მშობელმა დაუყონებლივ უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს და ბავშვს ანალიზები აუღონ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მედდის დაუდევრობის გამო ბავშვს c ჰეპატიტის ვირუსი გადაედების საფრთხე შეექმნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა (იხილეთ სტატია - 6 წლის ბავშვი C ჰეპატიტით მედდის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო დაინფიცირდა). მით უმეტეს, რომ მსგავსი საფრთხისგან არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში არ ვართ დაცული, არამედ თუნდაც ქუჩაში, სადაც განსაკუთრებით ბავშვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია დაუდევრად დაყრილი გამოყენებული შპრიცები.
თემაზე სპეციალისტებს ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება.
ექიმი-ნარკოლოგი, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი - ჯონი ჯანაშია.
- ბატონო ჯონი, ქუჩაში ხშირად ყრიან ნახმარი შპრიცები და რა შეიძლება ბავშვს დაემართოს თუ შეერჭობა... როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?
- ყველაფერი საშინელება შეიძლება დაემართოს, რაც კი ნარკომანს შეიძლება ჰქონდეს დაავადება! მათ შორის c ჰეპატიტი! მშობელმა დაუყონებლივ უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს და ბავშვს ანალიზები აუღონ.
- კიდევ რა დაავადებები შეიძლება გადაედოს ბავშვს დაავადებული ადამიანების ნივთებისგან?
- გააჩნია, რომელ დაავადებებს გულისხმობთ... ინფექციური დაავადებები ნივთებით არ გადადის! ჰაერწვეთოვანი ან ფეკალური მასით გადადის... ნივთზე თუ ნახველია დადებული, ამ დროს შეიძლება ტუბერკულიოზი გადაედოს... ძირითადად ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანების ნივთებთან არის მორიდება საჭირო. c ჰეპატიტის ნივთებით არ გადადის! ყველა მშობელს ვურჩევ ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვას, რაც ბევრ რისკს თავიდან აარიდებთ! აუცილებელია ოთახის ხშირად განიავება და ბავშვებისთვის ხელების დაბანა... ბავშვი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეს უნდა იყოს, ეზოში რომ ჩადის და თამაშობს, ტალახიანი და ქვიშიანი ხელი პირში არ ჩაიდოს!
რესპუბლიკურიი კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ქეთი ჩიქოვანი:
- ბავშვს თუ c ჰეპატიტი გადაედო, რამდენად განკურნებადი იქნება ეს დაავადება?
- ორგანიზმზეა დამოკიდებული, რა კონცენტრაციით შედის ვირუსი. შეიძლება გაქრონიკულდეს, შეიძლება მწვავედ წავიდეს და აბსოლუტურად გამოვიდეს ორგანიზმიდან. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული... ბავშვებში შეიძლება მსუბუქად, სიპტომების გამოვლენის გარეშე განვითარდეს, შეიძლება საშუალო სიმწვავით და მძიმედ... ლიტერატურაშიც ყველაგან ასეა განმარტებული. ბავშვში თუ არის უკვე მძიმედ მიმდინარე, მას სტაციონარული მკურნალობა ჭირდება და აუცილებლად უნდა მომართონ ჩვენს კლინიკას!
მანანა გაბრიჭიძე
„სანაპიროს ქვიშა სავსეა ნახმარი ერთჯერადი შპრიცებით“ - ერთი დედის წერილი