"ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო. გიორგის რატომღაც ეგონა, რომ მეორეც ბიჭი გვეყოლებოდა, არადა, გოგო უნდოდა, ოცნებობდა, ფრიალა კაბას ჩავაცმევ და სულ მე ვატარებო..." 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირი, ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 34 წლის გახდებოდა...
ანწუხელიძე სულ 24 წლის იყო, როცა აგვისტოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, მაშინ, როდესაც ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა... შემდეგ გავრცელდა ცნობილი კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ აწამებენ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები და აიძულებენ მიწას აკოცოს, თუმცა, გმირი ბოლომდე უწევს წინააღმდეგობას.
ქართველი კაპრალი 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათგან ერთ-ერთი ანწუხელიძე იყო. ოჯახის წევრების თქმით, ცხედარი საშინლად იყო დასახიჩრებული.
ქართველი სამხედრო სიცოცხლეში 195 სმ-მდე იყო, თუმცა, ცხედარი 180 სმ-მდე იქნებოდა, რამაც თავდაპირველად ოჯახის წევრები დააბნია, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი სხვაობის მიზეზი ცხედრის ძლიერი დაზიანება იყო...
რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს, როგორია ცხოვრება გმირი მეუღლის გარეშე, რომელმაც თავი სამშობლოს შესწირა და გაუტეხელი საქართველოს სიმბოლო გახდა:
- იმდენად რთული ათი წელი იყო, ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ გადავლახე... ალბათ იმან გამაძლებინა, რომ ამ ხნის განმავლობაში გიორგი ჩვენთაან იყო, მასზე საუბარში, მასზე ფიქრში, ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ მის გარეშე ვართ, ამას ყოველთვის ვგრძნობ, უბრალოდ, ვერ ვხედავ...
ბოლოს აგვისტოს დასაწყისში ვნახეთ ერთმანეთი, სოფელში, თვითონაც მალევე უნდა ჩამოსულიყო. იმ ათი წლის წინანდელ 6 აგვისტოს გაჩერდა დრო ჩემთვის... იმავე ღამეს დამირეკეს, გიორგის ვერ ვუკავშირდებით, განგაშია გამოცხადებული და სასწრაფოდ ნაწილში გამოცხადდესო... სასწრაფოდ დავურეკე გიორგის, მგონი ომი დაიწყო და გეხვეწები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.... მას მერე არც გვილაპარაკია. ჩვენ სოფელ ძევერაში ვიყავით, რომელიც ისე ახლოს არის ცხინვალთან, რომ ძლიერი სროლებისას, სახლის მინებიც ჩაიმსხვრა. სარდაფში ვიმალებოდით...
ხშირად ვფიქრობ: რა მასწავლა მასთან თანაცხოვრებამ, მისმა სიყვარულმა-მეთქი? - ყველაფერი, ცხოვრება მასწავლა, ასი წლის ქალივით დამაბრძენა. სულ ორი წელი მოგვიწია ერთად ცხოვრება. პირველი შვილი, ვაჟი შეგვეძინა, ლევანი. ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო. გიორგის რატომღაც ეგონა, რომ მეორეც ბიჭი გვეყოლებოდა, არადა, გოგო უნდოდა, ოცნებობდა, ფრიალა კაბას ჩავაცმევ და სულ მე ვატარებო.
სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი, ომი რომ დაიწყო. მანამდე, სქესის გაგება გვინდოდა, მაგრამ პატარა იყო და ცოტა ხანში დაგვიბარეს. გიორგიმ არ იცოდა, რომ გოგონა უნდა ჰყოლოდა... არანორმალურად მზრუნველი მამა იყო, ყველაფერში მეხმარებოდა. თუ სახლში იყო, ბავშვი სულ მას ჰყავდა, უცვლიდა, აბანავებდა. ის ორი წელი, ისედაც სულ მონატრებული ვიყავი და მთელი ცხოვრება მის გარეშე დავრჩი... განაგრძეთ კითხვა