"ახლანდელ გოგოებს მარტო ქმარი უნდათ, რომ თავის ნებაზე მოატრიალონ კოხტად"
დღეს ხშირად საუბრობენ შვილებსა და მშობლებს შორის გაუცხოვებაზე. როგორ შეიცვალა თაობებს შორის ინტერესები, დამოკიდებულებები. გთავაზობთ ინტერვიუს 76 წლის მაყვალა ქიმერიძესთან, რომელიც 19 წლის ასაკში გარიგებით გაათხოვეს გერგეთში.- წარმოშობით ხაშურიდან ვარ. 19 წლის ვიყავი, როცა გარიგებით გავთხოვდი. ჩვენ დროს ყველა გარიგებით თხოვდებოდა, ახლა ამას გოიმობას ეძახიან. მაშინ გართულება არ მქონია, სიყვარული ნელ-ნელა მოდის. შვილი რომ ჩნდება, სიყვარული უფრო ძლიერდება. კარგი დედამთილი შემხვდა, მასწავლა ყველაფერი. მითხრა: რომ გათხოვდი, შვილო, მოხევეზეო, ჩვენებური კერძების გაკეთება უნდა ისწავლოო. თავიდან ძალიან მიჭირდა. ადრე ვერაფერს ვიგებდი, რას ლაპარაკობდნენ. თანდათან მივეჩვიე იქ ცხოვრებას, კარგი ოჯახი შემხვდა.
76 წლის ბებო გერგეთიდან
- რა აზრის იყვნენ მშობლები, გერგეთში რომ გათხოვებდნენ?
- დედა მყავდა, მამა - არა. 44 წელს დაიღუპა ომში. 6 თვის ვიყავი, რომ დავობლდი. მე და ჩემი ძმა დედამ გაგვზარდა. დედას ეშინოდა, ჩემთვის უცხო მხარეში, მოხევეზე რომ ვთხოვდებოდი, მაგრამ ბიცოლაჩემმა დაარწმუნა, კარგი ხალხი არიანო. დედაჩემმა თბილისშიც კი არ გამიშვა სასწავლებლად, ეშინოდა. ხაშურში დამამთავრებინა საბუღალტრო კურსები.
- სანამ გათხოვდებოდით, რამდენჯერ შეხვდით მომავალ მეუღლეს?
- სამჯერ შევხვდით ერთმანეთს. მე და ჩემი დაქალი კინოში წაგვიყვანა, პატივი გვცა. მხარბეჭიანი კარგი ბიჭი იყო. გიჟდებოდნენ თურმე გოგოები. მე რომ გერგეთში მიმიყვანეს, ასე ამბობდნენ იქაურები, აქ არ იყოო მოხევე გოგო, ხაშურში არ წასულიყავითო?!
- როცა ოჯახში მიგიყვანეს, რამე შეღუდვები დაგიწესეს?
- ძალიან ტრადიციულები იყვნენ. განსაკუთრებით მაშინ. ოჯახის უფროსი რომ შემოვიდოდა, ფეხზე უნდა წამომდგარიყავი, ფეხშიშველა ფეხით არ უნდა გაგევლო. რაღაც შეცდომებს ვუშვებდი, მაგრამ დედამთილი ისეთი თბილი ქალი იყო, არ მიბრაზდებოდა, შვილივით მიმიღო.
- რამდენი შვილი გყავთ?
- როდის დაბრუნდით საცხოვრებლად ისევ გერგეთში?
- უფრო მეტად თბილისში ვცხოვრობდი. შვილებმა აქ მიიღეს განათლება, აქ დასაქმდნენ და მარტო მე იქით ვინ გამიშვებდა. ბოლო წლები ვიყავი გერგეთში, როცა შვილები დაოჯახდნენ. იქით მიწევდა გული, ჩემი შვილი გერგეთშია დასაფლავებული და ხომ გესმით... ახლა ცხოვრება არ ჭირს, ყაზბეგში ყველაფერია. გაზი უფასო გვაქვს ზამთარში. მე ახლაც წავიდოდი, მაგრამ ცუდად რომ გავხდე, ამის მეშინია, წნევები მაწუხებს.
- მაყვალა ბებო, რას იტყვით თანამედროვე აღზრდის მეთოდებზე, რა შეიცვალა, რას იწონებთ და რას - არა?
- ჩემს დედამთილს ეუბნებოდნენ, "მუანდა ახლა ქალაქში გამგზავრებაი რძლისა და შვილიშვილებისაო", მაგრამ ის ისეთი ქალი იყო, ყურს არ უგდებდა არავის. პირიქით, გვეხმარებოდა, ყველაფერს გვიგზავნიდა, ერბოს გვიკეთებდა, ახლა ვინღა აკთებს, ერბოს არ კადრულობენ.
- ქალაქიდან როცა ჩაგყავდათ ბავშვები, არ გიჭირდათ უკან წამოყვანა?
- რომელიმე შვილი მოხევეებზე ხომ არ დაქორწინებულა?
- ისე მოხდა, რომ არც ერთმა არ დაუკავშირა მოხევეებს ცხოვრება. ქალაქელი დედა ჰყავთ ამ გოგოებს და ასეთი რძლები არ გვინდაო, გაიძახოდნენ. ეს მაშინ ხდებოდა თორემ, ახლა მათი შვილები ჩემს შვილებზე და შვილიშვილბზე უფრო მოკლე შარვლებით დადიან.
- რას ურჩევთ ახლგაზრდებს, მშობლებს, შვილებს?
- ახლანდელ თაობას დედამთილი და მამამთილი არ უნდა. მე ჩემს შვილებს რასაც ვეტყვი, დღემდე იმას აკეთებენ. პატივს ცემენ ჩემს აზრს. ახლა ისეთი დროა, უმჯობესია, რძალს რომ მოიყვან, წყვილი ცალკე გაუშვა. უფრო მეტი სითბო და სიყვარული იქნება ოჯახში. ახლანდელ გოგოებს მარტო ქმარი უნდათ, რომ თავის ნებაზე ატრიალონ კოხტად. ჩემს შვილიშვილ ბიჭებსაც ამას ვურჩევ, მოიყვანთ ცოლებს, თუ არ მოგწონთ მშობლებთან ცხოვრება, ნება იბოძეთ, იშრომეთ და ცალკე გადით საცხოვრებლად. ცალკე ყოფნას არაფერი არ ჯობია. მე ეს დასკვნა გამოვიტანე.
რუსკა კილასონია