"ვიცი, რომ დრო ცოტა მაქვს, ამ დროს ნერვიულობაში ვერ დავხარჯავ, უნდა ვიბრძოლო"
ამ ქვეყნად ბევრი სასწაული ხდება, თუმცა ადამიანის სულის სიძლიერესა და სიკეთეზე დიდი სასწაული არაფერი მგონია. ამაზე ერთხელ კიდევ დავფიქრდი, როცა იმერეთის ერთ პატარა ქალაქში, ხონში, 3 შვილის დედა, მეგი ტალახაძე გავიცანი. მეგი უმძიმეს ავადმყოფობას ებრძვის, თუმცა ისე, რომ სიცოცხლის ხალისს არ კარგავს, მეტიც, ახლობლებს ამხნევებს და აძლიერებს.
"არაფრის მეშინია, ადამიანი განსაცდელს ღირსეულად უნდა შეხვდეს, ვიცი, რომ დრო ცოტა მაქვს, ამ დროს ნერვიულობაში ვერ დავხარჯავ, უნდა ვიბრძოლო", - მითხრა მეგიმ.
ახალგაზრდა ქალს სამი ულამაზესი, პატარა ბიჭი ჰყავს, მთელი ჩვენი საუბრის განმავლობაში პატარები დედასთან მორბოდნენ, ეხუტებოდნენ და მერე ისევ თამაშს უბრუნდებოდნენ.
მეგის ღვიძლის აგრესიული ფორმის ციროზი აქვს. მეუბნება, რომ ღვიძლის ორი არტერიიდან ერთ-ერთი დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ოპერაცია, ანუ ღვიძლის გადანერგვა არ გაკეთდა, მეგი ვეღარ იცოცხლებს...
- ჩემს თავზე ლაპარაკი ისე არ მიყვარს, არ ვიცი, რით დავიწყო. ჯერ კიდევ შარშან ამ დროს ყველა სიხარულით ვიყავით სავსე, ჩემი უფროსი ბიჭი სკოლაში პირველად მიდიოდა და მთელ ოჯახს მხოლოდ ეს გვქონდა საფიქრალი. შარშანაც ვიცოდი, B ჰეპატიტი მქონდა, მაგრამ ეს დაავადება შესაძლოა მთელი ცხოვრება ატარო, თუკი თავს გაუფრთხილდები. მეც უმკაცრეს დიეტას ვიცავდი, უამრავ რამეზე ვამბობდი უარს, მაგრამ...
- ეს როდის გაიგეთ?
- დაახლოებით 6 წლის წინ, როცა მეორე შვილი გავაჩინე და სამშობიაროში მისი მოყვანა ძალიან დამიგვიანეს. თურმე იმიტომ, რომ მე B ჰეპატიტი აღმომაჩნდა. შეუძლებელია, აღვწერო, რაც მაშინ განვიცადე, - პირველ შვილზე არანაირი დაავადება არ მქონია, მეც და ჩემი მეუღლეც ჯანმრთელები ვიყავით; ვერ ვხვდებოდი, საიდან უნდა შემყროდა ასეთი მძიმე დაავადება.
მაიმედებდნენ, ეს დაავადება ხშირად იკურნება კიდეც, თუ ექიმის რჩევებს მიჰყვებიო. მეც მივყევი, მაგრამ საბოლოოდ ქრონიკულში გადავიდა. როგორც ირკვევა, მკურნალობა სწორად არ მიტარდებოდა. მეტიც, მკურნალობა არც დაუნიშნიათ, ექიმებმა მითხრეს, არანაირი მკურნალობა არ გჭირდება, მხოლოდ მკაცრი დიეტა დაიცავიო. ამ დაავადების ქრონიკული პროცესის არასწორი მკურნალობა კი ციროზს ან სიმსივნეს იწვევს. ამასობაში მესამედ დავფეხმძიმდი. ყველა მეკითხებოდა, - ამ ბავშვს გააჩენ თუ არაო, მაგრამ ბავშვი, რომელიც უფალმა მაჩუქა, როგორ არ უნდა გამეჩინა?! განაგრძეთ კითხვა