ინტერნეტმომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ ვიდეოს ინტერნეტმომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ ვიდეოს, სადაც მამაო ჯვრისწერისას სასიძოს საკმაოდ უხეშად ექცევა. ზოგადად, სოციალური ქსელისთვის უცხო არ არის სასულიერო პირების გამაღიზიანებელი ქცევის ამსახველი ვიდეოები, რომლებსაც ლანძღვის კორიანტელი მოჰყვება ხოლმე. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ღვთისმეტყველების მაგისტრს, მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია).
- სარწმუნოებამ ადამიანს ასწავლა სიყვარული, რისი შენახვა, დამარხვა, დაცვა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს ვიდეო, რაზეც თქვენ დასვით კითხვა, არის ძალიან ძველი და საჩვენებელი იმისა, თუ თუ როგორი პასუხისმგებლობაა მოძღვრის მისია და როგორი სიყვარულით უნდა ვექცეოდეთ ჩვენთან მოსულ მრევლს. კითხვა არ ისმის ასე: - ჩვენ რა მოგვწონს, არამედ კითხვა ისმის შემდეგნაირად: - მოვწონვართ ჩვენ? ან ჩვენი ქმედება მისაღებად ესახებათ? სასულიერო პირი არა მხოლოდ მისი ახლობლებისთვის, გარშემომყოფთათვისაც მაგალითი უნდა იყოს. ჩვენი ნებისმიერი სიტყვა, საქმე, თვალისმიერი ხედვა გაწონასწორებული და ღვთის მცნებებით გაჯერებული უნდა იყოს. მრევლისთვის გასაგები, შესაძლოა უცხოსთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს. მღვდელი მხოლოდ მრევლისთვის არ ცხოვრობს, ის მოციქულეობრივი მადლის მატარებელია და უფალმა მოსაქცევ ადამიანთა სულიც ჩააბარა.
ჩვენ რა მოგვწონს და რა არა, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. მამაოს ქმედებამ ვიღაც გააცინა, ვიღაცაში დაცვითი ინსტიქტი აამოქმედა (ვინც იცნობს პირადად და უყვარს), ვიღაცაში გაღიზიანება გამოიწვია, რადგან სიძის ადგილას საკუთარი თავი წარმოიდგინა, ვიღაცას საერთოდ არ აინტერესებს ეკლესია, მღვდელი და ყველას კრიტიკას რიხიანად შეუერთდა. ერთმა ვიდეომ ადამიანებში სხვადასხვა ასოციაცია გამოიწვია. ჩვენ კი, სასულიერო პირებს, მეტი ყურადღება მოგვეთხოვება ჩვენს ქმედებებში. ნებისმიერს შესაძლოა მსგავსი თუ არა სხვა კუთხით მოსდის შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების გამართლება დაუშვებელია, როდესაც საჯარო განსჯის საგანი ხდება, საჯაროდვე უნდა ვითხოვოთ პატიება, რადგან ადამიანები ჩვენს გულსა და სინანულს ვერ ხედავენ, რის გამოც დაბრკოლების საგნად ვიქეცით. მოვლენებს ყოველთვის ისე ზუსტად სინამდვილეში როგორც იყო, ვერ აღვიქვათ. უფრო მეტად ვაკნინებთ პიროვნებას.
ჯვრისწერისთვის ოქროს ბეჭედი ჯობია თუ ვერცხლის - ყველაფერი ნათლობისა და ჯვრისწერის ნივთებზე
ერთია შეგნებული შეცდომა, მეორე შეგნებული განადგურება შემცოდის. შემცოდეზე მეტად გულღრძო მაგინებელი სცოდავს, რომელშიც ამ ქმედებამ ადამიანის ცემის სურვილი გამოიწვია. წმინდა წერილი და ეკლესიის მამათა მოძღვრება სასულიერო პირს განსაკუთრებულ მოკრძალებას სთხოვს, მიუღებელია ნებისმიერი ძალისმიერი აქტივობა: დარტყმა, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა, საიდუმლოს ასრულებს იგი თუ არა. ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა ვისწავლოთ დგომა, სიარული, ჯდომა, სუნთქვა ისეთი სახით, რომ უძრავ ქვებშიც სიყვარულს ვიწვევდეთ. როგორ გავიგებთ ვუყვარვართ თუ არა სხვებს? პირველ რიგში ჩვენს სინდისს უნდა ჩავხედოთ და ის გვიპასუხებს, რამდენადაც მოსიყვარულე ვართ ღვთის მცნებებისადმი, იმდენადვე დაეშვება მადლი ადამიანებზე ჩვენი გულიდან. ისინი აუცილებლად შეგვიყვარებენ. ეს არ ნიშნავს, რომ არავინ გაგლანძღავს, თუ მოუნდებათ ქრისტეს მსგავსად გვემას არ დაგაკლებენ, უდანაშაულოდ საწამებლად გოლგოთასაც მოგიმზადებენ, მაგრამ შენ მაინც სიყვარულს უნდა ასხივებდე.
შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვის დროს?
ქრისტეს მოწაფეობა, მის შვილად წოდება, ძეობა სწორედ მართალ ცხოვრებას გულისხმობს. ნუ გავხდებით ისეთი ადამიანები რომ სხვებს დასჭირდეთ ცხვირწინ ყვირილი- გამოსწორდი! მსგავს ქმედებას მოსაწონი არაფერი აქვს, თუმცა ვფიქრობს, ამ ქმედების გამო საკმარისი კრიტიკა და ლანძღვა მიიღო მამაომ, რაც იგივე კატეგორიაში გადის და არაფრით სხვაობს პირველისგან. ადამიანებს მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთისადმი. ერთმა არასწორმა ქმედებამ შესაძლოა ჩვენს გარშემო ყველაფერი შეცვალოს და მოგვაყენოს ტკივილი, ტანჯვა, ლანძღვა, მაგრამ თუ სიყვარულს დავთესავთ ჩვენს გარშემო ისეთი ადამიანები შემოიკრიბებიან რომელნიც ამ ნაყოფს აუცილებლად მიიღებენ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მით უფრო უფლის მცნებებს. უფალი ისე უნდა შევიყვაროთ, რომ მან დაგვიცვას ყველაფრისგან! ჩვენი ჭრილობები ჩვენვე უნდა განვკურნოთ, შეცდომების გადაფარცვა მხოლოდ სინანულით არის შესაძლებელი. ღმერთმა შეგვაძლებინოს ერთმანეთის სწორად შეყვარება!
თეა ცაგურიშვილი