ბევრი რამ დავიწყებას მიეცა, ჩემი ქუთაისის ვარდ-მაისობაც ნისლით იფარება ჩემს მეხსიერებაში. ერთი რამ კი არამც და არამც მავიწყდება. ის კი არადა, შემიძლია თვალი დავხუჭო და ფერებში აღვიდგინო ის წამი, ის მომენტი... სკოლის კლუბში ფილმ "სხვისი შვილების" ჩვენებისას გვერდით მჯდომმა უფროსკლასელმა საჩვენებელი თითი ჩემსკენ რომ მომართა და სხვათა გასაგონად შემეკითხა: შენც ხომ გყავს დედინაცვალი?მას შემდეგ შემძულდა ეგ სიტყვა. და მგონია, რომ არათუ ჩვენს ცხოვრებაში, ლექსიკონის ფურცლებსაც სტკივა ამ სიტყვის არსებობა.
მეფისნაცვალი?! კი, ბატონო!
დედინაცვალი?! არამც და არა!
მაწვნის იმ ერთ ციცქნა შემქმნელს თუ "დედოს" ვეძახით... სხვისი შვილების გამზრდელმა რად "ინაცვლა"?!
ჩემი დედიკო - მანანა შარაბიძეა...
ეს "ტიტული" 21 წლის ქალიშვილმა მას შემდეგ მოირგო, რაც მე და ჩემი ორი ტყუპისცალი, წლინახევრით უფროს ძმასთან ერთად 1 დღისანი დავობლდით.
"დედის ამაგს ხელისგულზე ერბო-კვერცხის შეწვითაც ვერ გადაიხდიო" - ბავშვობაში მასწავლიდნენ. მაშინ არც მიფიქრია მასწავლებლისთვის მეკითხა, სხვისი ობლების გამზრდელ დედასთვის თუ რითი შევძლებდი ამაგის გადახდას.
მას შემდეგ ვფიქრობ იმ დაუსმელ შეკითხვაზე.
პასუხი ახლაც არა მაქვს!
მახსენდება, თუ როგორ სათუთად ინახავდა დედა ჩემს პირველკლასელობისას ნაჩუქარ, ჩემივე ხელით დახატულ სარვამარტო მისალოცს (მაშინ 3 მარტი ჯერაც არ არსებობდა), მასთან ერთად კი ხელსახოცზე დაწერილ ჩემს პიონერულ ფიცს, რომ ცხოვრებაში სიგარეტს აღარ გავეკარებოდი.
ვფიქრობ, იმ მისალოცში სათუთად გამოყვანილი სიტყვებიც შევასრულე, რომ მუდამ მეყვარებოდა, და ხელსახოცზე დაწერილი ფიციც.
თუ დედას უღალატებ, მერე სამშობლოს ღალატიც ადვილია!
იქნებ, სამშობლოს ღალატიც დედის ღალატია?! მისი დამღერებული იავნანის უმადურობა...
ამ სურათს, ამ წერილს რომ ახლავს, ლამაზი სახელი აქვს: "ერთი იავნანა სამისათვის". ალბათ ამ იავნანებით, ჩურჩულით წაკითხული ზღაპრებით ხდებოდა ჩვენი დამყნობა - მოყვასის, ჩვენი ლამაზი ქალაქის, სამშობლოს სიყვარულთან, რომ შემდეგ ისეთი ნაყოფით გვეხარა, რომ ამაგი დაგვებრუნებინა.
არა ხელისგულზე "ყიყლიყოს" შეწვით, არამედ მამულის სამსახურში დგომით!
ჩვენი, ტყუპების სახელების საწყისი ასოების ერთობლიობა ჩვენი მშობელი დედის სახელს კრავს:
მან-უჩარი, ან-ზორი, ა-ვთანდილი!
- მანანა!
და შენს სახელსაც...
მაშინ, როცა ამ სახელებს გვარქმევდნენ, ღმერთის ნებით, უნებლიედ, ჩვენს სახელებში ჩაიდო ის კოდი, რომ მადლიერება შენდამიც გამოგვეხატა, ზუსტად ისე, თანაბრად, როგორც მშობელი დედისადმი.
და სამთავე ძმას საკუთარ სახელებთან ერთად შენი სახელიც გვეტარებინა!
24 წლის დაგვიანებით მშობელი დედისადმი მიძღვნილ წერილში შენს მოსახელეს, ჩვენს მშობელ დედას ისიც ვთხოვე, როცა კი შენთან შეხვედრის ბედნიერება ერგება, ხელები დაგიკოცნოს, გულში ჩაგიკრას და დად მიგიღოს, - იმ დიდი გმირობისათვის, დიდი ქალობისათვის, რასაც სამი საშინლად ანცი ბიჭუნას აღზრდა ჰქვია.
რეჟისორი თემურ ჩხეიძე დედას, მედეა ჩახავას ყოველთვის ასე მიმართავდა თუ მოიხსენიებდა: "ქალბატონო დედა!"
ამ ორ სიტყვაში, ერთი შეხედვით არისტოკრატიულ მიმართვაში, მე ერთნაირად ვკითხულობ - სიყვარულს, კრძალვას, მოწიწებას და ფეხისწვერებზე სიარულის სიჩუმეც მესმის.
დაბადების დღეს გილოცავ, ქალბატონო დედა!
დე-და!
მანუჩარ პირველი