მსოფლიო სპორტის ისტორიას ბევრი არ ახსოვს, რომ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორ ძმას ოქროს მედალი მოეგოს! "მსოფლიო სენსაცია:
ორი ძმა - ორი მსოფლიო ჩემპიონი!
მსოფლიო სპორტის ისტორიას ბევრი არ ახსოვს, რომ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორ ძმას ოქროს მედალი მოეგოს!
და ეს გააკეთეს ქართველმა ფალავნებმა - რაჭის პატარა, ულამაზესი სოფლის (ჩემი დედულეთის!) - პირველი ტოლის მკვიდრმა ავთო და ნიკა კენჭაძეებმა!
მსგავსი რამ მოხდა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე, როდესაც საქართველოს სახელით მოასპარეზე ზურაბ ზვიადაურმა და მისმა ბიძაშვილმა, ბერძნული დროშის ქვეშ მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურმა ოლიმპიური ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს!" - წერს ინტერნეტში გიორგი გიგაური. მართლაც, გუშინ ორი ძმა ჩემპიონი გახდა.
ამბროლაურელი ძმები ნიკოლოზ (79 კგ) და ავთანდილ (74 კგ) კენჭაძეები, რომლებიც საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
18 ნოემბერს, ბუქარესტში გამართულ 23 წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ავთანდილ კენჭაძემ ინდოელი პარვინ მალიკი (10:0), სლოვაკი ახსარბეკ გულაევი (3:0), თურქი მუჰამეთ აკდენიზი (10:0) და რუსეთის ნაკრების წევრი ტიმურ ბიჟოევი დაამარცხა (4:2). ფინალში ის რუმინელ მაქსიმ ვასილოღლოს შეხვდა და გაიმარჯვა.
ერთი დღით ადრე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ნიკოლოზ კენჭაძემ მოიპოვა. მერვედფინალში მან ბულგარელი ენგინ რაშიდ ისმაილი დაამარცხა (5:2), მეოთხედფინალში - რუმინელი ომარაშხაბ ნაჟმუდინოვი (7:0), ნახევარფინალში - იაპონელი იაჯურო იამასაკი (4:0), ფინალში კი რუს გაჟი ნაბიევს 3:0 სძლია.