„მშობლები გამეპარნენ და ასე დამტოვეს კართან მარტო“ - პირველი დღის რთული ემოციები სკოლაში
„მშობლები გამეპარნენ და ასე დამტოვეს კართან მარტო“ - პირველი დღის რთული ემოციები სკოლაში
გახსოვთ თქვენი პირველი დღე სკოლაში? დარწმუნებული ვარ, რომ გახსოვთ. ბოლომდე ალბათ ვერავინ ახსნის, რატომ ხდება ეს დღე ადამიანის ცხოვრებაში დაუვიწყარი, სამაგიეროდ, ყველა პედაგოგი და ფსიქოლოგი გეტყვით, რომ სკოლის პირველ დღეს დიდი წვლილი შეაქვს ბავშვის სწავლისადმი დამოკიდებულებაში, ამიტომ ამ დღემ ძალიან სასიამოვნო ემოციების ფონზე უნდა ჩაიაროს.

წინასასკოლო პერიოდს მშობლები შვილებზე ნაკლებად როდი განიცდიან. გთავაზობთ სოციალურ ჯგუფში გავრცელებულ ერთ-ერთი დედის პოსტს, რომელიც თავის პირველ დღეს იხსენებს სკოლაში და იმ დროს მშობლების მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებასაც ცდილობს. რა თქმა უნდა, ამჯერად საკუთარი შვილების
მაგალითზე.

„მახსოვს, ძალიან ამაღლებული განწყობით წავედი პირველად სკოლაში. მშობლების თანხლებით, რა თქმა უნდა... ერთი სული მქონდა, როდის მივუჯდებოდი მერხს და ნამდვილ მოსწავლეს დავემსგავსებოდი. ჩემმა მშობლებმა კი, როგორც ჩანს, ვერ შემატყვეს ეს დიდი მოლოდინი და ერთ-ერთ კლასში ვითომ „შემთხვევით შეჭყეტილს“, გამეპარნენ... დიახ, იფიქრეს, არ გამოგვეტიროსო და როგორც კი კარში თავი შევყავი, გაქრნენ... დამტოვეს მარტო. ერთი კი შემიქანდა გული, მაგრამ განწყობა არ გამიფუჭებია. რაც მთავარია, ყველამ შემამჩნია, რომ უფროსების გარეშე ვიყავი მისული და ამით ძალიან ავმაღლდი თანატოლების თვალში. ბოლოს ყველაფერი გაირკვა და მაინც კმაყოფილი და ბედნიერი დავრჩი. სკოლაში „მარტო“ მისულის იმიჯი არ ვიკმარე და პირველივე
დღეს თავი იმითაც გამოვიჩინე, რომ კითხვა ვიცოდი. ეს მაშინ იშვიათობა გახლდათ ჩემს ტოლებში. მოკლედ, უამაყესი და უბედნიერესი დავბრუნდი სახლში. დღემდე მახსოვს ის დღეც, სიამაყეც და სიხარულიც.

დაათვალიერეთ პირველი სასკოლო დღის ხალისიანი ფოტოები სლაიდერში:




ჩაიარა ამ დღემ მართლაც დიდი ემოციებით, მაგრამ ყველაზე მეტად იცით რაზე მწყდება გული? არ არსებობს იმ დღის ამსახველი ერთი ფოტოც კი. არ ვიცი, როგორ გამოვიყურებოდი, რა მეცვა, ლამაზი ვიყავი თუ არა, როგორი ჩანთა მეკავა... ჩემი ფიქრებიც მახსოვს და ისიც, რასაც გულით განვიცდიდი, მაგრამ რა სახე მქონდა ამ დროს, რა გამომეტყველება... ისე მაინტერესებს, ვერ აგიწერთ.

ძალიან მინდოდა, ჩემი პირველკლასელი შვილისთვის მეჩვენებინა ჩემი თავი მის ასაკში, პირველად სკოლაში მიმავალი... მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ფოტოგადაღება არც ისე ხელმისაწვდომი იყო და დავრჩით დედა-შვილი ზეპირი მოგონებების ამარა...
სხვათა შორის, სასკოლო რეკომენდაციებში გვირჩევენ, რომ მშობელმა თავისი პირველი სასკოლო დღის შესახებ უნდა უამბოს შვილს. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს რომ მოუყვებით და თან ფოტოებს დაათვალიერებინებთ...

უფროსი შვილის ფოტოები, რა თქმა უნდა, გადავიღე ტელეფონით, მაგრამ წლებთან ერთად ეს ფოტოებიც სადღაც იფანტება, ფეისბუქის წარსულში ილექება და როცა გჭირდება, მაინც ვერ პოულობ. იმაზე აღარფერს ვამბობ, გაფუჭებულმა კომპიუტერმა ან ტელეფონმა რომ შეიძლება საერთოდ დაგიკარგოს ეს საგანძური.
ამიტომ მეორე შვილზე იგივე შეცდომის გამეორებას აღარ ვაპირებ. არამარტო გადავიღებ ძალიან ემოციურ ფოტოებს, ნამდვილ ალბომადაც ვაქცევ. ისეთად, ნებისმიერ დროს რომ აიღებ და გადაშლი.

ეს ალბომები წლების განმავლობაში დაგვრჩება. ჩემი შვილები კი არა, მათი შვილებიც დაათვალიერებენ. მითუმეტეს, რომ დღეს ფოტოწიგნებიც არსებობს - ძველებური ალბომის გაუმჯობესებული და თანამედროვე ვარიანტი.
ერთი სული მაქვს, როდის ვაქცევ ამ ლამაზ დღეს კიდევ უფრო ლამაზ ფოტო მოგონებებად“.
ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, რას გულისხმობს ეს ქალბატონი ფოტოწიგნებში. ნახეთ ვიდეო

3668
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ვახახახა
1
სკოლაში პირველ დრეს მახსოვს ვიტირე, მარა მერეეეე..... სულ ყველა ტიროდა ჩემ გარდა სანამ არ დავამთავრე
16:27 / 14-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```