ლაშა ტალახაძისა და ანუკი დემურიას ცხოვრებაში სიახლეა - წყვილი პატარას ელოდება - მშობლები

ლაშა ტალახაძისა და ანუკი დემურიას ცხოვრებაში სიახლეა - წყვილი პატარას ელოდება

2018-11-15 10:54:36+04:00

"შეძლებისდაგვარად ვახერხებ სიურპრიზები გავუკეთო, თუმცა ის რასაც აკეთებს, ჩემს ძალებს აღემატება"

აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, პლანეტის უძლიერესმა სპორტსმენმა, რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, ევროპის სამგზის და მსოფლიოს აქამდე ორგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, სამი ოქრო მოიპოვა, შვიდი რეკორდი დაამყარა და მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ქვეყნის ყველაზე წარმატებული ძალოსანი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ანუკი დემურიაა. სწორედ, ანუკისთან ინტერვიუს ჩაწერის დროს შევიტყვეთ, რომ წყვილის ცხოვრებაში სიახლეა და მალე მშობლები გახდებიან.

- ანუკი, რამდენხნიანი ნაცნობობის შემდეგ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

- ბათუმში გავიცანი, თუმცა მანამ სოციალური ქსელითაც ვწერდით ერთმანეთს. ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ჩვენ იმდენად კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა თავიდანვე, რომ მალევე დავიწყეთ საუბარი ოჯახის შექმნაზე, მალევე გადავდგით სერიოზული ნაბიჯი. როგორც კი ცოტა დასვენების დრო გამოუჩნდა ლაშას, დავქორწინდით.

mshoblebi

- ისეთი წარმატებული სპორტსმენისთვის, როგორიც ლაშაა, რამდენად მნიშვნელოვანია მეუღლის მხარადაჭერა? ხშირად აღნიშნავენ, რომ სპორტსმენების ცოლობა არ არის ადვილი...

- ლაშა სულ დატვირთულია და ვარჯიშობს. თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. ბევრს მუშაობს, ძალიან იტვირთავს თავს, ყველაინაირ სიამოვნებაზე ამბობს უარს, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ღვთისმოშიში, ეკლესიური ადამიანია და რწმენა ძალიან ეხმარება წარმატების მიღწევაში. ყველა ხედავს, თუ როგორ მაქსიმალურად იხარჯება სპორტში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ხელი უნდა შევუწყო. ჩემი მხრიდან პრეტენზიები გაუმართლებელი საქციელი იქნება. სპორტსმენისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლის მხარდაჭერას.

mshoblebi

- თუ უყურებ ლაშას გამოსვლებს?

- სანამ შეყვარებულები ვიყავით, ვახერხებდი ყურებას. მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენით, ვეღარ ვუყურებ. ძალიან ემოციური მომენტია და ძნელია ჩემთვის თვალი ვადევნო იმას, თუ როგორ ეჭიდება საყვარელი ადამიანი მძიმე წონას.

- თვითონ რა რეაქცია აქვს ლაშას, შენ რომ ასე განიცდი მის ასპარეზობას?

- აქეთ მამაშვიდებს, მეუბნება, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. მეც ჩემი მხრივ, ვცდილობ, ნერვიულობა არ შემატყოს. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ერთმანეთს ვამხნევებთ.

- ეკრანიდან, საეთერო გამოსვლებიდან, ლაშა ძალიან უშუალო ადამიანი ჩანს, როგორც მეუღლე, როგორ დაახასიათებ მას?

- ძალიან მზრუნველი, თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი ადამიანია, მალე ბავშვს ველოდებით და კიდევ უფრო მომეტებულად ზრუნავს ჩემზე. თებერვლის ბოლოს მოევლინება ჩვენი პატარა ქვეყანას. სქესს არ გავამხელთ, საიდუმლოდ ვტოვებთ.

- სიურპრიზებით ხშირად განებივრებს, ყველაზე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ჟესტი მისგან რა გახსოვს?

- შეძლებისდაგვარად, მეც ვახერხებ სიურპრიზები გავუკეთო, თუმცა ის რასაც აკეთებს, ჩემს ძალებს აღემატება. ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი იყო, როცა დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშამ აღნიშნა, რომ ელარჯით ანებივრებ. შენი კოზირი ამ შემთხვევაში მეგრული სამზარეულოს კერძებია?

- სიმართლე გითხრათ, დიდი გამოცდილება არ მქონია, თუმცა, როცა ლაშა სახლშია, მისთვის კერძების მომზადება ჩემთვის პრობლემა არ არის. ხოლო, რაც შეეხება მეგრულ სამზარეულოს, ამას სხვა დატვირთვა აქვს, გენებში მომდევს და ალბათ ამიტომაც გამომდის განსაკუთრებულად გემრიელი მეგრული კერძები (იცინის).

რუსკა კილასონია