საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, დიდხანს იყო ჩრდილში. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, დიდხანს იყო ჩრდილში. ის "ფორბსის" მილიონრების სიაში წლების მანძილზე ისე ხვდებოდა, რომ მის გრაფაში მხოლოდ მისი სახელი და გვარი ეწერა.
ჩრდილიდან გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა 2005 წელს გადაწყვიტა და პირველი ინტერვიუ ჟურნალ "ფორბსს" მისცა.
პირველ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე და იმ წლებზე ისაუბრა, როცა ჭორვილადან თბილისში ჩამოვიდა. ბიძინა ივანიშვილის 10 წლისწინანდელ ინტერვიუს "რეიტინგის" არქივიდან გთავაზობთ.
- აქამდე საერთოდ არ თანხმდებოდით ინტერვიუებს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდით. რას უკავშირდებოდა ეს გასაიდუმლოება?
- მე მართლაც არ ვარ საჯარო ადამიანი, ეს ჩემს ხასიათს უკავშირდება. არ მიყვარს ჟურნალისტებთან შეხვედრა, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა, წვეულებებზე დასწრება. იქ ნიღაბი უნდა მოირგო, მე კი ვერ ვიტან ფორმალობებს.
ბუნებით მატერიალისტი ვარ, არ მწამს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის, თვით ცხოვრება კი მეტისმეტად ხანმოკლეა. არ მიყვარს ზეიმები, ჩემს დაბადების დღეებსაც კი არ ავღნიშნავ. არასდროს დამირღვევია კანონი, არც დასამალი მაქვს რამე.
უბრალოდ მშვიდად და უხმაუროდ მიყვარს საქმის კეთება. გაცილებით იოლია ბიზნესის წარმოება, როცა ნაკლებად იპყრობ ყურადღებას.
- გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, რუსეთში მართლაც დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ ყველა ბიზნესმენი თქვენსავით საზღვარგარეთ არ წასულა. როდის წახვედით უცხოეთში და რატომ?
- პირველად 1993 წელს წავედი რუსეთიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩემი ძმა გაიტაცეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, თანხას ითხოვდნენ. ერთი თვე ჰყავდათ დატყვევებული, მაგრამ თანხა არ გადამიხდია, რადგან ამ შემთხვევაში ანალოგიური რისკის ქვეშ მოვაქცევდი ჩემს მშობლებს, დებს. მერე საქართველოდან ბევრი ჩინოსანი ჩამოდიოდა, რომლებიც ცდილობდნენ ძმის პოვნაში დამხმარებოდნენ, თანამშრომლობას მთავაზობდნენ.
ჩემს ბიზნესში მათი შეშვება არ მსურდა, ამიტომ მათთან ურთიერთობას რომ მოვრიდებოდი, ფორმალურად ბანკ „როსკრედიტს“ ჩამოვშორდი. გამოვაცხადე, რომ პრეზიდენტის პოსტს ვტოვებდი და 1994 წელს ოჯახთან ერთად, ნახევარი წლით ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად. იმ დროს საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, უცხოეთში ცხოვრება უფრო მშვიდი ჩანდა. მე და ჩემი ცოლი ვფიქრობდით, შვილების გამო ღირდა უცხოეთში დარჩენა. ავირჩიეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონდა - საფრანგეთი. პარიზთან ახლოს სახლი ვიყიდეთ, თუმცა, მუდმივად იქ არ ვცხოვრობდით, ბიზნესის გამო, მოსკოვში ხშირად მიწევდა ყოფნა.