რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა
რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა
იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში "დედა ენა“ 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. გამოცემისთანავე "დედა ენა“ ვეფხისტყაოსნის ბადალი უწოდეს, რომელიც ძალიან მალე ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. ამ ავტორის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი "დედა ენა“ და 5-6 ათასი "ბუნების კარი“ იყიდებოდა. ხოლო იაკობ გოგებაშვილის 100 წლისთავის იუბილესთვის, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის "დედა ენისა“ და "ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.
გორის, თბილისის სასულიერო სასწავლებლისა, აქვე სასულიერო სემინარიისა და კიევის სასულიერო სემინარიაში განათლების მიღების შემდეგ, იაკობ გოგებაშვილი საეკლესიო ცხოვრებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ბოლოს
მაინც საზოგადებრივი საქმიანობა ამჯობინა. სუსტი ჯანმრთელობის იაკობი კიევში ტუბერკულიოზით დაავადა, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, იძულებული გახდა სწავლა მესამე კურსზე მიეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. როგორც ჩანს მისი დაავადება გენეტიკური იყო, რადგან იაკობის მშობლებსა და და-ძმასაც სუსტი ფილტვები ჰქონდათ.
საბედნიეროდ, ქართველებს ბევრი ღვაწლმოსილი ადამიანი გვყავდა, რომელებმაც ბევრი მიმართულებით დატოვეს სასიკეთო კვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პირველი ასეთ მოღვაწედ ალბათ ილია ჭავჭავაძე გვახსენდება, მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს იაკობ გოგებაშვილიც. მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. ამავე დროს, ის საქართველოში სახალხო
სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის იბრძოდა. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და მის საქმიანობაში. გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოებმა: "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, "ბუნების კარი“, "დედა ენა“, "რუსკოე სლოვო“, დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში.
mshoblebi
იაკობ გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ასევე მონაწილეობდა ზეპირსიტყვიერების შეგროვებაში, საბავშვო ჟურნალების გამოცემაში, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანაში, ბიბლიოთეკების დაარსებაში და ა.შ.
სიკვდილის წინ იაკობ გოგებაშვილმა მთელი თავისი ქონება "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა. იაკობის თანამედროვეთა თქმით, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი ოჯახი იყო. იაკობმა 300 თუმანი თავის დასაფლავებისა და ძეგლის დასადგმელი ხარჯების დასაფარავად გადადო. დანარჩენი ქონება კი ასე გაყო:
იაკობის გაყიდული წიგნებიდან უნდა გადადებულიყო არანაკლებ ერთი კაპიკისა განათლების ფონდის დასაარსებლად. ამ ფონდიდან უნდა დაენიშნათ სტიპენდიები სახალხო მასწავლებლების, გლეხებისა და მუშების შვილებისთვის.
სალიტერატურო ფონდს უნდა მოხმარებოდა, აგრეთვე იაკობის ვერაზე მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვით მიღებული თანხაც. მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია მისი წიგნების ასოთამწყობი ლადო კალანდაძე, წიგნის მაღაზიის გამგე ივანე ავალიშვილი და "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბუღალტერი ვასო ელიაშვილი, რომელთაც ანდერძით ას-ასი მანეთი დაუტოვა...
იაკობს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. ანდერძში გადანახული ფული გაუნაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი კი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც შემდეგში სკოლა გაიხსნა.
mshoblebi
"ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“. – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.
ახალგაზრდობაში ჭლექით დაავადებული შემდეგში ხშირად ავადმყოფობდა, ზოგჯერ რამდენიმე კვირას ატარებდა ლოგინში, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სტამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა.
არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ იაკობს დარია მამაცაშვილი უყვარდა და ისიც იმავე გრძნობით პასუხობდა, თუმცა ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია _ არ სურდა შთამომავლობისთვის გადაედო ეს მძიმე სენი. ამბობდნენ იმასაც, რომ იაკობისგან მისმა მოახლემ გოგონა გააჩინა, თუმცა, არც ეს დასტურდება, არც რამე სახის პირადი მიმოწერას მოუღწევია ჩვენამდე და არც რამე საბუთს, ასე რომ ეს მხოლოდ მოარული ჭორია.
მართალია იაკობს ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, მაგრამ ის მაინც თავაუღებლად მუშაობდა. უსაქმოდ იშვიათად ნახავდით. გაურბოდა ღამით წერას, გვიან იშვიათად წერდა, რადგან ღამისთევა და უძილობა მის ორგანიზმს თენთავდა. ადრე იძინებდა, მაგრამ ასევე ადრე იღვიძებდა. წერა განსაკუთრებით დილის საათებში უყვარდა.
mshoblebi
წერით რომ გულს იჯერებდა, შემდეგ კითხულობდა ან სტუმრებს ესაუბრებოდა. ერთხელ "დაკანონებული“ რეჟიმი დაურღვევია. ანდრია სრისელის ვაჟი იხსენებს: "ერთხელ ნამგზავრ მამაჩემს იაკობის სასტუმრო ოთახში ტკბილად ეძინა. შუაღამისას ძილი გაუფრთხო ხმაურმა, რომელიც იაკობის სამუშაო ოთახიდან გაისმა: – "ქეთოს იტაცებენ“, – მოესმა გარკვევით. ანდრია წამოდგა, საათს დახედა, შუაღამე გადასული იყო. ვინ უნდა იყოს ამ დროს იაკობთან?! – გულში გაივლო და საწოლ ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა ამბის გასაგებად. ნელი ნაბიჯით მივიდა იაკობის სამუშაო ოთახის კართან, კარის მაგიერ ჩამოფარებული ფარდის ერთი ნაწილი ფრთხილად გასწია და რას ხედავს: იაკობს საშინაო გრძელი ხალათი აქვს წამოსხმული და ოდნავ აღელვებული, ნელი ნაბიჯით დადის ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხან შეჩერდება, ჩაფიქრდება, თითქოს რომელიმე მოკამათესთან საპაექროდ ემზადებაო. იაკობმა ერთხელ კიდევ წარმოთქვა: "ქეთოს იტაცებენ“ და ისევ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას. წერს თავაუღებლად, ხელგაკვრით. იაკობის ისეთი შთაგონებული და ნაპერწკლიანი თვალები არასოდეს არ უნახავს ანდრიას. იაკობს წერაში შემოათენდა. განთიადისას ძილი მოერია. წამოდგა, დაწერილი ფურცლები ერთიმეორეზე დასტა-დასტა დაალაგა საწერ მაგიდაზე, სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე "იავნანა“ ჩაიღიღინა და ლოგინს მიაშურა. მთაწმინდიდან წამოსული დილის ნიავი ღია ფანჯარაში შეიჭრა, თითქოს ნაწერი ფურცლების ზვინს მოეალერსაო, შეაშრიალა და იატაკზე ფოთლებივით მიმოფანტა. ღამენათევ იაკობს გვიან გაეღვიძა. სტუმარს მოუხმო, ბოდიში მოიხადა, – წუხელ ალბათ ძილი გაგიფრთხეო. შემდეგ კი მოკრძალებით მიმართა: მიდი, გეთაყვა, ანდრია, საწერ ოთახში გაფანტული ფურცლები ერთიმეორეზე დაალაგე ნომრების მიხედვით და აქ მომიტანეო. ანდრიამ უყოყმანოდ შეასრულა იაკობის თხოვნა: გაბნეული ფურცლები შეაგროვა და იაკობს მიუტანა. ნაწერი ფურცლების ერთ თავფურცელს ყაყაჩოს მელნით დაწერილი ტანწერწეტა ლამაზი ასოებით ეწერა: "იავნანამ რა ჰქმნა?!“. – ეს მოთხრობა კავთისხევში დავწერე, ჩემი მეგობრის სახლში. წუხელის ცოტაოდენი შალაშინი გავკარი და ახალი საჩუქარი მოვუმზადე ჩვენს ბალღებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საჩუქარია, დაე, ეს ჩვენმა პირუთვნელმა მკითხველმა განსაჯოს, – კმაყოფილებით უთქვამს იაკობს ანდრიასათვის.
...1912 წლის გაზაფხულზე იაკობ გოგებაშვილი ავადმყოფობდა. ექიმები ხშირად მიდიოდნენ, ახლობლები არ ტოვებდნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ჯერ დიდუბეში დაკრძალეს, 1940 წელს კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. დაკრძალვის შემდეგ, მის ნათესავები და მეგობარები იაკობის სახლში მივიდნენ. როგორც იაკობ გოგებაშვილის ძმიშვილი შალვა გოგებაშვილი იგონებდა, კუთხეში იდგა ცრემლმორეული პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძე. როდესაც მას ჰკითხეს, შენ რას წაიღებ სამახსოვროდო, ის შეირხა, თვალი მიაშტერა კუთხეში მიგდებულ ჯოხს და წყნარად სთქვა: აგერ ეს ჯოხი მომეცით...
ანა კალანდაძე
11466
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
დედა ენა-ს
0
გასაგებია რომ ყიდვა გინდა, მაგრამ ამ ადამიანებს ეძვირფასებათ თავიანთი წიგნები, რადგან ამ წიგნით დაიწყეს სწავლა. სამარიაჟო რა არის აქვს, გითხრეს გვაქვს მაგრამ არ ვყიდითო, მიზეზიც აქვთ და რატომ ბრაზდებით?? ძველი წიგნების ბაზარს მიაკითხეთ და იქნებ იქ ნახოთ.
22:44 / 04-11-2018
დედა ენა
1
ხალხნო, მშვიდობაში მოგახმაროთ!!! ვინც არ ყიდით რომ წერთ ჩვენ გვაქვსო და არ ვყიდითო, მარიაჟობთ? რამდენი წელია ვეძებ და თუ ვინმე გადაწყვეტს აქ სტატიაზე რომ დევს ასეთის გაყიდვას, შემეხმიანეთ ! ამაზე უფრო ადრეული გამოცემა სულაც არ მინდა.
00:18 / 30-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```