ამავე სამშობაიროში ცოტა ხნის წინ 50-სანტიმეტრიანი ტამპონი ჩაუტოვეს მშობიარეს სამწუხაროდ, კიდევ ერთი მშობიარე გარდაიცვალა. ამჯერად, სამშობიარო სახლ "ნინოში".
როგორც "ინტერპრესნიუსს "ნინოს" დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, 35 წლის პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. ნინო კაკულიას ინფორმაციით, პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე განმარტებით, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა, რის მიზეზსაც ამჟამად ექსპერტიზა ადგენს: "პაციენტმა კლინიკა "ნინოში" 19:45 საათზე იმშობიარა, სისხლდენა კი მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ დაეწყო. წნევა დაუვარდა და სისხლდენის გამო სისხლის ბანკებისთვის მიმართვა გახდა საჭირო, თუმცა მისი ჯგუფის სისხლი არცერთ პარტნიორ სისხლის ბანკს არ აღმოაჩნდა. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანისას ჯერ კიდევ გონზე იყო. ჩვენ მეორე დონის კლინიკა ვართ, ამიტომ პაციენტი მესამე დონის კლინიკაში ღამის 01:00 საათზე, დროულად გადავიყვანეთ და იქ რა მოხდა, მერე უკვე არავინ იცის. გონზე იყო, როცა შევიდა, სტაბილურად ჰქონდა წნევა და იქ უკვე არ მოხდა, არ ვიცი, ექსპერტიზა დაადგენს და ჩვენ თვითონაც ვიძიებთ ამას...ჩვენ დანაშაული არ მიგვიძღვის, რაც შეგვეძლო, რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდა. ჩვენთან არ დაღუპულა, ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. აქ იმშობიარა, სტაბილურ მდგომარეობაში გადავიყვანეთ და იქ დაიღუპა. მიზეზი რა გახდა, ჯერ არავინ იცის, ექსპერტიზა ჩართულია, ჩართულია დიდუბის რაიონის პოლიცია, ჯანდაცვის სამინისტრო და გაირკვევა ალბათ, გარდაცვალების მიზეზი. ჩვენ რაც შეგვეძლო და ჩვენი მონაცემებით პროტოკოლის მიხედვით ყველაფერი გაკეთებული იყო", - განმარტა ნინო კაკულიამ.
მომხდარს სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის სოფიო კლერტიაშვილი, რომელსაც ამავე კლინიკაში ცოტა ხნის წინ 50-სანტიმეტრიანი ტამპონი ჩაუტოვეს და ძლივს გადარჩა:
"მერამდენე უნდა გაიწიროს ამ კლინიკა "ნინო"-ში. ალბათ გახსოვთ ჩემი ამბავი, "რუსთავი-2"-მა რომ გააშუქა, ტამპონი რომ ჩამიტოვა ექიმმა! არ იყო საკმარისი, რომ გაგეგოთ რა ხდება მანდ?! სანამ საწყალი გოგო არ დაღუპეს... რა ეშველება იმ ორ ობოლს, დედა რომ მოუკლეს?!"
საკეისრო კვეთის დროს სოფიო კლერტიაშვილს ექიმმა ეკა გაგუამ მუცელში 50-სანტიმეტრიანი მარლის ტამპონი ჩაუტოვა. პაციენტმა ოპერაციიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ გაიგო, რომ უცხო სხეულს ატარებდა. ახალგაზრდა ქალს ექიმის შეცდომის გამო შინაგანი ორგანოები დაუჩირქდა და პერიტონიტი განუვითარდა. ახალგაზრდა ქალმა საკეისრო კვეთა კერძო კლინიკა "ნინოში" გაიკეთა. კლერტიაშვილის თქმით, მეან-გინეკოლოგმა, ეკა გაგუამ ოპერაციიდან მეორე დღეს ძლიერი ტკივილითა და მაღალი სიცხით საავადმყოფოდან პაციენტი ისე გამოწერა, რომ არც კი უნახავს.
საკეისრო კვეთიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ სოფიო კლერტიაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ცენტრში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სწორედ ამ ოპერაციის დროს აღმოუჩინეს ახალგაზრდა დედას მუცელში ჩატოვებული 50 სანტიმეტრიანი მარლის ტამპონი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა.
სამშობიარო კლინიკის დირექტორი, მთავარი ექიმისა და მეანგინეკოლოგი ეკა გაგუას დედა, ნინო კაკულია ამტკიცებს, რომ ექიმ შვილს შეცდომა არ დაუშვია და პაციენტი ცოცხალია."
მანანა გაბრიჭიძე
ასევე იხილეთ:
ვინ იყო 35 წლის ქალბატონი, რომელიც მშობიარობისას გარდაიცვალა (ექსკლუზივი)
რა გახდა ქარელის სამშობიაროში დედა და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი?