"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმისთვის, როდესაც ბავშვის მშობლების ნდობას და მხარდაჭერას გრძნობ" "ბატონი გუგა ქაშიბაძე და მისი პაციენტი მარიამი! დიდი მადლობა ექიმებს და მთელ სამედიცინო გუნდს მოხდენილი სასწაულისთვის!" - ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს თეო რუსაძე, რომელსაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. მარიამის გადარჩენით გახარებული ახლობლები გუგა ქაშიბაძეს და მთელ გუნდს უამრავ მადლობას უძღვნიან... ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორს გუგა ქაშიბაძეს პატარა მარამის შესახებ სასაუბროდ დავუკავშირდით...
- ოთხი წლის მარიამმა დამწვრობა ადუღებულ წყალში ჩავარდნის შედეგად მიიღო. სხეულის თერმული დამწვრობა ჰქონდა 60 პროცენტი, უმძიმესი შემთხვევა იყო... 17 დღე მკურნალობდა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში და 8 დღე დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში. საერთო ჯამში მარიამს ჩვენთან მკურნალობა 25 დღის განმავლობაში მოუხდა.
ჩატარდა ერთი ოპერაცია, კანის გადანერგვის... გადანერგვა ჩაუტარდა ბარძაყების შიდა ზედაპირზე და დუნდულოებზე... მიუხედავად ასეთი საშიში და ძალიან სერიოზული დიაგნოზისა, გუშინ მარიამი ამბულატორიულ მკურნალობაზე გადავიდა და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება!
- ანუ განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევა იყო, თქვენს პრაქტიკაში ერთ-ერთი გამორჩეული?
- დიახ, ნამდვილად იყო ერთ-ერთი მძიმე, მაგრამ არა ერთადერთი... გვქონდა კრიტიკული დღეები, რომელიც ერთად გავიარეთ და ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 60 პროცენტი დაზიანება ეს უკვე სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევაა. ხხშირად ასეთი შემთხვევები იმ შედეგით არ სრულდება, როგორც ჩვენ გვინდა...
ყველა ბავშვი საინტერესო და საყვარელია, მაგრამ მარიამი განსაკუთრებულად თბილი ბავშვია. მთელი ჩვენი ცენტრის სული და გული არის და იქნება! ეს არის პაციენტი, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმისთვის, როდესაც ბავშვის მშობლების ნდობას და მხარდაჭერას გრძნობ თავიდან ბოლომდე! ექიმებთან ერთად მორალურად სულ ჩვენს გვერდით იყვნენ მარიამის მშობლები, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან.
მარიამთან დაახლოებით 28 მედპერსონალი მუშაობდა - რეანიმატოლოგები, ანესთეზიოლოგები, ქირურგები, მედდები... ცენტრში გუნდური მუშაობის პრინციპია და ყველამ შეიტანა წვლილი იმაში, რომ დღეს მარიამი კარგად არის!
მანანა გაბრიჭიძე