17 წლის მძღოლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდად გახდა თბილისი და მთელი საქართველო შეძრა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ - 27 ნოემბრის საღამოს 3 შვილის მამამ, გოგა ჯულუხიძემ, შვილები: 10 წლის ლიზი, 6 წლის რეზი და წლინახევრის ტასო, ლისის ტბასთან სასეირნოდ წაიყვანა. რამდენიმე წუთის მისულები იყვნენ, როცა იმ ადგილას, სადაც ავტომანქანები არ მოძრაობენ და ყველაზე დაცულად ითვლება, "მერსედესის" მარკის ჯიპი შევარდა და პატარა ტასო ჰაერში აისროლა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა ("დაუდევარი მძღოლის გამო, მამის და და-ძმის თვალწინ დაიღუპა" - ტრაგიკული შემთხვევა ლისზე).
როგორც ცნობილია, მანქანას არასრულწლოვანი გოგონა მართავდა. გვერდით კი ახალგაზრდა მამაკაცი ეჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
არსებული ინფორმაციით, 17 წლის მძღოლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდად გახდა, რის გამოც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტრაგედიის შესახებ, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრეს ჯულუხიძეების ოჯახის ახლობლებმა და ავარიის შესახებ ახალი დეტალებიც გააჟღერეს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
მარიტა დამენია, ოჯახის ნათესავი:
"ტასოს მშობლებს ჯერ სახელიც კი არ უკითხავთ იმ გოგოსი, ვინც ბავშვს დაეჯახა. ერთი, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ციხის საავადმყოფოში ჰყავდათ. ოჯახს ჯერ სამართალდამცავებიც არ აწვდიან ინფორმაციას. ასეთ დროს ალბათ ასე ხდება - არ ეუბნებიან, ვინ ჩაიდინა ეს. როგორც ვიცით, ეს გოგო არის 17 წლის და მანქანაში შეყვარებულთან ერთად იჯდა.
- ბიჭი მანქანის მართვას ასწავლიდაო, ითქვა...
- დიახ, მაგრამ თავად ბიჭს ჰქონდა თუ არა მართვის მოწმობა, ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, ისიც ასევე პატარაა ასაკით და მანაც არ იცოდა მართვა წესიერად. მანქანა ახალი ჩამოყვანილია საქართველოში, რადგან ჯერ კიდევ ტრანზიტულნომრიანი იყო. გადაუფორმებელი მანქანით ავიდნენ ლისის ტბაზე, როგორც ჩანს, სეირნობდნენ. სავარაუდოდ, ამ გოგონამ საერთოდ არ იცოდა მართვა და გაზისა და მუხრუჭის სატერფულები აერია. განაგრძეთ კითხვა