გურამ კაშია ქართულ-ბრიტანული სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ცნობილი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ქართულ-ბრიტანული სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ბულინგის თემაზე ესაუბრა. დამსწრეთა შორის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფეხბურთელის ბავშვობის მოგონებებმა. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელი ბავშვობაში თავად იყო ბულინგის მსხვერპლი.
„სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, პოპულარული საერთოდ არ ვიყავი, ბევრი მეგობარი არ მყავდა, უფრო გოგოებთან ვმეგობრობდი, სიმართლე რომ გითხრათ. ბუფეტში ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ მეშინოდა, იქ "კაი ბიჭები" იდგნენ, ოთხნი, ხუთნი... ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, იმიტომ რომ მეც ვიყავი პატარა. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა და მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი... ", - თქვა კაშიამ.
შეხვედრა კამპანია "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში გაიმართა.