თანამედროვე მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა ბავშვებს შეაყვარონ წიგნის კითხვა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებად კომპიუტერი აღიქმება თანამედროვე მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა ბავშვებს შეაყვარონ წიგნის კითხვა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებად კომპიუტერი აღიქმება. აქედან გამომდინარე, უფროსების მთავარი საზრუნავია გამონახონ გზა, თუ როგორი წიგნები და ავტორები შეურჩიონ შვილებს იმისათვის, რომ კითხვის ინტერესი გაუღვიძონ. ამ მხრივ გამომცემლობა პალიტრა L მუდმივად ანებივრებს მკითხველს და მათთვის გამორჩეულ და საინტერესო წიგნებს გამოსცემს. ამჯერადაც ბავშვებისთვის ახალი წიგნების სერია გამოდის, რომლის შესახებაც, გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური გვესაუბრება:
ჩვენ ვამზადებთ წიგნების სერიას, რომელსაც ჰქვია "კლასიკოსები ბავშვებისთვის". ამ სერიისთვის მოვიძიეთ მსოფლიო კლასიკოსების, მსოფლიოში ცნობილი მწერლების ის ნაწარმოებები, რომლებიც მათ ბავშვებისთვის დაწერეს. სერია განსაკუთრებულია, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ ავტორებთან, რომლებიც არ ითვლებიან საბავშვო მწერლებად, შესაბამისად, ჩვენთვისაც და მკითხველისთვისაც ორმაგად საინტერესოა, გავეცნოთ მათი შემოქმედების იმ ნაწილს, რომელიც ბავშვებს მიუძღვნეს. სწორედ ასეთი ნაწარმოებები შევკრიბეთ და გავაერთიანეთ ერთ სერიაში.
- თუ შეიძლება გაგვიმხილეთ რომელი მწერლების ნაწარმოებები შევა ამ სერიაში
- სერიაში "კლასიკოსები ბავშვებისთვის" ძალიან საინტერესო და გამორჩეული ავტორები მოხვდნენ, მაგ. ლევ ტოლსტოი, ვირჯინია ვულფი, ჯეკ ლონდონი, უალიამ ფოლკნერი. ამ მცირე ჩამონათვალითაც კი ადვილად მიხვდება მკითხველი, თუ როგორი კალიბრის მწერლების საბავშვო ნაწარმოებებს ვთავაზობთ. ზოგიერთი შემთხვევა ნამდვილი აღმოჩენა იყო. მაგალითად, მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ფოლკნერის საბავშვო ნაწარმოებების არსებობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც სხვებზე უკეთ იცნობენ მის შემოქმედებას. ეს სერია გამორჩეული იქნება სწორედ იმით, რომ ძალიან ცნობილ მწერლებს სულ სხვა რაკურსით დაგვანახვებს. ამ თვალსაზრისით, გვგონია, რომ ეს წიგნები დააინტერესებს ოჯახის ყველა თაობის წარმომადგენლებს. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ სერიაში გამოცემული წიგნები არის საგანგებოდ ილუსტრირებული, ასევე საგანგებოდ შევარჩიეთ მთარგმნელები და ვფიქრობთ, რომ ამ წიგნებით სასიამოვნო მოულოდნელობას ვთავაზობთ ჩვენს მკითხველებს. ეს სერია იმითაც იქნება გამორჩეული, რომ სერიაში გამოცემული ნაწარმოებების უდიდესი ნაწილი პირველად ითარგმნა ქართულად.
- როდიდან და სად შეიძლება წიგნების შეძენა?
სერია 12 ავტორის შემოქმედებას გააერთიანებს, შესაბამისად, გამოვა 12 წიგნი. წიგნის შეძენა მკითხველს, თვეში ერთხელ, წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების პუნქტებში გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეეძლება. პირველი წიგნი 19 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, მისი სპეციალური ფასი 13,50 ლარი, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.