"გავბრაზდი, ვთქვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ იყო მისი ადგილი“ - ორი შვილის დედა ურთულეს დაავადებას ებრძვის
 "გავბრაზდი, ვთქვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ იყო მისი ადგილი“ -  ორი შვილის დედა ურთულეს დაავადებას ებრძვის
"მიყვარს ჩემი ყველა ჭრილობა... ყოველთვის მემახსოვრება ყოველი ჩამოცვენილი თმის ღერი... ყველაფერი რომ დავივიწყო, მე უკეთესი ვერ გავხდები, რომ ამოვშალო მეხსიერებიდან ის რაც გამოვიარე, რასაც გავდივარ, თითოეული თქვენთაგანის სიკეთე უნდა დავივიწყო,უნდა წავშალო და მე ეს არ მინდა... მინდა მახსენდებოდეს რომ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბოროტებამ დედამიწაზე ვერ მაჯობა, ვერ მომერია და არ მინდა დამავიწყდეს, რომ ამ ბრძოლაში არ ვყოფილვარ მარტო... რომ ჩემთან ერთად ათასობით ქალი იბრძოდა“, - ეს არის ამონარიდი სოციალურ ქსელში გამოქყვეყნებული წერილიდან, რომელიც ორის შვილის, 6 და 5 წლის ბიჭების
დედას, 32 წლის მარიამ სირბილაძეს ეკუთვნის.

- მარიამ, მომიყევით რა შეგემთხვათ?

- რამდენიმე თვის წინ, ავტოპალპაციით მარჯვენა მკერდის ქვემოთ შევამჩნიე კვანძი, რომლის ირგვლივ კანი იყო გაღიზიანებული და მტკიოდა. თავიდან ჩავთვალე, რომ ჩვეულებრივი მასტოპათია იყო, რომელსაც დიდი ხანია ვაკონტროლებ. სამ თვეზე მეტი მოვანდომე გადაწყვეტილების მიღებას, რომ წავსულიყავი მამოლოგთან და ეს სამი თვე იყო სრული აგონია. 19 ივლისს მივედი ექიმთან, რის შემდეგაც სასწრაფოდ გამიკეთდა ბიოფსია. დამიდგინდა მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კარცინომა 2-3 სტადია.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად შინაგანად ვგრძნობდი და დაახლოებით ვიცოდი, რა დიაგნოზიც მოვიდოდა, იყო სრული შოკი. წამებში იცვლება ყველაფერი რადიკალურად, გეგმები, აქტივობები, აბსოლუტურად ყველაფერი.

სახლში მისვლისთანავე ვიტირე, ძალიან ბევრი ვიტირე, თუმცა არ შემშინებია, გავბრაზდი და ვთქვი, რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში არ ოყო კიბოს ადგილი და რაც შეიძლებოდა მოკლე დროში უნდა დასრულებულიყო ყველაფერი. ეს უნდა გამეკეთებინა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის და დედაჩემისთვის.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ასეთი დიაგნოზის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ექიმის ტაქტიკა, დიაგნოზის სწორად მიწოდება პაციენტისთვის. მისი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელიც იმ მომენტში ექიმს კი არა ღმერთს ხედავს მასში. ამ მხრივ ძალიან, ძალიან გამიმართლა.

- როგორ შეხვდნენ ამ ამბავს ოჯახის წევრები და ახლობლები?

- პირველი ჩემი დიაგნოზის შესახებ გაიგო საუკეთესო მეგობრის დედამ, რომელიც პირველ ვიზიტზე თან მახლდა. ის არის უსაზღვროდ პოზიტიური ადამიანი და ყველანაირად შეეცადა, თავი მარტო არ მეგრძნო. შემდეგი იყო დედა და ეს იყო ურთულესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. დედის შეშინებული თვალები... თუმცა ორივემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ პანიკაში ჩავარდნის არც აუცილებლობა იყო და არც დრო და დღემდე ჩვენი საუბრები არის მშვიდი, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მადლობა მას იმისთვის, რომ არის უძლიერესი და არც მე მომცა უფლება ცუდზე მეფიქრა. შემდეგ იყვნენ მეგობრები, დანარჩენი ოჯახის წევრები და ხალხი სოციალური ქსელში, დიაგნოზის მიღების დღესვე დავწერე რომ საკუთარ თავს უნდა გავუფრთხილდეთ, ინტერნეტის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია არ არის დიაგნოზი, ამისათვის არსებობს უამრავი სქრინინგ ცენტრი, კომპეტენტური ადამიანები და პრევენცია ფუნდამენტური ყველა დაავადებასთან ბრძოლაში. არ მინდა, რომ სოციუმში კიბოსი, როგორც სიტყვის ხალხს ეშინოდეს, იმიტომ, რომ ეს არის დიაგნოზი და არა განაჩენი. ყველაფერს დაძლევა შესაძლებელია საკუთარ თავთან მუშაობით და მედიცინის დახმარებით. სწორედ ეს იყო ჩემს ავადმყოფობაზე ღიად საუბრის მიზანი, რომ გადამერჩინა ადამიანები, როგორმე მიმეწვდინა ხმა ყველასთვის ვინც ჩემნაირ მდგომარეობაშია და ამას არ ამხელს, ეშინია. მოუყევით ამის შესახებ ხალხს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მე ეს ძალიან დამეხმარა. ერთად უფრო მეტ პრობლემას მოვაგვარებთ, ვიდრე ცალ-ცალკე, მარტოები.
mshoblebi

- რა გზა გამოიარეთ, როგორ ებრძვით დაავადებას ?

- გზა აქამდე იყო გრძელი, ალბათ რთულიც, იყო უამრავი კვლევა, ანალიზები, დამღლელი პროცესი. შეიცვალა ყველა ახლო სამომავლო გეგმა, შევიცვლე მეც, შეიცვალა დამოკიდებულებები, ღირებულებები, ადრე თუ ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა პირიქითაა, სულ უბრალო რამ მახარებს და მაბედნიერებს. არაფერზე აღარ ვწუწუნებ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ.
ფსიქოლოგიური განწყობა არის უპირველესი, მე ქიმიოთერაპიის 4 ციკლით მივიღე შედეგი გასაოცარი. დაუჯერებელი. სამი თვე გადის დიაგნოზიდან და 2-3 სტადიის ინვაზიური კარცინომას დიაგნოზის შემდეგ უკვე მამოპლასტიკაზე ვსაუბრობთ. გაიცანით საკუთარი თავი, ესაუბრეთ მას, მოუსმინეთ, გაიგეთ რა სჭირდება. მოიშორეთ მავნე ჩვევები, დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობებს, სწორად კვებას, ყველაფერი ერთად ქმნის უწყვეტ ჯაჭვს, რომელსაც განკურნებამდე მივყავართ, ძალიან ბევრ შემთხვებში საბოლოო განკურნებამდე.
რაც შეეხება ამ დაავადების დამარცხებას, იმაზე საუბარი, რომ საშიშროება აღარ არსებობს, არის ძალიან ნაადრევი. წინ კიდევ საკმაოდ გრძელი გზა და ინტენსიური მკურნალობაა. თუმცა სამ თვეში მაქვს ის შედეგი, რასაც პაციენტების უმრავლესობა იგივე დიაგნოზით ერთი წლის შემდეგ აღწევენ.

- როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა?

- ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა არის პროგრესულად კარგი. ონკოლოგები, რომლებიც ჩემს შემთხვევას იკვლევენ და მკურნალობენ არიან სასიამოვნოდ გაოცებულები. არავინ ელოდა ასეთ მოკლე დროში ასეთ შედეგს. ზოგჯერ უკვე არც კი მახსენდება, რომ ავად ვარ, ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყოველ მეშვიდე დღეს ქიმიოთერაპიაზე კლინიკაში მოწევს მისვლა. რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილი შევიცვალე, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში რუტინა არ შეცვლილა, ჩვეულებრივად ვცხოვრობ მშვიდად.

- სად გადიხართ მკურნალობის კურსს?

- აგოსტინო ჯემელის სახელობის საუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუტში, სუსან კომენის ძუძუს კიბოს ევროპის ცენტრთან არსებულ კლინიკაში,რომში. ამავე ცენტრის დირექტორთან პროფესორ რიკარდო მაზეტისთან. ადამიანთან რომელსაც ათასობით ქალისთვის დაუბრუნებია სიცოცხლის ნორმალური რიტმი. მასთან ერთად ონკოლეგებს, ქიმიოთერაპევტებს, ფსიქოლოგებს, ქირურგებს, მედდებს, ნუტრიციონისტებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და კვლევებისთვის. დახმარებისთვის, ღიმილისთვის. მათთან ერთად ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თითოეულ უცნობ ადამიანს რომელთაგანაც ათასობით წერილს ვიღებ ყოველ დღე.
მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რომელიც ჩემს მდგომარეობაშია, რომ არ შეგეშინდეთ. ეს ისეთი დაავადებაა, სადაც მისი არ ეშინიათ, დიდხანს არ ჩერდება. დაეხმარეთ და გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენთან ერთად თქვენს ირგვლივ მყოფებს. კიბო განაჩენი არ არის, ის დიაგნოზია, რომელიც რწმენით და სიმშვიდით ადვილად მარცხდება და უფრო ძლიერებს გხდით, უფრო თავდაჯერებულებს.

რუსკა კილასონია
7656
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?