ბაღში მომხდარი ინციდენტის კადრები, რომელზეც ასახულია როგორ ანჯღრევს ძიძა რვა თვის ბავშვს, სოციალურ ქსელში ჩვილის ოჯახმა გაავრცელა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ძიძა, რომელიც უხეშად ეპყრობა ბავშვს, ხათუნა ფაილოძეა და მას ბავშვებთან აღმზრდელობითი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ინციდენტთან დაკავშირებით, AMBEBI.GE ბაღის გამგეს დიანა კიკნაძეს ესაუბრა:
"ელენე გ-ს მშობელმა მოგვმართა თხოვნით, რომ მიგვეღო 8 თვის ბავშვი. ვინაიდან აგვისტოს თვეში ბაღის ძირითადი პერსონალი შვებულებაშია და პატარა ასაკის გამო ბავშვს სპეციფიკური მოვლა-ყურადღება ესაჭიროებოდა, ამის გამო, 5 აგვისტოს, 1 თვით თანამშრომლად ავიყვანეთ ძიძა – ხათუნა ფაილოძე. მას რეზიუმეში ეწერა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ოჯახებში კონკრეტული ასაკის ბავშვებთან, ჩვენც ნდობა გამოვუცხადეთ და მივამაგრეთ ბავშვი.
ბაღში გვაქვს ვიდეოკამერები და როგორც თანამშრომლებს, ასევე მშობლებს საშუალება ეძლევათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ მათ შვილებს. როგორც კი მშობელმა ადმინისტრაციას აცნობა ძალადობის ფაქტის შესახებ, მაშინვე მივიღეთ სათანადო ზომები - 3 დღის მოსული ძიძა გავათავისუფლეთ სამსახურიდან, მშობელს კი საშუალება მივეცით, ამოეღო ვიდეოჩანაწერი და მიეღო სათანადო ზომები იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ჰქონდათ პრეტენზია" - ამბობს დიანა კიკნაძე და დასძენს, რომ ბაღში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მსგავსი შემთხვევა არასოდეს ჰქონია.
"შემთხვევის შემდეგ, ბავშვის მშობლებთან მქონდა მუდმივი კონტაქტი, ჩვენ დავთქვით შეხვედრა, შვებულებიდან გავედი და დავბრუნდი თბილისში. მაინტერესებდა რას აპირებდნენ. მათ შეხვედრა არ ისურვეს, რის შემდეგაც დავურეკე ბავშვის დედას, რომელმაც ამიხსნა, რომ იმ მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იყო, აღარ სურდათ ამ თემაზე საუბარი და ჯერ არ იცოდნენ, რას მოიმოქმედებდნენ.
მოგვიანებით, დამირეკა ბავშვის მამიდამ და შემომთავაზა, რომ ძიძას გაეგრძელებინა მუშაობა, ხოლო მისი ხელფასი - 400 ლარი ყოველთვიურად ბავშვის ანგარიშზე ჩარიცხულიყო. გავოცდი, რატომღა ჰქონდათ მშობლებს სურვილი, ასეთი მოძალადე ძიძის ხელში დარჩენილიყო მათი შვილი. განაგრძეთ კითხვა