მარტო ამ “მილოცვისთვის” ღირს, რაც ვიცხოვრე... იუმორისტი ნიკა ქავთარაძე დღეს იუბილარია. როგორც ხდება ხოლმე, სოციალურ ქსელში მანაც უამრავი მილოცვა მიიღო, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მისი შვილის ნინი ქავთარაძის პოსტი იყო, რომელმაც მამას საოცარი სიტყვები მიუძღვნა:
"მა, გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა, რომ არასდროს შეგიშლია ხელი შეცდომების დაშვებაში. მადლობა, რომ განა მარტო ყველაფრის ნებას გვრთავ, თან ცდილობ, ეს “ყველაფერი” გაიგო, მიიღო და შეიყვარო. მეც აღარაფერს ვამბობ შენზე, დაუჯერებელი მამა ხარ და ამის მტკიცება მეზარება, ჯერ რა საჭიროა და მერეც, ხომ იცი, რა ზარმაცი ვარ. თან ვინც გვიცნობს, ისედაც გვიცნობს. მადლობა, რომ მთავარია, მე ვიყო ბედნიერად. მადლობა, რომ ყოველთვის გვენდობი და არასდროს გაღელვებს, რას იფიქრებს ხალხი, მთავარია, ჩვენ ვიყოთ ბედნიერად. მადლობა, რომ ჩემი წარმატებები იმდენად გიხარია, თავი მართლა მნიშვნელოვანი მგონია ხოლმე და ბოდიში, რომ იმდენად უნამუსო ვარ, მოყოლაც კი მეზარება და ორი სიტყვით გეუბნები. მადლობა, რომ ის ვარ, რაც ვარ, ასეთი მოგწონვარ და არასდროს გეზარება იმის გამეორება, რა ლამაზი და ჭკვიანი ვარ და ღმერთის უმადური, რომ ამას არ ვაფასებ. მადლობა, რომ ყველაზე მთავარი მომეცი – თავისუფლება და დამოუკიდებელი არჩევანი. მა, მინდა, რომ ბედნიერად და კარგად იყო და არაფერზე ნერვიულობდე. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის და ყველაზე მაგარი ტიპი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია".
ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ ნიკას გული აუჩუყა და შვილს მადლობა საჯაროდ გადაუხადა:
"ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცეთ...
მაგრამ ესაა პირველი მილოცვა, რომელიც დღეს დილითვე წავიკითხე. მის შემდეგ 10-ჯერ წავიკითხე და ათივეჯერ ცრემლები მომდიოდა.
საერთოდ რომ არაფერი მქონდეს გაკეთებული ამ 40 წლის მანძილზე, მარტო ამ “მილოცვისთვის” ღირს, რაც ვიცხოვრე,
ნინი, მამიკუნა, მიყვარხარ და ძალიან ბედნიერი ვარ შენი არსებობის გამო".
თეკლა ჟვანია