დეპარტამენტის უფროსმა ლექსო ლაგვილავამ.
შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც"ინტერპრესნიუსს"შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"