"სამჯერ შევდივარ ახლიდან სკოლაში, სამჯერ მომიწევს დამთავრება" - ხატია სიჭინავა - მშობლები

"სამჯერ შევდივარ ახლიდან სკოლაში, სამჯერ მომიწევს დამთავრება" - ხატია სიჭინავა

2018-09-05 13:14:11+04:00

"ვერ ვხვდები, დაწყებით კლასებში რატომ უნდა გადაუხადო ბავშვს ის, რასაც უნივერსიტეტებშიც არ გვიხდიდნენ ჩვენ" ისევე, როგორც ყველა სკოლის მოსწავლის დედა, ხატია სიჭინავაც ემზადება სასკოლე პერიოდისთვის - მით უმეტეს, რომ მისი ორი ქალიშვილია უკვე ამ ასაკის. ხატიას სექტემბრის ციებცხელებაზე და მოსწავლის მშობლის საფიქრალზე ვესაუბრეთ.

- წელს უკვე ორი მოსწავლის დედა ვარ. გაბრიელა გადადის მეორე კლასში, ოლი კი პირველში შედის. ორივე ემზადება დიდი ამბით, ერთი ფიქრობს, რომ რადგან მეორე კლასში გადავიდა, უკვე ძალიან დიდია, მეორე კი თვლის, რომ რადგან სკოლაში შედის, ამიტომ ის არის ძალიან დიდი (იცინის). მოკლედ, დიდ ემოციებში ვართ. ამასობაში, მე ველოდები წიგნების ჩამონათვალს, რომ ვიყიდო.

- წიგნების ყიდვა გიწევს? არ ამარაგებს სახელმწიფო წიგნებით კერძო სკოლებს ხომ?

- კი, ვიძენთ. ახლა ისეთი წიგნებია, სადაც დავალებები შიგნითვე იწერება, შესაბამისად შემდეგი თაობა იმით ვერ ისწავლის, ვერ გამოიყენებს, ამიტომ ყოველწლიურად ვყიდულობთ წიგნებს.

- დაახლოებით რა ღირებულებისაა პირველი-მეორე კლასის კომპლექტი?

- მე როგორც მახსოვს, პირველი კლასის წიგნები თავის რვეულებიანად რომ ვიყიდე, 300 ლარი დამიჯდა. სამაგიეროდ, ბავშვებს აქვთ ფორმები და ეგ საკითხი მოხსნილი გვაქვს. მთელი წლის განვალობაში სხვა ტანსაცმელი დიდად არ სჭირდებათ, რასაკვირველია, აქვთ სხვა სამოსი, მაგრამ იმდენად სულ ფორმებით არიან, რომ სანერვიულო, რა ჩავაცვა, არ მაქვს. ჩემი აზრით, სკოლაში ფორმების არსებობა, არის ძალიან კარგი, როგორც აღვნიშნე, პრაქტიკულია და მე ეს მაცვია და შენ ის გაცვია, ეს მომენტი არ აქვთ ბავშვებს. ისედაც ისეთი თაობა მოდის, ყველაფერს აკრიტიკებენ და ეს ფაქტორი რომ გამორიცხულია, ეგ უკვე კარგია.

mshoblebi
დები

- რა უპირატესობები აქვს შენი შვილების სკოლას და რატომ შეაჩერე არჩევანი?

- ეს გახლავთ რობერ შუმანის სკოლა, რომელიც მდებარეობს ჩემი სამსახურის მოპირდაპირე მხარეს. სწორედ იმიტომ შევარჩიე, რომ მუდმივად ყურადღების ქვეშ მყოლოდა ბავშვები. გარდა ამისა, სწავლა კარგია, გადასახადიც შესაბამისი და ადეკვატური. მოგეხსენება, დღევანდელ სკოლებში რა ფასებია, საერთოდ ვერ ვხვდები, დაწყებით კლასებში რატომ უნდა გადაუხადო ბავშვს ის, რასაც უნივერსიტეტებშიც არ გვიხდიდნენ ჩვენ.

- თქვენს სკოლაში რამდენია გადასახადი?

- 4500 ლარი, არა დოლარი და ევრო, არამედ ლარი. ჩვენ არ დაგვაქვს ჩანთები, სკოლაშივე ვტოვებთ წიგნებს და რვეულებს. როგორც კი გაკვეთილები მთავრდება, ბავშვებს ამეცადინებენ და ასრულებინებენ დავალებებს, იქვე იკვებებიან, დგამენ არაჩვეულებრივ ზეიმებს, გამოსვლებს, რაშიც ჩართულები არიან მოსწავლეები.

- წრეები თუ არის და ღირებულებაში თუ შედის?

- კი, რასაკვირველია წრეებიც არის, მაგრამ ის ცალკე ფასი ღირს, ხატვაზე, ჭადრაკზე და მენტალურ მათემატიკაზე დადიან, ამასთან ერთად მინდა, კომაროვის საშაბათო სკოლაშიც შევიყვანო, თუ ექნებათ ამის ნიჭი. სკოლიდან რომ გამომყავს, ვატარებ ტანვარჯიშზე და ცურვაზე, სახლში რომ მივდივართ, ფაქტობრივად ძილის დროა, მთელი დღე დატვირთულები არიან, რეჟიმი აქვთ და ვფიქრობ, ეს კარგია.

- შენი სასკოლო სამზადისი რით შემოიფარგლება?

- წიგნების, ჩანთების ყიდვით, ფორმების მომზადებით. ფორმების სამი ვარიანტი აქვთ, კაბა, ქვედაბოლო და ზედა, შარვალი და ზედა, ახლა იმას არჩევენ, პირველ დღეს რას ჩაიცვამენ.

mshoblebi

- ოლი პრესქულში ატარე პირველ კლასში მიყვანამდე?

- კი, ორივე ვატარე, იმიტომ, რომ არ მინდოდა, პირველ კლასში გასჭირვებოდათ გარემოსთან შეგუება. გაბრიელას შემთხვევაში პრესქულში სიარულის პრაქტიკამ ძალიან გაამართლა, იმიტომ რომ ძალიან დამეგობრდნენ ბავშვები და არაჩვეულებრივი ურთიერთობები აქვთ, ვიმედოვნებ ასე იქნება ოლის შემთხვევაშიც. ვინაიდან ევა ერთი წლით ჩამორჩება დებს, მომავლ წელს შევა პრესქულში და მერე ისევ პირველკლასელის დედა ვიქნები. სამჯერ შევდივარ ახლიდან სკოლაში, სამჯერ მომიწევს დამთავრება და მოკლედ სამჯერ გავდივარ ყველა გასავლელ გზას (იღიმის).

ციცი ომანიძე