"ყველაზე კარგი პაპა მსოფლიოში და გვერდით ჰყავდა ჩემი ბებო, რომელიც მას აღმერთებდა!" ანა კოშაძე ორი შვილის დედაა. ის ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს ბებოს დ პაპას მნიშვნელოვან როლს ბავშვების აღზრდის საკითხში და თავადვე იხსნებეს პაპას, რომელმაც ბავშვობა გაუფერადა. ჩანახატი ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
"ჩემი პაპა მსოფლიოში ყველაზე მაგარი პაპა იყო!
ჩემი ბავშვობის სიფერადე მისი დამსახურებაცაა. წლების განმავლობაში აღფრთოვანებით მიყვებოდა, როგორ ახარეს ჩემი დაბადების ამბავი. მოკლედ, მე ვიყავი “პაპას ქალი, ნატვრის თვალი”. 9 წლისას მამა მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა და ფიზიკური შრომა დაიწყო დედის და ორი პატარა დის სარჩენად. ხეზე მუშაობა ისწავლა და კარგი დურგალი დადგა. არა მარტო კარგი დურგალი, კარგი კაციც დადგა. ყველაზე მოვლილი ვენახი პაპას ჰქონდა, ყველაზე კარგი ღვინო პაპას ჰქონდა, ყველაზე ლამაზი სახლიც პაპას ჰქონდა, თავისი ხელით გამოთლილი კარ-ფანჯრით და ჩუქურთმებით.
სოფელი ჩემი დღესასწაული იყო და ეს დღესასწაული პაპას და ბებოს დამსახურება. ზაფხულში ჩემი დილა დილის 7 საათზე პაპასთან ერთად ძროხის გაგდებით იწყებოდა იმ ადგილამდე, სადაც ნახირი იკრიბებოდა. პაპას ძროხა, რა თქმა უნდა, ყველაზე სუფთა და მოვლილი იყო სოფელში. უკან დაბრუნებულები ვსაუზმობდით. ჩემი მენიუ სოფელში ძალიან მრავალფეროვანი იყო: ახალგამომცხვარი ხაჭაპური, ცივი ხაჭაპური, გაფიცხებული ხაჭაპური, ყველი და პური ან კარაქიანი პური. კვირაში ერთხელ ბებო გამოუცხადებდა პაპას, ბავშვს ქათამი დავუკლათო, შემდეგ საათობით მეხვეწებოდნენ სულ ცოტა ქათმის ხორცი მაინც მეჭამა. არასდროს მიჭამია, მაგრამ ბებო მაინც შეუპოვრად ყოველ ზაფხულს, ორი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ამბობდა, ბავშვს ქათამი დაუკალი ხვალ, გოგი. პაპაც მორჩილად ასრულებდა ბებოს თხოვნას. თვითონ გემრიელად მიირთმევდნენ და იმ ქათმების ცოდვა კი მე დამაწვა კისერზე.
მერე სამუშაოდ მივდიოდით მე, პაპა, ტობი და არაბია. სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ყველაზე მოვლილი ცხენი და ჭკვიანი ძაღლი პაპას ყავდა. ტობის და არაბიას მეგობრობის ამბავი ჩვენს სოფელს სცდებოდა. შეაბამდა არაბიას ურემში, ამ დროს ტობის უკვე გვერდულად გადმოეგდო ენა და სიხარულისგან ქაქანებდა. მე არაბიას უნაგირზე მოვექცეოდი და დუბეს (ასე ჰქვია იმ ადგილს სადაც პაპას ერთ-ერთი ნაკვეთი ჰქონდა) გზას გავუდგებოდით. ბებოს გამოტანებული საგზალი ურემზე გვედო. აბა თუ გამოიცნობთ რა? ყველი და პური. დღემდე ამოუცნობია ჩემთვის, რითი ვერთობოდი 5 წლის ბავშვი საათობით დუბეში. დაბრუნების დრო რომ მოვიდოდა, თივით კარგად დატვირთულ ურემზე შემასკუპებდა პაპა. მანამდე ნაჭერს სათუთად გადააფარებდა თივას რომ არ დავეკაწრე. აი ამ დროს კი სამყაროს მბრძანებელი მეგონა თავი, თითქოს ოქროთი დატვირთულ აქლემების ქარავანს მოვუძროდი. გზაში პაპა ფეხით მოდიოდა და ახალ კაკალს “მიკუჭავდა”- “შენ არა, პაპი. ხელები გაგიმწვანდება, მე გაგირჩევ.” საღამოს ისევ ნახირს ვხვდებოდით ფაქიზოს წამოსაყვანად. გზაში ჯოხებს მითლიდა. ოჰ, რა ამაყად მივყვებოდი უკან, ხუმრობაა ყველაზე ლამაზი ჯოხი რომ გაქვს სოფელში.
ალბათ არ არსებობს პაპა ვინც შვილიშვილს კვერცხს დაადებინებს. აი ჩემი პაპა კი მადებინებდა. სახელოსნო, სადაც ხეზე მუშაობდა, სავსე იყო ნახერხით და ბურბუშელით. ჰოდა, პერიოდულად, მე იქ კვერცხს ვდებდი. პაპა ხელით ააფუმფულებდა ნახერხს და საქმიანი სახით მეტყოდა დაიწყეო. მეც ჩავჯდებოდი ნახერხში და კაკანს ვიწყებდი, უცებ შემაწყვეტინებდა და ხელით მოსინჯავდა, არა არ დევსო. მე კაკანს ვუმატებდი და ბოლოს კაკანისგან აწითლებულს ღიმილით მაჩერებდა და ბურბუშელიდან ჩემს დადებულ კვერცხს ამოაძვრენდა. რამდენჯერმე განსაკუთრებით კარგად ვიკაკანე და ორი კვერცხი დავდე.
ასეთი იყო ჩემი პაპა, ყველაზე კარგი პაპა მსოფლიოში და გვერდით ჰყავდა ჩემი ბებო, რომელიც მას აღმერთებდა!"
თეკლა ჟვანია
დაათვალიერეთ ანას სახლი თბილისის გარეთ, სადაც ოჯახური სიმყუდროვე იპოვა
ანა კოშაძე პირველკლასელ შვილზე: „ჩემი შეცდომა იყო, ეს არ უნდა ენახა ტასოს“