""მე რომ მოვკვდე, ქვეყანა არ დაიქცევა, საერთოდაც, არაფერი შეიცვლება..." საზარელი შემთხვევა მოხდა გუშინ. 18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.
მათემ სკოლა წელს დაამთავრა და სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებდა. იგი წალენჯიხის ახალგაზრდულ საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო წალენჯიხის ახალგაზრდულ საკრებულოში დეპუტატი იყო. ახლობლების განცხადებით, მათე მორწმუნე ახალგაზრდა იყო და სტიქაროსანი გახლდათ.
„ყველანი შოკში ვართ. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო, ჭკვიანი, გაწონასწორებული. წელს დაამთავრა სკოლა და სამედიცინოზე აბარებდა. ძალიან ხშირად დადიოდა მონასტერში. მშობლები სამსახურიდან, რომ დაბრუნდნენ აბაზანაში ნახეს ქამრით ჩამომხრჩვალი“, - განაცხადა ჩვენთან საუბრსას ოჯახის ახლობელმა.
მათემ თვითმკვლელობამდე სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:
"მე რომ მოვკვდე, ქვეყანა არ დაიქცევა, საერთოდაც, არაფერი შეიცვლება, პატარა ტირილი, ერთი-ორი ცრემლი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ყველას სიკვდილი ამას იწვევს, არავინ არავის გადაყვება თან და ეს არცაა საჭირო, მაგრამ როცა საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ, უფრო ეგოისტურად უყურებ, ალბათ…
კარგი იქნებოდა, ადამიანი მართლა ისე ცხოვრობდეს თითქოს ეს მისი უკანასკნელი დღე იყოს, თუმცა ადამიანებს არ გვინდა სიკვდილზე ფიქრი და უაზროდ ვფლანგავთ დღეებს, ალბათ, ამას მაშინ მივხვდებით, როცა დავბერდებით და ძალიან ვინანებთ.
რამდენი ადამიანი დარჩება, ვისაც ის არ ვუთხარი, რაც უნდა მეთქვა, რამდენი შეცდომა გამოსასწორებელი, რამდენი გაცრუებული იმედი და რამდენი სისულელე ჩემ მიერ ჩადენილი აღარასდროს შეიცვლება… ისე, რა საჭიროა ამდენი ფიქრი, ადექი და უთხარი ყველას რისი თქმაც გინდა, გამოასწორე შეცდომები, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაზე მეტად იმის გაკეთების გვეშინია, რაც ტკივილს მოგვაყნებს…
სოციუმს ყოველთვის ისე აღვიქვამდი, როგორც უწესრიგოდ მოფუსფუსე ჭიანჭველებს… ადამაინები მუდან დადგენილ სქემებს მიყვებიან: იზრდებიან, ჯერ ბაღში მიდიან, მერე სკოლაში, მერე უნივერსიტეტში აბარებენ, მუშაობას იწყებენ, თხოვდებიან-ქორწინდებიან, აჩენენ შვილებს, ზრდიან მათ, მერე შვილიშვილებზე ზრუნავენ და ბოლოს კვდებიან. შესაძლოა, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე მეშინია დადგენილი სქემით ცხოვრების. ალბათ ბედნიერება სწორედ ეს არის და მე ამას ვერ ვიაზრებ, არ ვიცი… ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრი მაშინებს, რომ მეც ამ მოფუსფუსე ჭიანჭველებიდან ერთ-ერთი ვარ და ვერასდროს ვიქნები სოციუმისგან განსხვავებული…
მე თუ მოვკვდები, არ მინდა ჩემს საფლავზე დადგან რამე მარმარილოს მსგავსი, საერთოდ არაფერი მინდა საფლავზე!
მე თუ მოვკვდები, არ გამართონ უაზრო ქელეხი, სმა-ჭამა და ყოველივე მარაზმული, რაც ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, არ იდგეს სადარბაზოსთან რიგები, არ იდოს ჩემი კუბო შუა ოთახში და არ ისხდნენ ჭირისუფლები ჩემ გარშემო სკამებზე, ამას კატეგორიულად მოვითხოვ. უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი.
სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა, მაგრამ რისი მჯერა ისიც არ ვიცი, იმისიც ნამდვილად არ მჯერა, რომ უბრალოდ მიწად ვიქცევი და მეტი არაფერი, უცნაურია…
ხანდახან მაგარი ბიჭის როლს ვთამაშობ, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ყველა უყვარს და სულ უნდა კარგი აკეთოს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევებში, არ გამოსდის.
I AM HAPPY".
მერი ბლიაძე