როგორ იხსენებენ გარდაცვლილ დედა-შვილს ნათესავები 15 ნოემბერს ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილ დედა-შვილს მისი ნათესავი სალო ტაბატაძე ფეისბუქზე სევდიანი პოსტებით ეხმაურება:
"სოფო სულ რაღაც 11 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. თითქოს ამ დღიდან დაიწყო გაუფერულება სხვისთვის ფერად სურათებში წარმოდგენილმა ცხოვრებამ. ის იმ ძლიერ სითბოს იყო მოკლებული, რომელიც დედამ შეუძლია შვილს მისცეს. ალბათ კეთილი შურით შურდა იმათი, ვინც დედისკალთაგადაფარებულ ოჯახში იზრდებოდა. მშობლის ხილვა სიზმარში კი ამ ჭრელობას კიდევ უფრო აღრმავებდა. ამ მწარე გამოცდილებას მოჰყვა ის, რომ ბავშვს ერთი წუთითაც კი არ ტოვებდა უყურადღებოდ.
ახლაც თვალწინ მიდგას მისი თბილი, სევდიანი და ზრუნვით აღსავსე თვალები. ნიკოლოზ, იცი, მოხუცმა ბებომ შენზე რა თქვა?! ერთი სული მქონდა, როდის ჩამომიყვანდა სოფო შენს თავს სოფელში, რათა შენს ლამაზ ფეხებს ჩემი პატარა ეზო დაელოცაო... სოფოს კი შვილს უწოდებდა, რადგან პირველივე დღიდან მიიღო ისე, როგორც მისი მე-5 შვილი. ახლა კი ის სიყვარული, რომელიც მის გულში ტრიალებდა, დარდსა და ვარამს მთლიანად გადაეფარა.
ამ სიტყვებმა თითოეულ ჩვენგანს თითოეული კუნთი აგვატკივა და ცხოვრების რაობაზე დაგვაფიქრა. ნათქვამია, ადამიანი გრძნობს სიკვდილის მოახლოებასო და პატარა ნიკოლოზსაც უგვრძნია ეს, რადგან წინა დღით მას მშობლების მოფერება დაუწყია, განსაკუთრებით კი მამას კოცნიდა, ეთამაშებოდა და ეალერსებოდა. ეს მისი გამომშვიდობება იყო.
გუშინ, როდესაც ექსპერტიზის შენობაში მივედი, დაქვრივებული კაცი წამლების ზემოქმედების ქვეშ დამხვდა, გათიშული იყო მისი არსება, მაგრამ ცრემლები ღაპაღუპით ასველებდა მის ღაწვებს. როგორ უნდა იცხოვროს მან? რისი იმედი უნდა ჰქონდეს? თურმე ოცნებობდა, რომ სახლში თვითონაც ყოფილიყო. ან კი რაღა უნდა ინატროს საყვარელ ქალ და ნანატრ შვილდაკარგულმა.....
ცივა, წვიმს, განსაკუთრებით დიდმა სიცივენ და წვიმამ კი ჩვენს ოჯახსა და მთლიანად სანათესაოში დაიდო ბინა. მე 15-მა ნოემბერმა მომკლა. რას იზამს ადამიანი, ასეთი დღეებიც არსებობს, როდესაც გგონია ვერ გადაიტან და გასაძლიერებლად საკუთარი არსების გაღვიძება გიწევს".
"ირგვლივ ბნელა, ჯერ ვერ გავრკვეულვარ არსებულ სინამდვილეში, მაგრამ ერთი ვიცი - მტკივა და თანაც ისე, რომ სიამოვნებით მივეგდებოდი ქუჩის რომელიღაც კუთხეში მარტოდმარტო და წვიმით დანამულ სახეს ჩემს სისხლნარევ ცრემლებს გავაყოლებდი. ჩემი არსება შეაძრწუნა გულმოკლული ქვრივის აუტანელმა ტკივილმა, რომელიც საყვარელი ქალისა და ნანატრი შვილის დაზიანებული სხეულების გამოსვენებას ექსპერტიზის შენობის წინ ელოდა. აუტანლად მძიმე სანახავია სახედახოკილი მოხუცი ქალი, რომელმაც უკვე აღარ იცის, გარდაცვალებულთა სხეული თუ ცოცხლად დარჩენილი ვაჟი იტიროს, რომელიც ამ ტრაგედიის შემდეგ გვამს დამსგავსებია.
იმდენად დაბნეული ვარ, მიჭირს დაჯერება, რომ ეს ნამდვილად ჩვენი ოჯახის თავს ხდება... სანამ ვიცოცხლებ, თქვენ სულ ჩემთან იქნებით".