„იმდენად დიდი სიყვარული ვიგრძენი ამ ოჯახისგან, მალევე დავუძახე - დედა და მამა“ - კუნძულ უტოიაზე დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახის ნაშვილები გოგონას გულწრფელი ინტერვიუ... „2011 წლის 22 ივლისი, დღე, როდესაც 77 ადამიანი ერთი ადამიანის მსხვერპლი გახდა, ამ მოვლენამ კი უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. 77 ადამიანს შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანი, რომლის სიკვდილიც მეხის გავარდნას ჰგავდა ახლობელი ადამიანებისთვის და არა მარტო მათთვის, ყველა განიცდიდა მის გარდაცვალებას მათ შორის მეც. ოჯახს რომელსაც ეს გოგონა ბედნიერებას ჰგვრიდა, მოულოდნელად გამოეცალა ხელოდან ისე რომ ამის გაცნობიერებაც ვერ შეძლეს. ცხოვრება ძნელია როცა ადამიანს შვილი უკვდება თანაც ერთადერთი, ამ დარდს კი ვერაფერი ცვლის. 2 წლის შემდეგ მე გამოვჩნდი და ამ დარდით სავსე სიცოცხლეს რაღაც იმედი შევძინე. როგორც დედა ამბობს, "ჩვენს სიცოცხლეს აზრი მიეცა შენი გამოჩენის შემდეგ, ახალი საზრუნავი გაგვიჩნდა და ღირს ჩვენი ცხოვრება" ნამდვილად გმირია ის ადამიანი ვინც ასეთი უბედურების შემდეგ ხელახლა დაიწყებს ცხოვრებას და უკვე განვლილ წლებს გაიმეორებს, თანაც პირნათლად, ასეთია დედიკო და მამიკო... ისინი ბევრ ენერგიას ხარჯავენ ჩემი წარმატებისთვის, რომელიც ასევე წარმატებით დაგვირგვინდება... თამთა კი ზემოდან დაგვყურებს და ჩვენი ბედნიერებით ხარობს, დამიტოვა სიყვარული რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ ჩემს გვერდით მყოფებისგან, უცნობებისგან თუ ნაცნობებისგან. მე ვაფასებ მათ ყურადღებას...
ამ უბედურებიდან 7 წელი გავიდა, მაგრამ წლები დღეებივით ილევა, ეს ტკივილი კი ისევ ძლიერია, ერთადერთი რაც დაგვრჩენია გაძლებაა. როგორც ჩვენ გვსურს საუკეთესო ადამიანები მრავლად იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში, ასევე ღმერთს თავისთვისაც კარგი უნდა. ისინი გვიტოვებენ ბედნიერ მოგონებებს, რომელთა გახსენებითაც მუდამ იარსებებენ ჩვენს გულებში... თამთა მარად იქნება ჩემში!“ - წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ნინი ლიპარტელიანი. ეს ის გოგონაა, რომელიც ბრეივიკის მიერ კუნძულ უტოიაზე დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ, ლიპარტელიანების შვილმკვდარ ოჯახში მოხვდა.
ნინი ლიპარტელიანი თავად გვესაუბრა, თუ რას ნიშნავს მისთვის, ამ ოჯახის ერთადერთი იმედი რომ აღმოჩნდა...
- მაშინ 9 წლის ვიყავი, როცა ეს ამბავი გავრცელდა... თვალყურს ვადევნებდი ახალ ამბებს და როგორც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას, ისე განვიცდიდი თამთას დაკარგვას...
- როცა გადაწყდა, რომ ამ ოჯახის შვილი უნდა გამხდარიყავი, ამ ამბავს როგორ შეხვდი?
- როცა პირველად მითხრეს, თამთა ლიპარტელიანის ოჯახს უნდა შვილის აყვანაო და ამ ამბავმა ჩემამდე მოაღწია, თითქოს თავიდან ვერ გავაცნობიერე, თუმცა რომ დავუფიქრდი, ასეთ ტკივილგადატანილი ოჯახისთვის რაღაც იმედის მიცემა შემეძლო, გამიხარდა კიდეც. პატარა ვიყავი, მაგრამ ტელევიზორში რომ ვხედავდი, მეცოდებოდნენ, კიდეც შემიყვარდნენ.
როცა პირველად შემოვდგი ამ ოჯახში ფეხი, თავი უცხოდ არ მიგრძნია. დავიწყე ფოტოების თვალიერება და თანდათან ვეცნობოდი ყველაფერს, ჩემთვის არავის არ არაფერი დაუძალებია, რაც გინდა ის გვიწოდეო, მაგრამ იმდენად დიდი სიყვარული ვიგრძენი ამ ოჯახისგან, რომ მალევე დავუძახე დედა და მამა... ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებული ადამიანი დავდგე და მომავალში არაფერი გამიჭირდეს...
- როგორც ვიცით, კარგი განათლება ამ ოჯახისთვის უმთავრესია... 7 წლის წინ თამთა როგორც წარმატებული სტუდენტი, ისე მიიწვიეს...
- დიახ... იქ იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა სოციალისტების" წევრები რჩეული ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ნორვეგიიდან... ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე საუბრობდნენ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა საკითხებზე...
მანანა გაბრიჭიძე