"არც ერთი მისი ორთაბრძოლა არ მინახავს, საშინელ ტკივილს განვიცდი“ - მსოფლიო ჩემპიონის დედა მის ცხოვრებაზე საუბრობს - მშობლები

"არც ერთი მისი ორთაბრძოლა არ მინახავს, საშინელ ტკივილს განვიცდი“ - მსოფლიო ჩემპიონის დედა მის ცხოვრებაზე საუბრობს

2018-09-27 13:16:12+04:00

"ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, პატარაობისას უნდოდა, რომ ექიმი, ქირურგი გამხდარიყო"

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვებით მთელი საქართველო გაახარა. 23 წლის ძიუდოისტი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ის ასევე არის ევროპის ჩემპიონი. თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ mshoblebi.ge- ს ექსკლუზიურ ინტერვიუში გურამის დედა, ხათუნა წერეთელი ესაუბრება:

- გამარჯვების შემდეგ პირველი ემოცია ოჯახის წევრებს გაგიზიარათ?

- რა თქმა უნდა. ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რასაც ვგრძნობდი. მე დედა ვარ და არ შემიძლია ვუყურო მის ასპარეზობას, არცერთი მისი თამაში არ მინახავს, საშინელ ტკივილს განვიცდი და ვნერვიულობ. ჩემგან გასხვავებით, მამამისს შესწევს უნარი უყუროს ძიუდოს ორთაბრძოლებს, სადაც გურიკა იღებს მონაწილებას, თუმცა მასაც ჯანმრთელობის ფასად უჯდება ეს.

mshoblebi

- რა ასაკიდან დაიწყო გურამმა ძიუდოზე სიარული?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი სურვილი იყო გურიკა ფეხბურთელი გამხდარიყო. დადიოდა კიდეც ფეხბურთზე, მაგრამ ტრავმა მიიღო, ხელი მოიტეხა. ამ ტრავმის შემდეგ მამამ გადაწყვიტა შეგვეყვანა ძიუდოზე, რასაც დათანხმდა ჩემი შვილი. ეს არც გამკვირვებია, რადგან მამა, უფროსი ძმაც ამ სპორტით იყვნენ დაკავებული. 12 წლის იყო, როცა ძიუდოზე სიარული დაიწყო.

ნახეთ თუშიშვილის გამარჯვების ვიდეოკადრები

Videomshoblebi

მსოფლიო ჩემპიონი

- თავად რა პროფესიის ბრძანდებით ?

- პროფესიით ვარ პედაგოგი, ახლა ვმუშაობ კოჯრის საბავშვო ბაღში დირექტორად, ჩემი მეუღლე შოთა პროფესიით იურისტია. რამდენიმე წელი მუშაობდა ქვემო ქართლის რაიონში პოლიციის უფროსად.

mshoblebi

- სად დაგყავდათ ძიუდოს შესასწავლად?

- დაგვყავდა კლუბ "შევარდენში". თავდაპირველად მისი მწვრთნელი იყო ამირან კელიხაშვილი, შემდეგ - ბათო ჯიქური, რომელიც დღემდე მოჰყვება და გურიკას წარმატების მთავარი შემოქმედია. დაიწყო თუ არა ვარჯიში, სულ მალე მოიპოვა წარმატება. პატარ-პატარა ტურნირებზე, რომელზეც ასპარეზობდა, ყველგან იმარჯვებდა. მის კარიერას ახსოვს დაღმასვლებიც, თუმცა ისეთი არა, რომ ამის გამო თავი დაენებებინა ძიუდოსთვის.

- როგორი აღსაზრდელი ბავშვი იყო?

- ორი სიტყვით შემიძლია ვთქვა, იყო ძალიან სამართლიანი და ძალიან ემოციური. ამასთანავე არის კეთილი და უაღრესად კაცთმოყვარე.

mshoblebi

- ქალბატონო ხათუნა, გარდა სპორტისა კიდევ რით არის გურამი დაინტერესებული?

- გურამს ჰყავს მეუღლე ანი პაიკიძე და ქალიშვილი სესილია, რომელიც წლის და რვა თვის არის ახლა. თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს. გურამმა სკოლა რომ დაამთავრა, უნივერსიტეტს ჩაირიცხა, თუმცა რაღაც შეფერხებების გამო ვერ დაასრულა სწავლა. ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, პატარაობისას უნდოდა, რომ ექიმი, ქირურგი გამხდარიყო. ძნელია საკუთარ შვილზე საუბარი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძიუდოს გამო ბევრ რამეზე მოუწია უარის თქმა.

- რა პროფესიის არის თქვენი რძალი?

-პროფესიით ფსიქოლოგია, სანამ პატარა შეეძინებოდა, მუშაობდა. ახლა ბავშვის მოვლაზეა გადართული.

mshoblebi

- როგორც აღნიშნეთ, გურამს პატარა გოგონა ჰყავს, თუ ადევნებს თვალს ეკრანზე მის ასპარეზობას?

- როცა გურამი ჭიდაობს, ჩვენ გარშემო ისეთი ემოციური ხალხი იკრიბება, ვცდილობთ, პატარა ამ ამბავს მოვარიდოთ. თუმცა თუკი ნახავს ხოლმე ეკრანზე, უნდა რომ ხელით შეეხოს, ძალიან საყვარელი სანახავია ამ დროს.

რუსკა კილასონია