აკვნის ჯოხით რძლის ცემისთვის დედამთილი 600 ლარით დააჯარიმეს - "რძალმაც ტელეფონი მესროლა"
რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა საპირისპირო ჩვენებები მისცეს. დედა-შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

შემთხვევა ზაფხულში, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სიტყვიერი შელაპარაკება თავდაპირველად დედამთილსა და
ოჯახში სტუმრად მყოფ რძლის დას შორის დაიწყო. აკვანთან მჯდომმა რძალმა საკუთარი დის გაჩუმება სცადა.

დაზარალებული ქალი: „აკვანთან ვიჯექი, ისინი შელაპარაკდნენ… მე ხელით ვუჯიკე ჩემს დას, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა… ამ დროს დივანზე იწვა ჩემი ქმარი, წამოდგა და გაშლილი ხელი სახეში ორჯერ დამარტყა, მობილური ტელეფონიც ორჯერ ჩამარტყა თავში…“

დედამთილი: "შევლაპარაკდით და ჩემი რძლის და გამოექანა ჩემკენ, რძალმაც ტელეფონი მესროლა. მე ხან ერთს ვურტყამდი ხელს, ხან – მეორეს, ამიტომაც წავიქეცი, თავი რომ დამეცვა, აკვნიდან ჯოხი გამოვაძრე და ვიგერიებდი, არ დამირტყამს… დაზიანებები რძალმა ალბათ დივანზე წაქცევის დროს მიიღო“.
mshoblebi
დაზარალებულის ქმარი: „ჩემი ცოლის და გაიწია დედაჩემისკენ, რა
დროსაც დედა ოდნავ შეეხო ხელით, წადი, თავი დამანებეო. დედამ არტახის ჯოხი გამოიღო და იგერიებდა ჩემს ცოლს. მე გაშველების მიზნით მოვხვიე ხელები ორივეს და ერთად წავიქეცით დივანზე სამივე, რა დროსაც მიიღო ალბათ დაზიანება ჩემმა ცოლმა. მე მობილური მისთვის თავში არ ჩამირტყამს. მერე ორივეს მოვკიდე ხელი მაჯაზე და გავუშვი გარეთ…“

დაზარალებული ქალის მამა: „ტელეფონზე დამირეკეს შვილებმა, სახლიდან გამოგვყარეს და ჯოხით გვცემესო…“

მოსამართლე დავით გელაშვილმა დედა-შვილის ჩვენება სარწმუნოდ არ მიიჩნია, რადგან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება ჰქონდა, რასაც დივანზე დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა.

საქმეშია ასევე მობილური ტელეფონი, რომელზეც ასევე შეიმჩნევა დაზიანებები – ეკრანი გაბზარული იყო.

პროკურატურამ დედა-შვილს ოჯახში ძალადობის მუხლით წაუყენა ბრალი, რომლის მიხედვითაც ქალზე ძალადობა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა. მოსამართლემ საქმის განხილვის დროს საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა ერთი მუხლის “დ“ და „ე“ გაასამართლა ბრალდებულები. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დანაშაული არასრულწლოვნის თანდასწრებით არ მომხდარა. „დგინდება, რომ ბავშვს ამ დროს ეძინა,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

მოსამართლე დავით გელაშვილის გადაწყვეტილებით დაზარალებული ქალის ქმარს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ის მანამდე ასევე ოჯახში ძალადობისთვის იყო გასამართლებული და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

რაც შეეხება დედამთილს, მას მოსამართლემ 250 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა 600-ლარიან ჯარიმასთან ერთად. თუმცა ჯარიმამ, როგორც უფრო მკაცრმა სასჯელმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შთანთქა. რძლის ცემისთვის გასამართლებულ დედამთილს მხოლოდ 600 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„ნივთმტკიცება – მობილური ტელეფონი და ხის ჯოხი დაუბრუნდეს მესაკუთრეებს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში“, – ესეც განაჩენშია აღნიშნული.
წყარო
9101
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ქეთი
0
უნდა ათრიო ასეთი მოძალადეები და მერე აღარ ექმებათ სხვისი დაჩაგვრის სურვილი!
12:09 / 11-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?