მისი დედა ტყეში საქონელს მწყემსავს, სანამ რამინი სკოლაშია სოფელი კიკიბო, ადიგენის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და მიუვალი, თუმცა ამავე დროს ულამაზესი სოფელია. გზად მიმავალს, მთის ფერდობზე შესაძლოა ჟანგიანი, ძველისძველი ვაგონი შეგხვდეთ. ეს კიკიბოს დაწყებითი სკოლაა, სადაც ერთადერთი მოსწავლე, რამინ გობაძე სწავლობს. რამინს არც კლასელი ჰყავს, არც - სკოლელი. სამაგიეროდ, ჰყავს ნანა მასწავლებელი, რომელიც ძალიან უყვარს.
რამინი მშობლებთან ერთად ახლა მთაში ცხოვრობს. ოჯახს 15 სული ძროხა მყავს. ვიდრე რამინი სკოლაშია, დედა, დალი ხარაბაძე ტყეში საქონელს მწყემსავს. ახლა არდადეგებია და საქონელი მთაში გარეკეს. ოჯახიც იქ გადაბარგდა. მრავალი ცდის შემდეგ როგორც იქნა, რამინს დავუკავშირდით.
- მეოთხე კლასში გადავედი. ორი კლასელი მყავდა, მაგრამ შარშან აიბარგნენ და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. დავრჩი სკოლაში მარტო. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მოვიწყინე, მაგრამ მერე შევეჩვიე. მხოლოდ მე და ნანა მასწავლებელი დავრჩით. ყოველ დილით ერთად მივდივართ სკოლაში. სწავლა ძალიან მიყვარს. საგნებიდან განსაკუთრებით ბუნება, მათემატიკა, ქართული და ინგლისური მიყვარს. მინდა ინგლისური კარგად ვისწავლო.
- როგორ ერთობი?
- აქ გასართობები, სათამაშოები არ არის. ჩემით ვიგონებ თამაშებს და მარტო ვერთობი. შარშან ჩვენს სკოლაში რამდენიმე მოსწავლე სწავლობდა, მაგრამ სხვაგან გადავიდნენ. მომავალ წელს მარტო მომიწევს სიარული და გული მწყდება, არ მინდა მარტო ყოფნა... ერთი და მყავს, ბელა. ის ჩემზე დიდია და სხვა სკოლაში მოუწია გადასვლა.
- სკოლაში როგორი პირობები გაქვს?
- ჩემი სკოლა ძველი ვაგონია. იქ შუქიც კი არ გვაქვს. როცა ცუდი ამინდი და ნისლია, ვერაფერს ვხედავ, ვერც ვწერ და ვერც ვკითხულობ. ზამთარში მიჭირს სკოლაში სიარული, მაგრამ მაინც დავდივარ, არ უნდა გავაცდინო.
- სწავლის გარდა რა გიტაცებს?
- ძალიან მიყვარს სიმღერა, ცეკვა. მინდა ცეკვაზე სიარული, მაგრამ დედას და მამას არ აქვს საშუალება. ან, იქნებ აქედან შორსაც არის და ვერ მატარებენ. მეც მინდა სხვა ბავშვებივით დავდიოდე სპორტზე, ცეკვაზე, ინგლისურზე.
- რა გინდა გამოხვიდე?
- ჯერ არ ვიცი ზუსტად. პოლიციელი ან ჟურნალისტი მინდა გამოვიდე. ვიცი, რომ ამისთვის საჭიროა ბევრი ვისწავლო. თუ პოლიციელი გამოვალ, ყველას დავეხმარები, ქურდებს და ბოროტ ადამიანებს დავიჭერ.
- რაზე ოცნებობ?
- ოცნებად მქონდა, ველოსიპედი მქონოდა და ეს ოცნება ერთმა კეთილმა ადამიანმა ამიხდინა, თვალებს არ ვუჯერებდი, რომ მომიყვანეს. კომპიუტერზე ან ტელეფონზე ვოცნებობ, სწავლაში დამეხმარება. ჩემს მშობლებს სამსახური არ აქვთ, მხოლოდ საქონელი ჰყავთ, ამიტომ ვერ ყიდულობენ, რაც მინდა. ვიცი, რომ ინტერნეტში ბევრი რამის გაგება და სწავლა შეიძლება, მე კი ამის საშუალება ჯერ არ მაქვს. კიდევ მინდა, ბევრი მეგობარი მყავდეს... ჩემს სკოლაში ბევრი ბავშვი სწავლობდეს და სულ ხმაური იყოს.
რამინს სკოლაში სიარული მომავალ წელსაც მარტო მოუწევს, ვინაიდან 2018–2019 სასწავლო წელს კიკიბოს დაწყებით სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება.
მერი ბლიაძე