"ჩემი მაზლიც მემუქრება, თუ უჩივლებ ჩემს ძმას, ხომ იცი, რამდენი ახლობელი მყავსო..." "სოლიდარობის სახლის" დამფუძნებელი – თამარ ლომიშვილი თბილისში ახლახან მომხდარ გაუგონარ ოჯახურ ძალადობაზე გვიამბობს... როგორც მან გვითხრა, გოგონა დაუკავშირდა და სთხოვა, მისი ვინაობა არ გაემხილა.
- გოგონა ითხოვდა მისი ვინაობა არ გაგვემხილა და დაზარალებულის ტელეფონის ნომერი მომცა. როდესაც ამ ნომერზე დავრეკე, დაზარალებულის დედა შემხვდა, რომელიც ბოლო ხმაზე ბღაოდა, ჩემს თავს არ ვჩივი, შვილს და შვილიშვილს მომიკლავს, გვიშველეთ რამე, სისხლის გუბეში იდგა ჩემი შვილი, სასწაულებრივად გადარჩა. შვილიშვილი როგორი უნდა გაიზარდოს, ამის შემყურეო?.. შემდეგ შვილი მოვიდა ტელეფონთან, ისიც ტიროდა და პანიკაში იყო... მოკლედ, თურმე ოთხი წელი გრძელდებოდა ძალადობის ფაქტი, გოგოზე ძალადობდნენ მეუღლე, დედამთილი, არსად არ უშვებდნენ, თავის ოჯახშიც კი… გოგო თავის სახლში გარბოდა, მაგრამ მიუვარდებოდნენ და უკან აბრუნებდნენ. თან თურმე ამ ბიჭს სხვა ქალიც ჰყოლია პარალელურად... მოძალადე ჩვენი ჩარევის შემდეგ პატრულმა დააკავა და მინდა მოსახლეობას მივმართო: როდესაც ძალადობის შემთხვევას ხედავენ, აუცილებლად დაუკავშირდნენ პატრულს ან არასამთავრობო ორგანიზაციას. კონფიდენციალურობა ყველგან დაცულია და არ შეიძლება ისე ცხოვრება "სხვისი ჭირი, ღობის ჩხირიო"... ერთი წუთით საკუთარი თავი, ან ოჯახის წევრი წარმოიდგინონ იმ სასტიკი ძალადობის მსხვერპლი რომ გახდნენ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და როდესაც შესაბამის ორგანოებს ძალადობაზე არ ატყობინებენ, უნებურად თვითონაც დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან!
გოგომ თავად მიამბო რა ხდებოდა მის თავს ოთხი წლის განმავლობაში და ამ ისტორიას თქვენც გადმოგცემთ...
"5 წელია მისი მეუღლე ვარ, აქედან 1 წელია გაშორებული ვართ, მაგრამ მაინც არ მანებებს თავს. 4 წელი, თითქმის ყოველდღე გვქონდა კონფლიქტი, მცემდა, მლანძღავდა და ყველანაირად მამცირებდა. რამდენჯერაც მშობლებთან დავბრუნდი, იმდენჯერ მომივარდა და ისევ უკან დამაბრუნა. ბოლოს, პრინციპულად აღარ მივყვებოდი, რამაც კიდევ უფრო აგრესიული გახადა. 9 აგვისტოს ისევ მოგვივარდა სახლში, ბავშვის წართმევა უნდოდა, მამაჩემს იწვევდა, ბილწსიტყვაობდა, გამოდი, უნდა გელაპარაკოო, მერე მოხუცს მუშტი დაარტყა, მე გავიქეცი, რომ გამეშველებინა, მან ყელზე დამისვა რაღაც დანასავით პრიალა საგანი, დამსერა, მერე პირში ჩამთხარა, რომ ყელი გამოეღადრა, კბილებით დავიჭირე, მაგრამ რაღაცნაირად შიგნიდან ლოყები დამიგლიჯა, უკვე ძალა მეცლებოდა, სისხლის გუბეში ვიდექი, დედაჩემი მოვარდა გასაშველებლად და ამ დროს გაიქცა... მაშინვე სასწრაფო დახმარებით გადამიყვანეს საავადმყოფოში, ჭრილობები გამიკერეს. საშინლად ვარ დათრგუნული, შოკში ვარ, მეშინია, ისევ არ მომივარდეს და მომკლას, ჩემი მაზლიც მემუქრება, რომ თუ უჩივლებ ჩემს ძმას, ხომ იცი, რამდენი ახლობელი მყავს და ორ თვეში სახლში მეყოლება და მერე რაღას იზამო. დამირეკეს და შემომთავაზეს თავშესაფარში გადასვლა, მაგრამ იმ დროს გამომძიებელთან ვიყავი და მან გამაფრთხილა, რად გინდა თავშესაფარში გადასვლა, სოფელში ხომ შენი მშობლები რჩებიანო... შემეშინდა და სასტიკი უარი განვაცხადე თავშესაფარში გადასვლასა და დახმარებაზე. გამომძიებლის, ჩემი მაზლისა და ყოფილი ქმრის მუქარის მეშინოდა... ვერავის ვეღარ ვენდობოდი, გაქცეულია, მეშინია, მიშველეთ, მომკლავს..."
"სოლიდარობის სახლი" ოპერატიულად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორს ლონდა თოლორაიას, რომელიც ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობდა, მან უსწრაფესად მოახდინა რეაგირება და ნახევარ საათში ნ.ჩ. შვილთან ერთად უსაფრთხოდ იქნა გადაიყვანილი... 13 აგვისტოს, კი, ნ.ჩ.ს-ს, მიმალვაში მყოფი ყოფილი ქმარი უ.ჯ. სამართალდამცავებმა დააპატიმრეს.
მანანა გაბრიჭიძე